კინემატოგრაფები ხშირად მიდიან იმ დასკვნამდე, რომ მათ ფილმებსა თუ სერიალებში ცეკვის სცენები აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს, რადგან ცეკვა, როგორც ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, ნამუშევარს განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს და ხშირად ფილმის თვითმყოფადობასაც განსაზღვრავს. 

 

პინა - ვიმ ვენდერსი

 

 

“პინა” ვიმ ვენდერსის მიერ 2011 წელს გადაღებული ფილმია, რომელიც მოცეკვავესა და ქორეოგრაფ პინა ბაუშს მიუძღვნა. რეჟისორის ნამუშევარი დოკუმენტური ჟანრისაა და იმ ცეკვებს აერთიანებს, რომლებიც პინამ თავის მოსწავლეებთან ერთად სასცენოდ დადგა. ვიმ ვენდერსის ფილმში ასახული ეს სცენა ცნობილი ბალეტის - “კურთხეული ზაფხულის”  პინასეული ვარიაციაა, რომელიც მაყურებლებს ემოციებით ტვირთავს და მათ  ინტერპრეტაციის საშუალებას უტოვებს. ეს კი ქორეოგრაფისა და მოცეკვავეების თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია, რომლებიც იგორ სტრავინსკის კომპოზიციის ფონზე მაყურებლებს მათ სამყაროში შესვლისაკენ უბიძგებენ.

 

წარმოსახვითი სიყვარული - ქსავიე დოლანი

 

 

ფილმი კანადელი რეჟისორის, ქსავიე დოლანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ცეკვა, რომელიც სახლის წვეულებების განუყოფელი მოვლენაა, დოლანმა შთამბეჭდავი ესთეტიკით წარმოადგინა. ნიკოლასი (ნილ შაინდერი), რომელიც ფილმში “სასურველ ხილად” გვევლინება, ფრანცისსა (ქსავიე დოლანი) და მარიეს (მონიკა ჩოკრი)  გონებას უბინდავს და ისინი თითქოს ჰიპნოზის მდგომარეობაშიც კი გადაჰყავს. “წარმოსახვითი სიყვარულის” ცეკვის სცენა მათ ამგვარ ლეთარგიულ მდგომარეობას საუკეთესოდ წარმოაჩენს. 

 

ცეკვა იმითაცაა გამორჩეული, რომ მაყურებლებს სასიამოვნო მოულოდნელობის განწყობას უქმნის. სცენა ორი მეგობრის დიალოგით, The Knife-ის Pass This On-ის თანხლებით იწყება. ამ დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეგობრები ხელში სიგარეტითა და მათ უკან მყოფი გოგონების მხურვალე ამბორის ფონზე წვეულების სტუმრების არაფრით გამორჩეულ მოძრაობებს უმზერენ. თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც ოთახის ნათურების სტანდარტული განათება ლურჯი, მოციმციმე სინათლით იცვლება, სადაც ფრანცისის ვიზუალი ისეთი ხელოვნების ნიმუშებთანაა შედარებული, როგორებიცაა მიქელანჯელოს “დავითი” და ჟან კოქტოს ნამუშევრები. რაც შეეხება ფრანცისის პარტნიორ ლურჯთმიან ქალს, მისი გარეგნობა ამავე ფერის მოციმციმე ნათებას იდეალურად ეხამება.

 

მეშვიდე ბეჭედი - ინგმარ ბერგმანი

 

 

ცეკვა რომ ყოველთვის ბედნიერებასთან და განტვირთვასთან არ არის დაკავშირებული, ამას ბერგმანის “მეშვიდე ბეჭდის” ფინალური სცენა ნათლად აჩვენებს. ნებსით თუ უნებლიეთ, ადამიანები საკუთარ სიკვდილზე ხშირად ვიწყებთ ფიქრს, თუმცა ნაკლებად წარმოვიდგენთ იმას, თუ როგორ ვცეკვავთ ამ დროს თავად სიკვდილთან. ბერგმანის ფილმში სიკვდილს განსხეულებული კაცის ფორმა აქვს, რომელიც ადამიანებს ჯერ სტუმრობს, ხოლო შემდეგ თავისთან მიჰყავს. გზად კი ადამიანებს სიცოცხლესთან გამოსათხოვარ ცეკვას მასთან ერთად ასრულებინებს.

 

ტვინ პიკსი - დევიდ ლინჩი

 

 

დევიდ ლინჩის სამყარო რეალობისა და ფანტაზიის ზღვარზე დგას, რაც “ტვინ პიკსის” წითელ ოთახშიც ნათლად შეინიშნება. არაორდინარული ჯუჯა, იგივე “The Arm”, რომელსაც მაიკლ ანდერსონი განასახიერებს, სერიალსა და ფილმში “Fire Walk with Me” პერსონაჟთა ხილვებში გვევლინება. მისი მინიატიურული ცეკვის სცენები, რომლებიც ანჯელო ბადალამენტის კომპოზიციების თანხლებით სრულდება, საკულტო სერიალში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტებია. ეს სცენა იმითაცაა გამორჩეული, რომ იგი დეილ კუპერის პირველ “ტვინპიკსურ” სიზმარს ასახავს. ჯუჯას ცეკვა ლორა პალმერისა და დეილ კუპერის ნაზი კოცნის ფონზე მიმდინარეობს, სადაც ეს უკანასკნელი კუპერს თავისი მკვლელის ვინაობას უმხელს.

 

ამომავალი მთვარის სამეფო - უეს ანდერსონი

 

 

ამერიკელი რეჟისორი უეს ანდერსონი, რომელიც არაოფიციალური ფორმით “რეჟისორ-მხატვრადაა” ცნობილი, თავის ჩვეულებას არც 2012 წლის ფილმში - “ამომავალი მთვარის სამეფოში” ღალატობს. მასში წარმოდგენილი ცეკვის სცენა მაყურებლისათვის უჩვეულო სანახაობაა, რადგან  ბავშვების ცეკვასთან ერთად ორი მცირეწლოვანის კოცნასაც

ააშკარავებს. როგორც ცნობილია, ისინი კოცნის რეპეტიციებს წინასწარ არ გადიოდნენ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ფილმში ჩვენ ჯარედ გილმანის პირველ კოცნას ვუთვალთვალებთ, რაც ფრანსუაზ ჰარდის Le temps de l'amour-ის ფონზე ძალიან რომანტიკული უნდა ყოფილიყო.

 

და ჩვენ ვიცეკვეთ - ლევან აკინი

 

 

ლევან აკინის გახმაურებულმა ფილმმა საქართველოში არსებული ჰომოფობიური ფონის გამო  დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.  სწორედ ამიტომ, მერაბი (ლევან გელბახიანი), რომლის პიროვნებასაც ფილმში რადიკალურად უგულებელყოფენ, ფინალურ ნაწილში უბრალოდ ქართულ-ხალხურ ცეკვებს კი არ ასრულებს, არამედ ამ ქმედებით იგი საკუთარ ინდივიდუალიზმსა და  პროტესტის გრძნობას გამოხატავს.

 

მუდმივი შვებულება - ჯიმ ჯარმუში 

 

 

“მუდმივი შვებულების” მთავარი პერსონაჟი, კრის პარკერი, ნიუ-იორკის ღარიბულ უბანში ცხოვრობს და ჰიპსტერულ ცხოვრებას ეწევა. მას არ ჰყავს სრულფასოვანი ოჯახი, არც მეგობრები, არც სამსახური აქვს და ვერც ცხოვრების მიზანი  აღმოუჩენია. მისი ცეკვა ფილმის ერთ-ერთი მთავარი სცენაა, სადაც პარკერის სხეულის უჩვეულო მოძრაობები მის მიერვე უეცრად მოფიქრებულ “ილეთებს” წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ეს ცეკვა მთავარი პერსონაჟის პიროვნების საუკეთესო გამომხატველია. იგი ცხოვრებაში არაფერს გეგმავს, უბრალოდ, დინებას მიჰყვება.  შეიძლება ითქვას, რომ პარკერის ცხოვრება ზუსტად ისეა სპონტანურობით სავსე, როგორც მისივე ცეკვა, რომელიც მისი ცხოვრების  მუდმივ  შვებულებას რამდენიმე წუთით ალამაზებს.

 

ორი მეგობარი - ლუი გარელი

გოლდშიფთ ფარაჰანს მაყურებელი ყველაზე კარგად ჯიმ ჯარმუშის “პატერსონიდან” იცნობს. ფილმში “ორი მეგობარი” ფარაჰანი იდუმალებით მოცულ, თუმცა მეტად მორიდებულ პერსონაჟს განასახიერებს. ფრანგმა რეჟისორმა და მსახიობმა, ლუი გარელმა, ფილმში ფარაჰანის ექსტრაორდინარული სახე გვაჩვენა. ცეკვის სცენა, რომელსაც იგი ბარში იმპროვიზირებს, ნამდვილად შთამბეჭდავია.

 

დიდი ლებოვსკი - ჯოელ და ითამ კოენები

 

 

1998 წლის კრიმინალური კომედია კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ცეკვის სცენას გვთავაზობს. ჯეფრი ლებოვსკი (ჯეფ ბრიჯესი), ცნობილი, როგორც “Dude”, თავის წარმოსახვაში ისეთ სიურრეალისტურ სურათებს გვიცოცხლებს, სადაც დრო და სივრცე ერთმანეთშია გადაკვეთილი. ამის მისახვედრად საჭიროა დავინახოთ ბოულინგის ფეხსაცმელების სათავსი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ცათამბჯენადაა გადაქცეული და ზედ არაამქვეყნიური მთვარეც კი დაჰყურებს, ასევე მოცეკვავეები ამოუცნობი დროიდან, რომლებიც კეგლებიანი ქუდით შავ-თეთრ იატაკზე მათი “დედოფლისათვის” ცეკვავენ და რაც ყველაზე მთავარია, ლებოვსკის წარმოსახვითი ფრენა, სადაც იგი ბოულინგის ბურთის მსგავსად, კეგლებისაკენ მიისწრაფვის და ამასთან, გზად მისთვის საინტერესო სხეულის ნაწილების ცქერითაც ერთობა.

 

ბუფალო ‘66 - ვინსენტ გალო

 

 

ძმები კოენების მსგავსად, ბოულინგის სათამაშო ცენტრი ვინსენტ გალოსათვისაც იქცა ინსპირაციად. კრისტინა რიჩის ცეკვა, რომელიც ბოულინგის სათამაშო ცენტრშია შესრულებული, ყველასათვის კარგადაა ნაცნობი, თუმცა უცნაური ისაა, რომ ბევრი ადამიანი ვერ დაგისახელებთ, თუ რომელი ფილმის სცენას წარმოადგენს ის. რეჟისორმა ვინსენტ გალომ, რომელიც ამასთან ერთად “ბუფალო ‘66-ის” მთავარი როლის შემსრულებელიცაა, ფილმის დინამიკური სიუჟეტი თითქოს მცირე დროით დააპაუზა და მაყურებლებს კრისტინა რიჩის სახით გონებრივი განტვირთვის ორი წუთი აჩუქა. ამ მიზნის მიღწევაში დიდ როლს ინგლისური როკ-ჯგუფი King Crimson-იც თამაშობს, რადგან კრისტინა რიჩის დასამახსოვრებელი ცეკვა მათი მშვიდი, იავნანას მსგავსი სიმღერის, “Moonchild-ის” თანხლებით მიმდინარეობს.

 

8 ½ - ფედერიკო ფელინი და Pulp Fiction - კვენტინ ტარანტინო 

 

 

ბარბარა სტილისა და მარიო პისუს ტვისტის ცეკვა ფელინის გონებაში დაბადებული სცენის ანარეკლია. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც კვენტინ ტარანტინო “8 ½-ის” ცეკვის სცენით იმდენად მოიხიბლა, რომ იგი ფილმში “Pulp Fiction” უცვლელი ფორმით გადაიტანა. ამას ტარანტინოს სიტყვებიც ადასტურებს - :“ყველა ფილმიდან, რომელიც ოდესღაც მინახავს, რაღაცას მაინც ვიპარავ.” 

 

აუთსაიდერების ბანდა - ჟან-ლიუკ გოდარი

ცეკვა, რომელსაც მსახიობები ასრულებენ, “მედისონის ცეკვის” სახელითაა ცნობილი. სცენაში, ისევე როგორც მთელ ფილმში, ჟან-ლიუკ გოდარი მთხრობელად გვევლინება და ინფორმაციას ვერბალური გზით გვაწვდის. პერსონაჟების ცეკვისას რეჟისორის ხმა შემდეგ სიტყვებს გვეუბნება:  “ახლა დროა მთავარი თემიდან გადავუხვიოთ და ჩვენი პერსონაჟების გრძნობებზე ვისაუბროთ. მართალია, არტური თავის ტერფებს თვალს არ აცილებს, თუმცა მისი გონება მთლიანად ოდილის ტუჩებითა და მისთვის რომანტიკულად კოცნის სურვილითაა გაჟღენთილი. ამ დროს კი ოდილი იმაზე ფიქრობს, ამჩნევენ თუ არა ბიჭები მის მაისურში მკერდის მოძრაობს. ფრანცი ყველაფერზე ფიქრობს და თან არაფერზეც. იგი ორჭოფობს, სამყარო სიზმარი ხდება თუ პირიქით, სიზმარი იქცევა მთელ სამყაროდ.”

 

ექსტაზი - გასპარ ნოე

 

 

რთულია კინოსა და ცეკვაზე ისაუბრო და ამ დროს გასპარ ნოეს მიერ 2018 წელს გადაღებულ “ექსტაზს” გვერდი აუარო. ფილმის ძირითადი სიუჟეტი ერთ ადგილზეა  გადაღებული და ერთდროულად ურთიერთობებს, სექსს, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასა და სიკვდილის სცენებს ააშკარავებს. ერთი მთავარი რამ, რაც პერსონაჟებს აერთიანებს, ცეკვის დაუოკებელი ჟინია, რაზეც ფილმის ინტროც ნათლად მეტყველებს.