ანტუან დუანელის პერსონაჟს, რომელსაც ჟან პიერ ლეო განასახიერებს, მსოფლიო კინემატოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ფრანსუა ტრიუფომ თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმით „400 დარტყმა“ (1959) ფრანგული კინო სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა და მას თვითმყოფადობა მიანიჭა. „მე მომწონდა კინო იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არსებობდა, მაგრამ ამასთან ერთად ვგრძნობდი, რომ იგი გულწრფელობის ნაკლებობას განიცდიდა. სწორედ ამიტომ, კინოს გაუმჯობესების სურვილი თან დამდევდა“, - განაცხადა ტრიუფომ. ცხადია, რომ მან თავის მიზანს მიაღწია, რასაც ფილმის არაერთი ჯილდო ადასტურებს. ტრიუფომ ფილმისათვის “400 დარტყმა” კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა, 14 წლის ჟან პიერ ლეომ კი ისეთი დიდი  კინემატოგრაფებისაგან მოიპოვა აღიარება, როგორებიც იყვნენ:  ჟან კოქტო, ჟაკ რივეტი, ჟან-ლიუკ გოდარი, ბერნანდო ბერტოლუჩი და სხვები.



ანტუან დუანელი (ჟან პიერ ლეო) რეჟისორის მიერ შექმნილი პერსონაჟია, რომელიც ამასთან, ტრიუფოს ალტერ ეგოსაც წარმოადგენს და თითქმის ყველაფერი, რაც ჟან პიერ ლეოს პერსონაჟს გადახდა თავს, ტრიუფომ დიდი ხნის წინ საკუთარ თავზე გამოცადა. რეჟისორის ბავშვობის მსგავსად, ანტუანი მუდამ პრობლემების ქარცეცხლშია გახვეული და ამიტომაც, სავალალო შედეგებს იმკის ხოლმე. 


ტრიუფომ დუანელის ცხოვრების შესახებ  ხუთი ფილმი გადაიღო, რომლებიც ანტუანის ცხოვრების ოც წელს ასახავს და მაყურებლებს ნათლად აჩვენებს, თუ რა გზას გადის იგი ბავშვობიდან ზრდასრულობამდე. ფილმებიდან ყველაზე დიდი სიყვარულით „400 დარტყმა“ გამოირჩევა, სადაც დუანელი ის ზარმაცი და ხულიგანი მოსწავლეა, რომელსაც გაცოფებული სკოლის მასწავლებელი კუთხეში აყენებს და გაკვეთილების ბოლოს დასჯის მიზნით საკლასო ოთახში ტოვებს ხოლმე. დუანელი იმ ბავშვადაც გვევლინება, რომელიც ოჯახური კონფლიქტების მოწმე ხდება და შესაბამისად, მშობლებთან სულიერი კავშირი არც არასოდეს განუცდია. ანტუან დუანელი იმ ბავშვების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც საკუთარი მამა თვალით არ უნახავთ, ამიტომაც, დუანელს, ტრიუფოს მსგავსად, მთელი თავისი ცხოვრება მამინაცვლის გვარის ტარება უწევს.


არ მოგეჩვენათ, ტრიუფო რეჟისორის ნამდვილი გვარი სულაც არაა  და მსოფლიო რეჟისორს მამინაცვლის  გვარით იცნობს. თუმცა როდესაც მათ მსგავსებაზე ჩამოვარდება ხოლმე საუბარი, მთავარი ყოველთვის მაინც ერთია - ორივე მათგანს კინოს სიყვარული აკავშირებს, რის დასტურადაც ფილმში დუანელი ფულს იმისთვის იპარავს, რომ როგორმე კინოთეატრის მაყურებელთა რიგში მოხვედრა შეძლოს. დუანელისა და ტრიუფოს შემთხვევაში კინემატოგრაფია “შინ ყოფნის” ფუნქციას ასრულებს, სადაც უფროსებისაგან მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა სულიერი თავშესაფარი აღმოაჩინეს და მშობლები, რომლებიც მათ ყოველთვის აკლდათ, კინოში დაინახეს.


როგორც ტრიუფო ამბობდა, ფილმში მოზარდების ჩვეული სახით ჩვენება, რათა მნახველში სენტიმენტალიზმი და ნოსტალგია გაეღვივებინა, მის მიზანს სულაც არ წარმოადგენდა. ტრიუფოს, უბრალოდ, უნდოდა ეთქვა, რომ ბავშვობა ყოველთვის სილაღესთან როდია დაკავშირებული, რადგან ბავშვობა ხშირად სხვა არაფერია, თუ არა ძალიან მწარე გამოცდილება. სამწუხაროდ, ამ გამოცდილებას ანტუანი მცირე ასაკიდანვე იზიარებს - ქურდობს, სახლიდან გარბის, ღამეებს უცნაურ ადგილებში ათევს, თავისი პრობლემების კულმინაციად კი მოზარდთა გამოსასწორებელ კოლონიაში ამოყოფს თავს, საიდანაც იგი ისევ გარბის და ცხოვრებაში პირველად ხედავს ზღვას. ეს სცენა ფილმის უკანასკნელი კადრია და ამასთან ერთად, უჩვეულო კულმინაციასაც წარმოადგენს. აქ კამერა ანტუან დუანელის გამოსახულებას უეცარი სისწრაფით უახლოვდება, სახესთან რამდენიმე წამის განმავლობაში დრამატულად ჩერდება და ამ დროს ფილმიც მთავრდება. კინოში ამგვარი დასასრული გამომსახველობის ახალ ფორმას წარმოადგენდა, რითაც ტრიუფო “მამათა თაობის” კინემატოგრაფებს მკვეთრად გაემიჯნა და Nouvelle Vague-ს ესთეტიკა განსაზღვრა.


შეიძლება ითქვას, რომ ანტუან დუანელის იდეამ ფრანსუა ტრიუფო და ჟან პიერ ლეო ერთმანეთს სპირიტუალურად მიაჯაჭვა. ფაქტობრივად, ლეო ტრიუფოს ბავშვობას განასახიერებდა და ამ დავალებას ჩინებულად ართმევდა თავს. ძნელია დავიჯეროთ, მაგრამ „400 დარტყმის“ ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა, რომელიც ანტუანისა და ფსიქოლოგის ინტერვიუს ასახავს, წინასწარ საგულდაგულოდ დაწერილი სცენარი სულაც არ ყოფილა და იგი სხვა არაფერია, თუ არა ჟან პიერ ლეოს შთამბეჭდავი იმპროვიზაცია.

„ჩემთვის სცენარი წინასწარ არ მოუციათ, ტრიუფომ მითხრა, რომ ეს სცენა ფილმის საუკეთესო ნაწილი უნდა ყოფილიყო. გადაღების დროს კითხვებს თვითონ მისვამდა, მე კი პასუხებს ვიგონებდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ტრიუფომ იდეები შთამაგონა და საბოლოოდ ვთქვი ის, რაც უკვე ყველამ ნახეთ“, - განაცხადა ლეომ. 





ანტუან დუანელის შესახებ გადაღებული დანარჩენი ოთხი ფილმი რომანტიკული კომედიებია, რომლებსაც მსუბუქი სენტიმენტალური ელფერიც დაჰკრავს. მეორე მოკლემეტრაჟიან ფილმში (“ანტუანი და კოლეტი”) დუანელი უკვე ჩვიდმეტი წლის თინეიჯერია, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე უარს ამბობს და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.  დილით მაღვიძარა აღვიძებს, სამსახურში მიდის, მუსიკით ინტერესდება, სიგარეტს უკვე სხვების დასანახად ეწევა, თავდავიწყებით უყვადება და ბავშვობის მეგობართან სიამოვნებით იგონებს მათ ძველ ოინებს, რომლებიც ფილმში “400 დარტყმის” კადრებით ცოცხლდება. ხუთივე ფილმში ანტუანის როლის შემსრულებელი ჟან პიერ ლეო მაყურებლის თვალწინ   ფიზიკურად იზრდება, რაც მის შესახებ გადაღებულ მთელ ციკლს ერთიორად მომხიბვლელს ხდის. მომდევნო ფილმებში ვხედავთ, რომ ანტუანს ისევ უყვარდება, ოჯახს ქმნის, მამა ხდება, თავისი ავტორობით წიგნს გამოსცემს, ისევ და ისევ უყვარდება, სხვადასხვა პროფესიას ეუფლება, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ანტუანის ზრდასთან ერთად მისი პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ ფორმას იცვლის და სამყაროს მიერ დაწესებულ კანონებს იგი კვლავ  ვერ ეთვისება. მის შესახებ გადაღებული ფილმების ნახვის შემდეგ გამოუცდელი მაყურებელიც კი ერთხელ მაინც გაიფიქრებს: „ეს ბიჭი იზრდება, მაგრამ ის მაინც ყოველთვის გარბის.“




თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ჟან პიერ ლეოს ზრდასთან ერთად ნათელი გახდა, რომ მას და ტრიუფოს არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური მსგავსებაც აერთიანებდათ. როგორც ტრიუფო იხსენებს, ხშირად თავად ყოფილა მომსწრე შემთხვევებისა, როდესაც იგი საგანგებოდ  გაუჩერებიათ და უთქვამთ, რომ მისმა შვილმა ფილმში ფანტასტიკურად ითამაშა, ან,  პირიქით,  წინა დღით ტელევიზორში ნანახი, მის მიერ ახალგაზრდობაში შესრულებული როლით დიდად მოხიბლულან. ამ დროს კი საუბარი ეხებოდა არა ტრიუფოს, არამედ ჟან პიერ ლეოს.