მაკოტო შინკაი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იაპონელი რეჟისორია, რომელსაც თავისი გენიალური ნამუშევრების გამო „ახალ მიაძაკისაც“ უწოდებენ. მის შემოქმედებას, რომელიც განსაკუთრებული ესთეტიკურობითა და სიუჟეტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია იაპონური ანიმაციის ისტორიაში.
მაკოტო შინკაი 1973 წლის 9 თებერვალს იაპონიაში, ნაგანოს პრეფექტურაში დაიბადა. ადრეული ასაკიდანვე იყო გატაცებული ლიტერატურით, შემდგომ კი ჩუიოს უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც იაპონური ლიტერატურის შესწავლა დაიწყო.
როდესაც ერთ-ერთ კომპანიაში ციფრული დიზაინის მიმართულებით მუშაობდა, გადაწყვიტა, პარალელურად ანიმაციების შექმნაც ეცადა და 1998 წელს გამოვიდა კიდეც პირველი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი - „Surrounded World”, ერთი წლის შემდეგ კი „She and Her Cat” - ერთ-ერთი ცნობილი 5-წუთიანი ნამუშევარი მისი მოღვაწეობის ადრეული პერიოდიდან. 2002 წელს გამოშვებული “Voices of a Distant Star” კი პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაა, რომელიც კინოთეატრებში აჩვენეს
მისი შემოქმედება არც კარიერის
დასაწყისში დარჩენილა უყურადღებოდ - 2004 წელს გამოსულმა ანიმაციამ „The Place Promised in Our Early Days” ცნობილი კინოდაჯილდოების - Mainichi Film Awards-ის საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ყველასათვის ნაცნობი ემოციებისა და ესთეტიკის ნაზავი შინკაის შემოქმედების მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს - ესთეტიკურად დახვეწილი სიუჟეტი, რომლის თითოეული პერსონაჟის შეგრძნებებიც მაყურებლისთვის ძალიან ახლო და ნაცნობია. „5 Centimeters Per Second” სწორედ ის ანიმაციაა, რომელშიც შინკაი ადამიანთა შორის არსებულ ურთიერთობებს ცალსახად და ამასთან, განსაკუთრებული მშვენიერებით ქმნის.
“თინეიჯერებს უზარმაზარი იდეალები აქვთ სიყვარულის შესახებ, რაც აბსოლუტურად არარეალურია, თუმცა მე მსურს, რომ ადამიანებს იმედი მივცე“, - ამბობს ის. „არ ვცდილობ, ვაჩვენო, თითქოს ბედისწერა არსებობს ან ოცნებები ხდება, მე მხოლოდ იმის ჩვენება მსურს, რომ არსებობს ხვალინდელი დღე. ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც ფიქრობთ, რომ სურვილი არ შეგისრულდებათ, ის ცდად მაინც ღირს, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ხვალ. უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ზრუნვით კი შეგვიძლია დღევანდელი დღე გავხადოთ უკეთესი“.
მაკოტო შინკაის შემოქმედებაზე საუბარი შეუძლებელია მისი 45-წუთიანი ანიმაციის - “The Garden of Words”-ის გარეშე. ეს არის მორიგი არაორდინარული, საოცარი ოსტატობით შექმნილი ამბავი, რომლის ერთ-ერთ მთავარი გმირი წვიმაა - წვიმა, რომელიც სიუჟეტის განუყოფელი ნაწილია როგორც შინაარსობრივი, ისე ესთეტიკური კუთხით. ამბის უმეტესი ნაწილი წვიმიან ამინდში ვითარდება, რაც, თავის მხრივ, პერსონაჟების განწყობასა და სიუჟეტის განვითარებას უკავშირდება - წვიმის ინტენსივობა ემთხვევა პერსონაჟთა შორის არსებულ პრობლემებსა და გადალახულ ბარიერებს, რითაც საბოლოოდ იკვრება სიუჟეტი, რომელშიც ბუნება და ადამიანის ცნობიერება ამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან. გარდა ამისა, ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ისტორია კარგი ან ცუდი დასასრულით - მისი გენიალურობა სწორედ ისაა, რომ გადაჭრით ვერ იტყვი, როგორ დასრულდა ამბავი და როგორ აჯობებდა, რომ დასრულებულიყო.
შინკაის შემოქმედების კიდევ ერთი ხიბლი მომავლის უცნაური ბუნდოვანებაა, რომელიც სავსეა მრავალი შესაძლებლობით და რომელსაც ვერასდროს ვიწინასწარმეტყველებთ. მისი პერსონაჟები მუდმივი ძიების პროცესში არიან, ყოველი მათგანი საკუთარ სიცარიელესთან ერთად არსებობს და ეძებს იმას, რაც ამ დანაკლისს შეავსებს. ამგვარი თემატიკითაა შექმნილი ანიმაცია „Your Name” (2016), რომელიც იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის შემოქმედების მაგიური რეალიზმის ინსპირაციით შეიქმნა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციაა იაპონიის კინემატოგრაფიის ისტორიაში. შთამბეჭდავი სილამაზითა და ემოციებით დატვირთული სიუჟეტი ცოტა ხნით მაკოტო შინკაის ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ, სადაც, ადამიანთა კომპლექსურ შეგრძნებათა ნაკადში, აუცილებლად იპოვით თქვენთვის ახლობელ განცდას.
დაწერე კომენტარი