ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, გალენუსის მიერ ჩამოყალიბებული ოთხი ტემპერამენტი ინსპირაციად იქცა იტალიელი ვიდეოარტისტის, მარკო ბრამბილასთვის. მის ვიდეოინსტალაციაში ოთხივე ტემპერამენტს მხოლოდ ერთი ადამიანი - ქეით ბლანშეტის პერსონაჟი განასახიერებს.



სანგვილიკურ, ქოლერიკულ, ფლეგმატიკურ, მელანქოლიკურ  ბუნებას ბრამბილა, შესაბამისად, ყვითელი, წითელი, ლურჯი და მწვანე ფერებით გვიჩვენებს. ოთხი სხვადასხვა ტემპერამენტის ერთ ადამიანში არსებობა კი უფრო მეტად მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის ბრამბილას ვიდეოინსტალაციას.



ქეით ბლანშეტის მიერ განსახიერებული ოთხი სხვადასხვა ადამიანი ინსტალაციაზე  ქაოსურად ენაცვლება ერთმანეთს,  სიტყვებით “I love you”, “I don’t love you”. საბოლოო ჯამში, ერთ ადამიანში აღმოცენებული ოთხი ბუნება, შესაბამისი ოთხი ფერითა და მხოლოდ ორი, ერთმანეთის საპირისპირო წინადადებით, მაყურებლისთვის, მიმზიდველთან ერთად, საკმაოდ ამაღელვებელი და ემოციურია.



“ვფიქრობ , რომ ხელოვნებას ადამიანებთან ურთიერთობა მუზეუმისა და გალერიის კედლებს მიღმაც მოუწევს, - ამბობს ბრამბილა.  - ვირტუალურად ჩვენ ნამუშევრების განთავსება ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია. ზოგ შემთხვევაში კი ეს შეიძლება იმაზე ძლიერიც აღმოჩნდეს, ვიდრე ტრადიციული სამუზეუმო ინსტალაცია”.



“ოთხი ტემპერამენტის” პრემიერა 11 სექტემბერს, ბერლინის Michael Fuchs Gallery-ში გაიმართა. ინსტალაცია 14 ნოემბრამდე იქნება წარდგენილი, თუმცა მის ხილვას მაყურებელი ვირტუალურადაც, აპლიკაციის საშუალებით შეძლებს.