ივ სენ ლორანის მოდის სახლმა ენტონი ვაკარელოს ხელმძღვანელობით შექმნილი 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენა მულტიმედია პროექტის სახით გადაწყვიტა, რომელიც ვიდეოს, ფოტოკოლაჟს, 3D სიღრმის ილუზიით შექმნილ გამოსახულებებს, პოსტერებს და მუსიკალურ ფლეილისტსაც კი აერთიანებს.
კოლექცია მოდის თაყვანისმცემლებს თავდაჯერებულობისა და გრაციოზულობის ხაზგასმით, მსუბუქი პროვოკაციულობით იზიდავს. თვალშისაცემია ნათელი და ბნელი ფერების კონტრასტულობა, მონოქრომული თუ ფერადოვანი ყვავილები, ზღვის თემატიკით შთაგონებული სამკაულები კი ბუნებასთან კავშირის განცდას აცოცხლებს.
პროექტი, სახელწოდებით „არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად გრძელია ღამე“, ივ სენ ლორანის მოდის სახლის თქმით, „რეალობასა და წარმოსახვას შორის უნიკალურ დიალოგს ქმნის“.
პროექტის მთავარი ნაწილია დინამიზმით აღსავსე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ენტონი ვაკარელოს და ნატალი კენგილჰემის ავტორობით, სადაც პოდიუმის ფუნქციას პარიზის, ნიუ-იორკისა და პეკინის უჩვეულო ხედები იკავებს. ივ სენ ლორანის მოდელები შენობების წარმოუდგენლად მაღალ სახურავებზე თავისუფლად დარბიან და ფანჯრებსაც კი ამტვრევენ.
ფილმს საუნდრეკად გასდევს დრამატული და დინამიკური განწყობილების მუსიკა სებასტიანის ავტორობით, რომელიც საერთო განწყობილებას შესანიშნავად ეხმიანება.
ფილმის დასკვნით ნაწილში ეიფელის კოშკში გამართულ ღამის ჩვენებას ვხედავთ, რაც ივ სენ ლორანის მოდის სახლის ერთგვარი ტრადიცია იყო, თუმცა ჩვენებები ტრადიციულად კოშკის ქვეშ იმართებოდა, აქ კი მოდელები ეიფელის კოშკის სიმაღლეებს იპყრობენ. ასე რომ, ეს ფილმი და, ზოგადად, კოლექცია, შეზღუდვებისა და სოციალური დისტანცირების პერიოდში შეუზღუდავი თავისუფლების ნამდვილ დღესასწაულს წარმოგვიდგენს.
დაწერე კომენტარი