ბუნებრივია, რომ არქიტექტორებს ყოველთვის არ ეძლევათ შანსი ბოლომდე წარმოადგინონ თავიანთი ხედვა. მათი სახლები კი ის ექსპერიმენტული სივრცეა, სადაც შეუძლიათ მოსინჯონ ახალი იდეები. უმეტესად, სახლები მათი ყველაზე ნაკლებად ცნობილი ნამუშევრებია, თუმცა ხანდახან  ყველაზე მნიშვნელოვანიც. სწორედ ეს შენობები არქიტექტორებზე უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის და მათ ცხოვრების სტილზე დეტალურად მოგვითხრობს. 

ალბერტ ფრეი - პალმ სპრინგსი, კალიფორნია




შვედეთში დაბადებულმა არქიტექტორმა კარიერა პალმ სპრინგში სახლების დიზაინს მიუძღვნა და მოდერნიზმის თავისებური მიდგომაც დანერგა, რომელსაც “უდაბნოს მოდერნიზმი” ეწოდება. როდესაც სახლი აშენდა, ირგვლივ ერთადეთი შენობა იყო და ამის გათვალისწინებით, სახლის დიზაინს მინიმალური გავლენა უნდა ჰქონოდა გარემოზე. მისი ყველაზე ცნობილი დეტალია, კლდის ნაწილი, რომელიც ინტერიერში მისაღების და საძინებლის გამყოფია.

ფილიპ ჯონსონი - ნიუ ქანაანი, კონექტიკუტი





მინიმალისტური გამჭვირვალე სახლი, მოდერნიზმის იდეების განსახიერებაა.
სახლი სხვებისგან გამორჩეულია, რადგან არცერთი კედელი არ აქვს. ფასადი ოთხივე მხრიდან შუშისაა, ხოლო ინტერიერიც ერთი მთლიანი ოთახია. შენობა ღია გეგმარების ახალი ეტაპს გვაჩვენებს, რომელშიც სივრცეები მხოლოდ კარადებით იყოფა. 50 წლის განმავლობაში არქიტექტორი აქ ცხოვრობდა და ამ ტერიტორიაზე კიდევ სხვა 14 შენობა ააშენა.  

ჩარლზ და რეი იამსები - ლოს- ანჟელესი, კალიფორნია





სახლი თავიდაპირველად Case Study Houses-ის ფარგლებში შეიქმნა, სადაც არქიტექტორებს საშუალება ჰქონდათ გამოეცადათ თავიანთი ხედვა და სამშენებლო ტექნიკა.  წყვილის ეს წამოწყება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ თვითონ გადავიდნენ საცხოვრებლად. სახლი ორი მსგავსი შენობისგან შედგება, რომელიც მეორე სართულზე უკავშირდება ერთმანეთს. ერთი ჩარლზის და რეის საცხოვრებელი იყო, მეორე მათი სამუშაო სტუდია. სივრცეები ორივე შენობაში მარტივად ერწყმის ერთმანეთს.  სახლი ისევეა შენარჩუნებული, როგორც მათი ცხოვრობის პერიოდში და შემონახულია  წლების მანძილზე შეგროვებული მათივე ნივთებიც.  

 

ლუი ბარაგანი  – მეხიკო სითი, მექსიკა





ლუი ბარაგანის სახლი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია და მოდერნისტული მექსიკური არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუში. სახლი მოდერნიზმის და მექსიკური არქიტექტურის ბალანსს გამოხატავს თავისი, მარტივი ფორმებით, დიდი სივრცეებით და მკაფიო ფერებით. უხვად გამოყენებული ფერების მიუხედავად, მექსიკელი არქიტექტორის ნამუშევრებს ხშირად მინიმალისტურად მოიხსენიებენ. ბარაგანის სახლის ფერადი აურა ბეტონის მკაცრი ფასადის მიღმა იმალება. 

 

ოსკარ ნიმეიერი - რიო დე ჟანეირო, ბრაზილია





ბრაზილიელი არქიტექტორის თანამედროვე სახლი ადგილის ბუნებრივ ქვებს ლანდშაფტისა  და სახლის არქიტექტურაში იყენებს.  სახლი მუდმივად ჩრდილშია განთავსებული, ფარდა არ სჭირდება და ამიტომ ხშირად გამჭვირვალედ ახასიათებენ. თხელი ბეტონის სახურავი და ნატურალური ქვები საინტერესო კომპოზიციას ქმნის. ნიმეიერამდე ბეტონი უხეშ მასალად აღიქმებოდა, თუმცა ბრაზილიელმა არქიტექტორმა მისი მომრგვალებული ფორმებით სულ სხვა შესაძლებლობები გამოავლინა.

ფრანკ გერი - სანტა მონიკა, კალიფორნია 





„დეკონსტრუქტული არქიტექტურის“ მაგალითი, სახლი ტრადიციულ გარეუბნის მშენებლობებს ეჭვის ქვეშ აყენებს. თუმცა სხვებისგან განსხვავებით, არქიტექტორმა არსებული შენობა შეიძინა და გადააკეთა. საბოლოო შედეგი თავდაპირველი სახლის ნიდერლანდური  კოლონიალიზმის სტილის და ფრანკ გერის დიზაინის შერწყმა აღმოჩნდა. არსებულ სახლს რაღაც ნაწილები შეუნარჩუნდა, თუმცა დიდი ნაწილიც დაემატა გარშემო. მიუხედავად ფასადის შენარჩუნებისა, ირგვლივ მდგარი შენობებისგან სრულიად განსხვავდება, რადგანაც სახლს არქიტექტორის სპეციფიკური სტილი გამოარჩევს. 

ოსკარ ნუტრა - ლოს-ანჟელესი, კალიფორნია 




ნუტრა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მოწინავე არქიტექტორია, რომელმაც სამხრეთ კალიფორნიაში მოდერნიზმის დანერგვაში მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა. თუმცა, ნუტრამ შვილის დახმარებით ხელახლა დაიწყო მშენებლობა. სახლის პირველადი ელემენტები ისევ ისე ააშენეს, თუმცა დიდი ნაწილი შეცვალეს. “საერთაშორისო სტილის” ნამუშევარი 60-იანი წლების მოდერნისტულ შენობად აქციეს. შედეგად, სახლი VDL Research House II-ით არის ცნობილი. 

ჟან ფრუვე - ნენსი, საფრანგეთი





თვითნასწავლი არქიტექტორი და დიზაინერი უფრო მეტად თავისი ავეჯითაა ცნობილი. ფრანგი არქიტექტორის გამოყენებული მასალები - მეტალი, ხე და ალუმინი - განსხვავდებოდა ფრანგული შენობებისგან, რომლებიც უმეტესად ბეტონით და ქვით იყო ნაშენები.  შენობა ასევე მოწინავედ ითვლება სამშენებლო ტექნიკის კუთხით, რომელიც წინასწარ დაჭრილი მასალების ადგილზე აწყობას გულისხმობს.

ლინა ბო ბარდი - სან პაულო, ბრაზილია 





ლინა ბო ბარდი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.  იტალიელი არქიტექტორის პირველი ნამუშევარი უცხო მიწაზე სწორედ ეს სახლი იყო, რომელიც თავისთვის და თავისი მეუღლისთვის ააშენა. სახლი მორუმბის უბანში, ტროპიკული ტყის გარემოცვაში, ბრაზილიური მოდერნიზმის მნიშვნელოვანი ნამუშევარია. სახლში მრავლადაა ეკლექტური ნივთები, სკულპტურები, და იტალიური ბაროკოს ნახატები. 

მასიმილიანო და დორიანა ფუკსას - პარიზი, საფრანგეთი





იტალიელი არქიტექტორების პარიზის სახლი მინიმალიზმით გამოირჩევა. ისინი თავიანთ სახლს ისე აღწერს, როგორც თეატრის სცენას,  სადაც საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას თამაშობენ. “სივრცე არის ნამდვილი ფუფუნება”, - როგორც მასიმილიანო ამბობს. სახლის თანდაყოლილ უზარმაზარ ბუხარს პასტელური ფერები და Jean prouvé-ს ავეჯი ამშვენებს. 

დევიდ ჩიპერფილდი - ბერლინი, გერმანია





ბრიტანელი არქიტექტორი მაშინ გადავიდა ბერლინში საცხოვრებლად, როდესაც Neues მუზეუმის აღდგენა შესთავაზეს. პროექტის დამთავრების შემდეგ არქიტექტორი იქ დარჩა. მოდერნისტული მინიმალიზმი სახლში იგრძნობა ცარიელი ბეტონის კედლებითა და სივრცის სიმარტივით. თუმცა, ამ მინიმალიზმს 50-60-იანი წლების იტალიური ავეჯი ამშვენებს, რომელშიც მხოლოდ ორი ფერი სჭარბობს - ხავერდის დივნის მწვანე და წიგნების კარადის ნარინჯისფერი.