პანდემიით გამოწვეული საყოველთაო იზოლაციის პერიოდში  Animal Crossing-ის სიმულაციურ ვიდეოთამაშებს რთული დღეებისა და  დროის გასაყვანად   უამრავი ადამიანი მიაწყდა. თამაშების პოპულარობის ზრდასთან Animal Crossing-ის ვირტუალური სივრცე სახელოვნებო შოუების ჩვენების თუ პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის საშუალებად იქცა.  თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი - ცოტა ხნის წინ  Animal Crossing-ისა და პიტსბურგის ენდი უორჰოლის მუზეუმის კოლაბორაციის შესახებ გახდა ცნობილი.


ენდი უორჰოლის მუზეუმთან თანამშრომლობის შედეგად, Animal Crossing-ის მომხმარებლებს  საშუალება აქვთ თავიანთ ეკრანებზე უყურონ  უორჰოლის პირველ კომერციულად წარმატებულ ექსპერიმენტულ ფილმს, რომელიც ამერიკული ავანგარდის ნათლიმამად წოდებულმა იონას მეკასმა უორჰოლის ყველაზე ამბიციურ ნაწარმოებად მოიხსენია. ფილმის ახალი კოლაბორაციული ვერსიის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ეს ინფორმაცია თამაშის ერთ-ერთმა მომხმარებელმა Twitter-ზე გაავრცელა. ფილმი, ორიგინალური ვერსიის მსგავსად, ორმაგი ეკრანით არის წარმოდგენილი, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ახალი კოლაბორაციული ვერსია  რამდენად განსხვავდება ფილმის ორიგინალური ვერსიისგან.  


ფილმის ორიგინალური ვერსია, რომელიც 12 მონაკვეთისგან შედგება, პერსონაჟების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ცნობილი სასტუმრო “ჩელსის” მობინადრეები არიან. მათ აერთიანებთ საერთო სასოწარკვეთილება, ტრაგიზმი, სირთულეები. წინ არის წამოწეული სილამაზის, სექსის, ნარკოტიკებისა და შიშის თემები. „ჩელსის გოგონებში“ რეალურსა და არარეალურს შორის გამყოფი ხაზი წაშლილია, პერსონაჟები არა სხვის, არამედ საკუთარ ცხოვრებას თამაშობენ.