“ქალბატონებო და ბატონებო, გაასწორეთ გადაჯვარედინებული ფეხები!” - მიკროფონში ჩვეული თავაზიანობით ნათქვამი მიმართვით, “მოდის სფეროს ფელინი” - ალექსანდრე დე ბეტაკი დამსწრე საზოგადოებას მაგიური წარმოდგენის დასაწყისისთვის ამზადებს. შოუს სცენოგრაფია ეფემერულ სიზმარს ჰგავს, რომელიც მაყურებელს წარსულის შეგრძნებებს უმძაფრებს და ახალ განცდებს უჩენს.


 

მოდის შოუს დიზაინერი ალექსანდრე დე ბეტაკი გაიზარდა პარიზში,  ქალაქში,  რომელსაც არქიტექტურის, კულტურის და სილამაზის უშრეტ წყაროდ მიიჩნევს. შვიდი წლის ასაკში, ბაბუის მიერ ნაჩუქარი მცირე ზომის Kodak-ის ფოტოკამერის წყალობით,  დე ბეტაკმა ფოტოგრაფიის სამყაროში შეაბიჯა. დასამახსოვრებელი მომენტების უკვდავსაყოფად, გატაცებით შეუდგა ფირზე მათ აღბეჭდვას. ფოტოგრაფიამ მისი ცხოვრება შეცვალა, სილამაზის აღქმის შეგრძნება და ინდივიდუალური ხედვა განუვითარა, გაუმძაფრა რწმენა, რომ შესწევდა ძალა თავისი იდეები შემოქმედებად ექცია. 


 

19 წლის დე ბეტაკმა პირველი შოუს დიზაინი მადრიდში, 80-იანი წლების ესპანელი დიზაინერის, Sybilla Sorondo-ს კოლექციის ჩვენებისთვის შექმნა.

1990 წელს კი საკუთარი სააგენტო - Bureau Betak დააარსა. 



მისი ნამდვილი კარიერული აღმასვლა 1993 წლიდან ნიუ-იორკში დაიწყო, მეგაპოლისში, რომელშიც დე ბეტაკმა საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობა გააგრძელა. 

 


მაქსიმალური დრო - ათი ან თხუთმეტი წუთია, იმისათვის რომ შეიქმნას შოუ, რომელიც ზუსტად შეძლებს ასახოს მოდის სახლის ხედვა და მაყურებლამდე მიიტანოს კოლექციის მთავარი სათქმელი.  პირველივე წუთიდან, როდესაც დარბაზში განათება ირთვება, დე ბეტაკის ზეგავლენა მთელ დამსწრე საზოგადოებაზე ვრცელდება. 


 

დე ბეტაკი მაყურებელსა და მოდის სახლს შორის ერთგვარი შუამავლის როლს თამაშობს. შემუშავებული დიზაინით ქმნის კოლექციის ეპილოგს და ხაზს უსვამს ბრენდის ინდივიდუალურობას, რითაც დამსწრე საზოგადოებას ნანახის შინაარსის აღქმაში ეხმარება. 



Bureau Betak-ის მიზანს ისეთი მომენტების შექმნა წარმოადგენს, რომლებიც მაყურებლისათვის არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ემოციურადაც დასამახსოვრებელი იქნება. Bureau Betak-ის საქმიანობა  ფართო საზოგადოებამ  ხელოვნებად აღიარა,  წარმოდგენილმა ნამუშევრებმა კი - არტინსტალაციების სტატუსი  მოიპოვეს. 


 

ერთ-ერთ ინტერვიუში დე ბეტაკი ამბობს - “მე ხალხს შევთავაზე იმის ანტითეზისი, რის ხილვასაც  მიეჩვივნენ. შევეცადე თითოეული შოუ გამეხადა მეტად სწრაფი, მეტად კომპაქტური, მეტად ენერგიული და ამავდროულად, მინიმალურად მცირე  შეტყობინების მატარებელი."


 

ბუნებით ესთეტი დე ბეტაკისათვის სილამაზის აღქმა სუბიექტურია. მისი ყველა პროექტი სრული შემოქმედებითი თავისუფლებით იწყება, თუმცა მათი კომერციულობიდან გამომდინარე, გარკვეული საზღვრები ყოველთვის წესდება. 


 

ყველა არტისტის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ჩნდება საკუთარ ქმნილებაზე ყოველგვარი მიზეზისა და ვალდებულების გარეშე მუშაობის სურვილი, მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭო და შემოქმედებითი თავისუფლებით დატკბე. დე ბეტაკი ამ მომენტს ცხოვრების მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს. 



ოცნების პროექტში, რომელიც საკუთარ თავში უსაზღვრო თავისუფლებას მოისაზრებს, მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ინვესტირებას გეგმავს. 


 

ალექსანდრე დე ბეტაკმა კარიერის განმავლობაში ათასზე მეტი მოდის შოუ, ინსტალაცია, ღონისძიება და გამოფენა შექმნა ისეთი მოდის სახლებისთვის, როგორებიც არიან - Dior, Raf Simons for Calvin Klein, Michael Kors, Berluti, H&M, Victoria’s Secret, Rodarte, Jacquemus და სხვები. საკუთარი რევოლუციური მიდგომით ერთფეროვანი, უძრავი მოდის ჩვენებები  არქიტექტურულ, არტისტულ და ემოციურ მოვლენებად აქცია. 


 

დე ბეტაკი მიიჩნევს, რომ კრეატიულობისა და საზოგადოების ინტერესის შესანარჩუნებლად აუცილებელია ცვალებადი რიტმის არსებობა, საკუთარი თავის ყოველ ჯერზე ხელახლა შექმნა და მაყურებლისათვის წარდგენა. 


2017 წელს Phaidon-მა Bureau Betak-ის მიერ შექმნილი ჩვენებების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტების შემაჯამებელი წიგნი, სახელწოდებით “Betak: Fashion show revolution” გამოსცა.



წიგნში დემონსტრირებული მომენტები ასახავს იმ ზეგავლენას, რომელიც Bureau Betak-მა მოდის სფეროს განვითარებაზე იქონია. 

ალექსანდრე დე ბეტაკმა მოდის ინდუსტრიაში საკუთარი სტანდარტი დააწესა, რითაც მაღალი მოდის ჩვენება ხელოვნების დამოუკიდებელ მიმართულებად გარდაქმნა.