“მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი, თუნდაც 15 წუთით”,  - ენდი უორჰოლის ეს  ფრაზა ზედმიწევნით ასახავს 60-იან წლებში პოპ-არტის მეფის მიერ შექმნილი და “სუპერვარსკვლავებად” შერაცხული არტისტების მოღვაწეობას, რომლებსაც უორჰოლი  თავის ფილმებში იღებდა და სწამდა, რომ  ადრე თუ გვიან, ისინი წარმატებას მოუტანდნენ. ამ “სუპერვარსკვლავებმა” ენდის შემოქმედებაზე საკუთარი კვალი დატოვეს, თუმცა მათი სახელები, ყველასი, გარდა ერთისა, დავიწყებას მიეცა. 

 

სეჯვიკი სოციალური გარემოსგან მოწყვეტილ რანჩოზე, კალიფორნიელი დიდგვაროვნების ოჯახში გაიზარდა. ედის და მის და-ძმებს გარე სამყაროსთან კონტაქტი იშვიათად ჰქონდათ. განათლებას სახლში იღებდნენ. მამის, ფრენსის სეჯვიკის მიერ დაწესებული მკაცრი წესებისა და შეზღუდვების დაცვით უწევდათ ცხოვრება. 

გარკვეული დროის განმავლობაში ედი კემბრიჯში, ხელოვნების განხრით სწავლობდა. მოგვიანებით კი საცხოვრებლად მანჰეტენზე გადავიდა, თავის შეძლებულ ბებიასთან, რომელიც სეჯვიკს  ფინანსურად დაეხმარა.  

უორჰოლმა და სეჯვიკმა ერთმანეთი 1965 წელს გაიცნეს. ედი გაცნობისთანავე ენდის უპირობო მუზად გადაიქცა და მის ათზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა - Vinyl, Kitchen,  Poor Little Rich Girl და სხვა. უორჰოლის სტუდია - The Factory, სადაც მისი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი იქმნებოდა, ნიუ-იორკის პოპ-არტ სცენის საყრდენს წარმოადგენდა. ეს იყო ნიუ იორკულიბოჰემის თავშეყრის ადგილი - სადაც აწყობდნენ წვეულებებს, იღებდნენ ფილმებს და მართავდნენ კინოჩვენებებს. მიუხედავად იმისა, რომ უორჰოლის ექსპერიმენტული ფილმები   მისი სტუდიის კედლებს არ სცდებოდა, მცირე დროში სეჯვიკმა  ფართო მასების ყურადღების მიპყრობა მაინც მოახერხა.

 


ამავე პერიოდში უორჰოლის სტუდიაში ედიმ ცნობილი მუსიკოსი ბობ დილანი გაიცნო. მათი ურთიერთობის ზუსტი დეტალები არასოდეს გასაჯაროებულა. თუმცა ცნობილია, რომ ედი დილანმა გაცნობისთანავე მოხიბლა. 

ზოგიერთს მიაჩნდა, რომ დილანის ჰიტების - “Leopard-Skin Pill-Box Hat,” “Just Like a Woman,” და “Like a Rolling Stone” -  შთაგონების წყარო სწორედ სეჯვიკი იყო, თუმცა თავად მომღერალს ეს არასდროს დაუდასტურებია.

ედის სურდა ხალხში ეტრიალა, საკუთარი შინაგანი სამყარო გამოეხატა, იმისდა მიუხედავად, გაუგებდა თუ არა მას საზოგადოება, მისაღები იქნებოდა თუ არა მისი იდეები. თუნდაც მისი საქციელი სისულელედ ჩაეთვალათ, თუკი ეს თვითგამოხატვის ერთადერთი გზა იქნებოდა, ის უკან არ დაიხევდა.

უორჰოლს სჯეროდა, რომ ედი არაჩვეულებრივად მუშაობდა კამერის წინ, მისი სხეული მოძრაობას წამით არ წყვეტდა. ედი მაშინაც კი  მოძრაობდა, როცა ეძინა. უმეტეს ფილმებში  კამერა სწორედ მის მოძრაობებს დაჰყვება. ნაზ, სუსტ სხეულში მოქცეული უზარმაზარი ენერგია ფირზე არაჩვეულებრივად აღიბეჭდებოდა.

სეჯვიკი  უორჰოლის ფილმებში  არასოდეს თამაშობდა, ის დგამდა პერფორმანსს და მუშაობდა კამერაზე, რითაც მაყურებელს ატყვევებდა. 

სიცარიელე, რომელიც თავგადასავლებით და სიცოცხლით სავსე ედის თვალებში იკითხებოდა, განსაკუთრებით უხდებოდა ენდის ფილმებს. ედის და ენდის ერთობლივმა მაგიამ საზოგადოება მოაჯადოვა. წვეულებას, თუკი  ისინი ერთად არ გამოჩნდებოდნენ, წარმატებულად არ მიიჩნევდნენ.

ედის სიმსუბუქე და ქაოსურობა  მნახველზე საუცხოო შთაბეჭდილებას ახდენდა.  რაც თავში მოსდიოდა, თითქმის ყველაფერს აკეთებდა. მისთვის საზღვრები არ არსებობდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ მგზავრობდა, ქირაობდა ლიმუზინებს და ტაქსებს. უამრავ ფულს ხარჯავდა ტანსაცმელში, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლში. ხშირად დაუდევრად იქცეოდა. ეხვეოდა სკანდალებში.   თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება თითქოს მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა. 

მას უნდოდა ყველაფერი გამოეცადა და ენახა, ყოფილიყო ყველგან და ყოველთვის. სურდა სიცარიელის და დეპრესიის შეგრძნებები გადაელახა და სხვა ემოციების განცდა შესძლებოდა.

გაფლანგული მემკვიდრეობა, ფილმები კომერციული მოგების გარეშე და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა დღითი დღე უბიძგებდა ედის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მორევში ჩაძირვისაკენ.

 

ტრაგიკული პერიოდების მიუხედავად, ედი ცდილობდა თავბრუდამხვევი ცხოვრებით ეცხოვრა და მისგან ყველაფერი მიეღო. ენდი ამართლებდა უორჰოლის იდეას, რომ ცხოვრების აზრი საკუთარ უკვდავებაში კი არ იყო, არამედ იმაში, რომ შეექმნა ისეთი რამ, რაც სამუდამოდ დარჩებოდა. ედი სიკვდილს ხშირად ახსენებდა, რასაც იმის ნიშნად მიიჩნევდა, რომ სიცოცხლე ნამდვილად აღელვებდა.

 

 

ჯონ პალმერის ექსპერიმენტული ფილმის, Ciao Manhattan-ის სცენარი, რომელშიც ედიმ სიუზან სუპერვარსკვლავის როლი შეასრულა,  მისი  რეალური  ცხოვრების ისტორიას მჭიდროდ უკავშირდებოდა. თავად სეჯვიკს ფილმი არასოდეს  უნახავს. ედი 1971 წლის 16 ნოემბერს, ფილმის გამოსვლამდე გარდაიცვალა.

 

 

1989 წელს ცნობილმა ბენდმა The Cult-მა, სეჯვიკის ხსოვნას სიმღერა - Edie (Ciao Baby!) მიუძღვნა, რომლის ტექსტშიც მას უორჰოლის პატარა დედოფალი უწოდეს.

 

2006 წელს კინოეკრანებზე ედი სეჯვიკის ცხოვრებაზე ჯორჯ ჰიკენლუპერის მიერ გადაღებული ფილმი - Factory Girl გამოვიდა, რომელშიც ედი მსახიობმა სიენა მილერმა განასახიერა. 

სეჯვიკის განსაკუთრებული სტილი - მოკლედ შეჭრილი, პლატინისფრად შეღებილი თმა, რომელიც თავის დროზე ენდის ვარცხნილობას შეუსაბამა, დიდი ზომის საყურეები, ქურქი ლეოპარდის პრინტით, მუქად შეღებილი თვალები და ხშირი წამწამები, დღევანდელ დღემდე რჩება მოდის მიმდევრების შთაგონების წყაროდ.