Supreme ადასტურებს მაღალი მოდის წრეებში გავრცელებულ ხმებს, ლეგენდარულ იაპონელ დიზაინერთან - იოჯი იამამოტოსთან კოლაბორაციის შესახებ. შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც ტყავის და სპორტულ ქურთუკებს, პიჯაკს, საწვიმარს, სვიტერს, პერანგს, ჰუდს, ქუდს და მაისურების ასორტიმენტს აერთიანებს, მომხმარებლისთვის 17 სექტემბრიდან Supreme-ს ოფიციალურ გვერდზე იქნება წარმოდგენილი.
მეამბოხე სულის იოჯი იამამოტო პირველია, რომელმაც მოდის სფეროს ტრადიციული სქესობრივი დიფერენციაციის აუცილებლობა ჩამოაშორა და უნივერსალური ტიპის ტანსაცმლის შექმნა დაიწყო. იამამოტო ერთ-ერთი პირველია იმ დიზაინერთა შორისაც, რომლებმაც სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობა წამოიწყეს. იოჯისა და „ადიდასის“ ერთობლივი კოლექცია მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო.
”იოჯის მიერ მდგრადი მასალით შექმნილმა თავისუფალმა ტანსაცმელმა, რომელიც მთლიანად შავი იყო, დაარღვია წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ტანსაცმელი და მას მთელ მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი შესძინა. იოჯი განაგრძობს სპორტულსა და საზეიმოს, ტრადიციულსა და ავანგარდულს, პოდიუმსა და ქუჩის სტილს შორის არსებული ბარიერების მოხსნას“, - აღნიშნავს Supreme.
Supreme-ს და იამამოტოს კოლექცია, ქუჩის სტილის ენით, იოჯისეული სიმბოლიზმის სამყაროდან მესიჯებს გადმოგვცემს. ეს ნიშნები აერთიანებს გრაფიკულ გამოსახულებებს, ნაქარგებს, გრაფიტს და ა. შ., რომელთა ავტორებიც ცნობილი შემოქმედები - სანჩიტო, პიტერ სევილი და იუუკა ასაკურა არიან.
დაწერე კომენტარი