ცივი ალპებით შემორტყმულ ტყეში ჩაკარგული ნოინშვანშტეინი (Neuschwanstein), მეორენაირად კი “ახალი გედის სასახლე”, ბავარიის არქიტექტურაში ერთ-ერთი თუ არა, ყველაზე ცნობილი, ვიზუალურად გამორჩეული და თანამედროვე კულტურისთვის შთამაგონებელი ნაგებობაა. მე-19 საუკუნეში ახალგაზრდა ბავარიელი მეფის, ლუდვიგ მეორის, დაჟინებული მოთხოვნით აშენებული სასახლე ასოციაციურად ზღაპრული ფენტეზისა და მაგიური რეალიზმის ფრაგმენტს მოგვაგონებს.
თეთრი ფერის ექსტერიერი და გოთიკურ ელემენტთა კონტრასტული ნაზავი ირგვლივ არსებულ სიმწვანესთან, სასახლეს მისტიკურობის, ამოუცნობის ელფერს სძენს. მის ერთიან აღქმაში კი გარეგნულის გარდა, ისტორიულ ფაქტებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან ვიზუალურ სახეს ინტერესის მხრივ არც ისინი ჩამოუვარდება. სასახლის საბოლოო იერსახეში, მეფის სურვილით, აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ ძველი გერმანული სასახლეების არქიტექტურა. ლუდვიგის მოთხოვნით, სასახლე აუცილებლად ტყის გარემოცვაში, ამაღლებულ ბორცვზე, ხალხისგან იზოლირებულ ადგილას უნდა მდგარიყო, ამავდროულად კი, მის გონებაში წარმოდგენილი ვიზუალის იდენტური სახე ჰქონოდა. ამ ჯიუტი ამბიციის გამო, ხალხი მას ხშირად “ზღაპრის მეფეს” ეძახდა და ეს მეტსახელი, სასახლის საბოლოო ვარიანტიდან გამომდინარე, მის ხასიათს ბუნებრივად მოერგო. მშენებლობა სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, საბოლოოდ კი თორმეტი წელი დასჭირდა. ლუდვიგმა თავისი “ოცნების სასახლის” ასაშენებლად უკიდურესად მოკლე ვადა დააწესა, რის გამოც მასზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა.
სურვილის მიუხედავად, მან იქ მხოლოდ თერთმეტი ღამე გაატარა და სიცოცხლეში ვერც მისი დასრულებული სახე იხილა. თუმცა ამ ფაქტს, სულაც არ შეუშლია ხელი ნაგებობისთვის, მსოფლიო არქიტექტურაზე ხანგრძლივი კულტურული გავლენა ჰქონოდა. არაა გასაკვირი, რომ “ახალი გედის სასახლის” ზღაპრული იერსახე უოლტ დისნეის - ცნობილი მწერლის, ანიმატორისა და პროდიუსერის - მთავარ შთაგონების მუზად იქცა. ყველასთვის ცნობილი დისნეის სასახლე, სინამდვილეში, ბავარიის მთებში “მოკალათებული” შენობის ანიმაციური პროტოტიპია.
ნეოგოთიკური სტილის საძინებელში, რომლის აგებასაც ოთხ წელიწად-ნახევარი დასჭირდა, დომინანტი ფერი ლურჯია. სასახლეში ლუდვიგისთვის სასწავლო და საკითხავი ოთახის გარდა, სახატავ კუთხესაც თავისი ადგილი აქვს. მეფის ბავშვური ხასიათის, დაუცხრომელი ფანტაზიისა და პოლიტიკური თემების მიმართ უინტერესობის გამო, ხალხმა ლუდვიგს “ზღაპრის პრინცთან” ერთად, “შეშლილი მეფეც” დაარქვა. ამ ორი ეპითეტის ერთიანობა კი სასახლის არქიტექტურულ კონცეფციასა და ხასიათში მკაფიოდ შეინიშნება. საინტერესოა ისიც, რომ ყოველი სეზონის განმავლობაში ნაგებობა სრულიად იცვლის სახეს.
ერთი რამ, რასაც სასახლე არცერთ სეზონზე არ კარგავს, სიზმრისეული ზღაპრის იერია. ზოგიერთს იმის წარმოდგენაც გაუჭირდება, რომ მისი კონსტრუქცია თავდაპირველად ადამიანთა ხელით შეიქმნა. მრავალწლიანი შენების მიუხედავად, ნაგებობას ახლაც სჭირდება არქიტექტურული კორექცია, რომ პირვანდელი იერსახე შეინარჩუნოს. “ზღაპრის მეფის” სასახლის მონახულება ყველა მოგზაურისთვის განსხვავებულ, პირადი ემოციებით დატვირთულ შთაბეჭდილებებს ქმნის.
დაწერე კომენტარი