სივრცითი თავისუფლება, უცნაური, თითქმის შემაწუხებლად იდუმალი ღამის ქუჩები, ცარიელ სადგურებზე ზურგით მდგომი, ამოუცნობის ლოდინში დაკარგული გოგონები და შორიდან მომავალი მატარებელი, მეოცე საუკუნის ბელგიელი მხატვრის, პოლ დელვოქსის სახასიათო ელემენტებად იქცა, რომლებსაც ის მრავალწლიანი მოღვაწეობისას ხშირად უბრუნდებოდა. 


ხან ექსპრესიონისტ, ხან კი სიურრეალისტად ხსენებული დელვოქსი თავს მკაცრად არცერთი მიმდინარეობის წარმომადგენლად არ მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ნამუშევრებში ხშირად შეიმჩნევა სიურრეალიზმისთვის დამახასიათებელი ფორმები: გაურკვეველი, ბავშვური განწყობა და სიზმრისეული ელფერი. კლასიკური ტიპის ნაგებობებს, ქალაქის გარე თუ ცენტრალური ქუჩებს,  უმთავრესად კი მატარებელთა სადგურებს, მხატვრის კომპოზიციაში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. დელვოქსი შემოქმედებითი მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე არქიტექტურით იყო გატაცებული, ამიტომაა, რომ მშენებლობითი ფორმები მის ნამუშევრებში ხშირად მისტიკური ატმოსფეროს შექმნას ემსახურება. 



მუქი, კონტრასტული ფერთა პალიტრა და პარადოქსული კომპოზიციები დამკვირვებლისთვის, რამდენადაც შიშის მომგვრელი, იმდენად მიმზიდველია. დელვოქსის ხიბლი, სწორედაც რომ მისი სიუჟეტების ვიზუალური თუ შინაარსობრივი უზუსტობიდან მოდის: უცხო ადამიანებისა და ექსცენტრიკული ფიგურების სრულიად დამაჯერებელ, ნატურალისტურ გარემოში ხატვისგან. 


თუკი დავაკვირდებით, მხატვარი, სხვა მისივე ეპოქის არტისტებისგან განსხვავებით, არასოდეს იყენებს აბსტრაქციას. დელვოქსის გამოსახულებები ძირითადად რეალისტურ ფორმებს ეყრდნობა. სიუჟეტებიც ერთი შეხედვით პირდაპირი და ნათელია: ღამის ქუჩებში მდგომი ქალები გარემოს ათვალიერებენ. მატარებელი მუდმივ მოძრაობაშია, სადგურზე მყოფი გოგონები კი ყოველთვის ერთ ადგილას, რაღაცის მოლოდინში არიან გაქვავებული. მაშინ რატომაა, რომ ამ “პატარა ამბებზე” ყოველთვის მეტის გაგება გვსურს? დელვოქსის ოსტატობა, შექმნას სპეციფიკური ატმოსფერო მინიმალისტური სიუჟეტითა და მარტივი ტექნიკით, ყველა დამკვირვებლის ყურადღებას წამში იქცევს.


“მინდა უჩვეულო სამყარო შევქმნა, რომელშიც ვიცხოვრებ... რომელში ცხოვრებას თავადაც შევძლებდი”, ამბობს პოლი, რომელიც ახალგაზრდობაში ხატვასთან ერთად, ბერძნულ და ლათინურ ენებს სწავლობდა, დადიოდა მუსიკის გაკვეთილებზე, კითხულობდა ჟიულ ვერნს და ჰომეროსის პოეზიას. ხშირად დასმულ კითხვაზე, რატომ ჩნდებოდნენ ჩონჩხები ასე ხშირად მის ნამუშევრებში, პოლმა პასუხად, პირველად სკოლაში ნანახი, ადამიანის თავის ქალის ფიგურა დაასახელა.


დელვოქსის  მთავარ მუზად მის დახატულ ქალებს თვლიან. როდესაც მის ერთ-ერთი კომპოზიციაში კაცის ფიგურით დაინტერესდნენ და სცადეს, მისი დახატვის მიზეზი ეკითხათ, მხატვარმა მოკლედ აღნიშნა, რომ თავისი შემოქმედების შინაარსობრივ მხარეზე ის არასოდეს ისაუბრებდა.


მრავალწლიანი სამხატვრო კარიერის ძირითადი მოტივები დელვოქსისთვის მოზარდობის ასაკში თავს გადამხდარ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებზეა აგებული.  ალბათ ამიტომაცაა, რომ მის კომპოზიციაში ასე ხშირად გვხვდებიან ბავშვებიც.


პოლ დელვოქსის რჩევით, იქნებ სულ არაა საჭირო, მუდმივად პასუხის ძებნა და უკეთესია, თუ უცნობ ქუჩებში ან  მიტოვებულ სადგურებზე თავს სრულიად  უცხოდ ვიგრძნობთ. ასე ხომ ყველა ნამუშევარი თავის პირველსახეს ინარჩუნებს და კვლავ სამახსოვრო თავსატეხად რჩება, ისევე, როგორც ჩვენი შთაბეჭდილებები -  ზოგჯერ გაურკვეველი, თუმცა ყოველთვის ავთენტური.