ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქართულმა ონლაინ-პლატფორმა Phubber-მა ახალი ინვესტიცია მოიზიდა. WhatsApp-ის ერთ-ერთმა მთავარმა დეველოპერმა და მეწილემ იუჟინ ფუქსმანმა, GITA-მ და საქართველოს ბანკმა საბოლოო ინვესტიციის სახით კომპანიას 700 000 ლარი გადასცა, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, Phubber-ს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება. 


Phubber ქართულ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდ ონლაინ-მაღაზიას წარმოადგენს. დღეს კომპანია გლობალურ ბაზარზე განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს და რეგიონის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ათვისებას ისახავს მიზნად. სტარტაპის დამფუძნებლის, ანანო დოლაბერიძისა და მისი პარტნიორის,  გიორგი ჩუგოშვილის თქმით, ისინი ახლო მომავალში საქართველოს ფარგლებს გარეთ 25 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებლის მოძიებას გეგმავენ. 



კომპანიის განვითარებისა და ავტომატიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ახალი ინვესტორის გამოცდილებასაც უჭირავს, რაც,  როგორც ბიზნესის მართვისა და ტექნიკური უნარების კუთხით, ისე დიდ მასშტაბებზე მუშაობისა და ახალი კონტაქტების დამყარების მიმართულებითაც გადამწყვეტია.