თითქმის ერთი წელია, რაც თბილისში ხარისხიანი, უსაფრთხო და განსხვავებული კონცეფციის მქონე ტატუ-სტუდია - Lucy Lovers Studio გაიხსნა, რომლის დამფუძნებელიც დიჯეი Neux, იგივე ნატა ბერაძეა. 22 წლის Neux დიდი ხანი არ არის, რაც მუსიკალურ სცენაზე გამოჩნდა, თუმცა მალევე თავისი მრავალფეროვნებითა და განსხვავებულობით უამრავი მსმენელის ყურადღება მიიქცია. დიჯეი, რომელიც ცდილობს კონკრეტული ჟანრის ჩარჩოებში არ მოექცეს და საკუთარ თავს მეტი თავისუფლება მისცეს, ისეთი ტატუ-სტუდიის დამფუძნებელია, რომელიც მხოლოდ ტატუ-სტუდია ნამდვილად არ არის. ეს არის სივრცე, რომელსაც შეგიძლიათ მხოლოდ ტატუს გაკეთების მიზნით არც ესტუმროთ, რადგან აქ ყოველთვის დაგხვდებათ სასიამოვნო ატმოსფერო. თუმცა Lucy-ში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ხარისხი და უსაფრთხოება, რომელზეც პროფესიონალი და გამორჩეული ტატუ-არტისტები - გურამ აზმაიფარაშვილი და დიტო ზაალიშვილი ზრუნავენ. 




იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც Lucy Lovers ტატუ-სტუდიაზე ვსაუბრობთ, ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს მის დამფუძნებელთან, ნატა ბერაძესთან.

როდის დაინტერესდი ტატუარტით?

პირველად ტატუ მადრიდში ცხოვრებისას გავიკეთე, სადაც საოცარი ატმოსფერო და სტუდია დამხვდა. როდესაც აქ დავბრუნდი, ჩემს მეგობართან ერთად დავიწყე ტატუარტის ერთ-ერთი მიმდინარეობით - Stick N’ Poke-ით ხატვა. ცოტა ხნის შემდეგ მინდოდა ახალი ტატუს გაკეთება და სულ მახსენდებოდა მადრიდში მიღებული გამოცდილება, რის გამოც  ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა გამეხსნა ისეთი ადგილი, სადაც გარდა იმისა, რომ ხარისხიანი მომსახურება და უსაფრთხოება იქნებოდა დაცული, ნებისმიერი ადამიანი ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი წავიდოდა. 

 


რას ნიშნავს შენთვის ტატუ?

ტატუხელოვნება ჩემთვის საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება თავიდან ტატუს რაიმე დატვირთვა და მნიშვნელობა სულ არ ჰქონდეს, თუმცა საბოლოოდ ისინი მაინც რაღაც ისტორიებს და ამბებს ჰყვებიან. 

 

თავად გაქვს უამრავი ტატუ, როგორ ფიქრობ, რატომ იკეთებენ ადამიანები ტატუს?

 

ვფიქრობ, ტატუ უკავშირდება რაღაც მძაფრ მომენტებსა და შეგრძნებებს, რასაც კონკრეტულ სივრცესა და დროში განვიცდით. არ აქვს მნიშვნელობა ეს გამოცდილება ბედნიერებასთან ასოცირდება, სევდასთან თუ ბრაზთან. თითქოს ტატუებით ცხოვრების რაღაც პერიოდებს იმახსოვრებ და შემდეგ შენი ნაწილი ხდება. 




მოგვიყევი Lucy-ს შესახებ, რა იყო შენი შთაგონება, რატომ გადაწყვიტე ტატუ-სტუდიის დაარსება? 

ტატუ-სტუდია იმ პერიოდში დავაარსე, როდესაც დაკვრა დავიწყე. თითქოს ერთიანად მეწვია მუზა. თბილისში, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში, მინდოდა ყოფილიყო ისეთი კონცეპტუალური ტატუ-სტუდია, რომელიც არა მხოლოდ გამორჩეულ და ხარისხიან ტატუებს შექმნიდა, არამედ შთამაგონებელი და საინტერესო სივრცე გახდებოდა. ტატუ ერთგვარი მტკივნეული სიამოვნებაა, რომელიც აუცილებლად სასიამოვნო და უსაფრთო ადგილას უნდა გაიკეთო. როდესაც ვიხსენებდი, მადრიდში როგორ გარემოშიც მოვხვდი, ვიფიქრე, რომ თბილისს აკლდა მსგავსი სივრცე. თავიდან საკმაოდ რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება და ჩემი საოცნებო ტატუ-სტუდიის გაკეთება, თუმცა ბევრი მუშაობის შედეგად Lucy Lovers Studio ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა. 




რატომ Lucy, რა დატვირთვა აქვს სახელს?

 

სულ მინდოდა ეს კითხვა ვინმეს დაესვა. ერთი კონკრეტული მიზეზი არ მაქვს, უბრალოდ ძალიან მომწონს ეს სახელი, იმდენად, რომ თავიდან ვიფიქრე Lucy-ის სახელით დამეკრა, თუმცა ასეთი დიჯეი უკვე არსებობს და თან მივხვდი, რომ ცოტა ბანალურიც კი იყო. ამასობაში სტუდიის გაკეთებაც დავიწყეთ და სახელზე როდესაც ვფიქრობდი, გადავწყვიტე Lucy დამერქმია. გარდა ამისა, ჩემს ოჯახში არსებობს უკვე ერთი ლუსი, ჩემი სფინქსის კატა. მიუხედავად იმისა, რომ მე ცხოველებზე ტატუებს არ ვემხრობი, ლოგოს დიზაინის შექმნისასაც სწორედ ამ ასოციაციით წავედი,  რადგან სფინქსის კატა ტატუარტსაც უკავშირდება. 

 


შენი აზრით, რითაა Lucy Lovers Studio სხვა ტატუ-სტუდიებისგან განსხვავებული? 

Lucy Lovers Studio, ჩემი აზრით, არ არის მხოლოდ ტატუ-სტუდია. რა თქმა უნდა, აქ ხარისხი და უსაფრთხოება პირველია, თუმცა, ვფიქრობ, ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია  გამორჩეული ტატუ გაიკეთო, თან მუსიკას მოუსმინო, გაეცნო ტატუ ისტორიას და თან გემრიელი კოქტეილები მიირთვა. ჩვენ გვერდით არის ჩემი მეგობრების ბარი -Toonybar, რომელიც ყოველ პარასკევსა და შაბათ-კვირას გიმასპინძლებთ. გარდა ამისა, Lucy-ში პერიოდულად იმართება მუსიკალური ღონისძიებები, სადაც სხვადასხვა ქართველი მუსიკოსები უკრავენ. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო დაგვეტოვებინა ერთი ადგილი მოწვეული ტატუ არტისტებისთვის, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩვენს სტუდიას ესტუმრებოდნენ. 



Lucy Lovers Studio-ის ტატუ არტისტებზე რომ მოგვიყვე უფრო ვრცლად… 

ამ ეტაპზე Lucy-ის გუნდის წევრი ორი ტატუ-არტისტია - გურამ აზმაიფარაშვილი  და დიტო ზაალიშვილი. ვფიქრობ, ორივეს თავისი ინდივიდუალური ხელწერა და განსხვავებული ტექნიკა აქვს. გურამი შედარებით Old School ტატუებს ქმნის, ხოლო დიტოს კოზირი, ასე ვთქვათ, არის linework. რაც მთავარია, ორივე თავისი საქმის პროფესიონალია. 

Lucy-ში ყოველთვის … 

დაგვხდებათ სასიამოვნო ატმოსფერო. 


Lucy-ში არასდროს … 


არ შეგეშინდებათ, რადგან ხარისხი და უსაფრთხოება აქ ერთ-ერთი მთავარია. 



და ბოლოს, Lucy Lovers Studios-ის სამომავლო გეგმები… 

როგორც გითხარით, ჩვენთვის საინტერესოა მოვიწვიოთ ქართველი თუ უცხოელი ტატუ-არტისტები, რომლებიც ექსკლუზიურად Lucy Lovers Studio-ში შექმნიდნენ ტატუებს. მალე ჩვენი სტუმარი იქნება ყველასთვის საყვარელი ანა ტაბატაძე. რაც შეეხება უფრო გრძელვადიან გეგმებს, მინდა, რომ საბოლოოდ Lucy Lovers Studio-ს უფრო მრავალფეროვანი გახდეს და აქ ადამიანები მხოლოდ ტატუს გასაკეთებლად არ დადიოდნენ.