ამერიკელმა მომღერალმა და ოსკაროსანმა მსახიობმა Lady Gaga-მ სიმღერაზე, სახელწოდებით “911”, რომელიც მის მეექვსე სტუდიურ ალბომს, Chromatica-ს ეკუთვნის, მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა.




კლიპის შთაგონება გახდა ლეგენდარული რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ფილმი -  “ბროწეულის ფერი”.  სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით გადაღებული ფილმი, რომელიც თბილისელი აშუღის, საიათ-ნოვას შესახებ მოგვითხრობს, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაა მიჩნეული.




გაგას კლიპში ფარაჯანოვის ფილმით შთაგონებულ არაერთ კადრს შეამჩნევთ, ვიდეოს ბოლო წუთებში კი სოფიკო ჭიაურელის გამოსახულებით შექმნილ პოსტერსაც დაინახავთ, რომელსაც გვერდს უმშვენებს  ფარაჯანოვის 1988 წელს გამოსული ფილმის, “აშიკ-ქერიბის” პოსტერიც.  





კლიპის ავტორი ცნობილი ინდოელი რეჟისორი ტარსემ სინჰია. მისი ნამუშევარი, გარდა ფარაჯანოვის ფილმისა, ჩილელი რეჟისორის, ალეხანდრო ხოდოროვსკისა და ლეგენდარული იტალიელი რეჟისორის, ფედერიკო ფელინის შემოქმედების ინსპირაციითაცაა შექმნილი.