ლეგენდარული იაპონელი ანიმატორისა და Studio Ghibli-ს თანადამფუძნებლის, ჰაიაო მიაძაკის რეტროსპექტული გამოფენა ლოს-ანჯელესში, Academy Museum of Motion Pictures-ში გაიმართება. გამოფენაზე მიაძაკის ცხოვრებასა და კარიერასთან დაკავშირებული 300-მდე ნივთი იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნაწილის ხილვაც აქამდე მხოლოდ იაპონიაში იყო შესაძლებელი.
გამოფენის გრანდიოზული გახსნა 2021 წლის 30 აპრილს იგეგმება, რომლის ფარგლებში, გარდა მიაძაკის მიერ ხელით შედგენილი სცენარის, დიზაინისა და პოსტერებისა, წარმოდგენილი იქნება 256-გვერდიანი კატალოგი, რომელიც მკითხველს “რეჟისორის არაორდინალური კინემატოგრაფიული სამყაროს მეშვეობით ილუსტრირებულ მოგზაურობას” ჰპირდება. კატალოგი მოიცავს მასალას მიაძაკის ადრეული სატელევიზიო ნამუშევრებიდან და 11 მხატვრული ფილმიდან, მათ შორისაა: “My Neighbor Totoro”, “Castle in the Sky”, “Ponyo” და “Spirited Away”.
“მიაძაკის გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას აქვს ძალა დაიმახსოვროს ის, რასაც ხედავს. ის თითქოს გონების უჯრებს აღებს, მათგან ვიზუალური მეხსიერება გადმოაქვს და პერსონაჟებს, ლანდშაფტებსა და ნაგებობებს საოცარი ორიგინალურობით ქმნის. იმედი, რომ ვიზიტორებს ექნებათ საშუალება, ამ გამოფენის მეშვეობით მიაძაკის შემოქმედებითი პროცესის სრულ მასშტაბებს გაეცნონ”, - ამბობს Studio Ghibli-ს თანადამფუძნებელი და პროდიუსერი ტოშიო სუძუკი.
გამოფენასთან ერთად მუზეუმის კინოთეატრებში ჰაიაო მიაძაკის ფილმების ჩვენება ინგლისურ და იაპონურ ენებზე გაიმართება.
დაწერე კომენტარი