“კინოსამყაროს ერთ-ერთი თვალწარმტაცი სილამაზე და ფრანგული ახალი ტალღის დაუვიწყარი სიმბოლო”. - წერდა New York Times. მართლაც, შეუძლებელი იყო ანა კარინას სილამაზე ვერ შეგენიშნა, განსაკუთრებით კი მისი ფართოდ გახელილი თვალები, რომლებიც კარინას ვიზუალის ინდივიდუალიზმს უსვამდა ხაზს.

 

 

როცა ანა კარინას წარმომავლობაზეა საუბარი, პირველი ქვეყანა, რომელიც ადამიანების გონებაში გაიელვებს, საფრანგეთია და ეს არცაა გასაკვირი. თუმცა, სინამდვილეში, იგი არა ფრანგი, არამედ დანიელი  იყო და ამიტომაც ბუნებრივია, რომ მისი კარიერის დასაწყისი კოპენჰაგენს უკავშირდება, სადაც 14 წლის ასაკში ფილმში გადაიღეს.

 


მსახიობობა ანა კარინას ერთადერთი მიღწევა სულაც არ ყოფილა და ხალხი მას რეჟისორის ამპლუაში ნაკლებად იცნობს. “მინდოდა, რომ რაღაც დამოუკიდებლად შემექმნა, რადგან როდესაც უამრავ რეჟისორთან გიწევს ურთიერთობა, ძალაუნებურად ამის შინაგანი მოტივაცია გიჩნდება”,  - განაცხადა ანამ 1973 წელს ალისტერ ვაითისთვის  მიცემულ ინტერვიუში. მან სულ ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო - “Vivre Ensemble” (1973) და “Victoria” (2008). როგორც ანა ამბობდა, თავისი პირველი ფილმი რეალურ ფაქტებზე იყო დაფუძნებული და იქ ასახული მოვლენები და დიალოგები მის ახლო მეგობრებს გადახდათ თავს. თავის ფილმებში ანა მთავარ როლებს ასრულებდა და სცენარების ავტორიც თავად გახლდათ. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ როდესაც ანამ რეჟისორობაზე განაცხადა პრეტენზია, იგი აბუჩად აიგდეს და მისი სურვილი უბრალო ახირებად ჩათვალეს. “მაშინ, როდესაც ხალხი მხოლოდ ერთ ამპლუაში გხედავს წარმატებულს, მათ უჩნდებათ მოსაზრება, რომ მხოლოდ იქ უნდა დარჩე და სიახლეების მცდელობის უფლებას აღარ გაძლევენ. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მყარად იდგე”, - თქვა კარინამ და ისიც დაამატა, რომ თავისი პირველი ფილმის ბიუჯეტი საკუთარი სახსრებით შეავსო.


 

კარინას ვარსკვლავური ცხოვრების უკან მისი არცთუ  ლაღი ბავშვობა იმალება. როგორც თავად ამბობს,  მთელი ბავშვობის განმავლობაში  უბრალოდ  სურდა, რომ ვინმეს მთელი არსებით ჰყვარებოდა. თუ ანა კარინას ბავშვობის დეტალებს კარგად გავეცნობით, ამ სიტყვების არსს მარტივად მივხვდებით, რადგან ისინი ზუსტად აღწერს იმ მცირეწლოვანის სულიერ მდგომარეობას, რომელსაც სხვა ბევრ სევდიან ამბავთან ერთად, დედის მშობლებთან ცხოვრების შემდეგ, რამდენიმე წელი ბავშვთა თავშესაფარშიც გაუტარებია.  ამგვარი არასტაბილური ცხოვრების წესის გამო, დედასთან ცხოვრების პერიოდში, ანას სახლიდან გაპარვის არაერთი მცდელობა ჰქონდა, რაც 17 წლის ასაკში პარიზში  წასვლით დაასრულა. 



“პარიზში ათი ათასი ფრანკით ჩავედი და ეს თანხა დიდხანს ვერ ვიმყოფინე. მგონი, ერთხელ სამი კვირის განმავლობაშიც კი ვიშიმშილე”. - იხსენებდა ანა ინტერვიუში. თუმცა იგი იმასაც ამბობს, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, იღბალი მაინც მის მხარეს აღმოჩნდებოდა ხოლმე. ანას თქმით, ადრეულ ასაკში მას გემოვნებიანად ნამდვილად არ ეცვა, თუმცა პარიზის ერთ-ერთ კაფეში ყოფნისას იგი მაინც მოხვდა კეტრინ ჰარლის მზერის არეალში, რომელმაც მას ფოტომოდელობა შესთავაზა და ანაც მაშინვე დათანხმდა. “ჩვენ დავინახეთ გოგო, რომელიც, დღევანდელი ბიტნიკებისა არ იყოს, უსუფთაოდ გამოიყურებოდა, მოხუცი კაცის საწვიმარი  და კარგა ხნის მოძველებული ფეხსაცმელი ეცვა, მაგრამ მისი თვალები იმდენად გამაოგნებელი იყო, რომ გარშემო ყველას ადგილზევე აქვავებდა”. - იხსენებდა ჰარლი ინტერვიუში. სწორედ ჰარლისთან თანამშრომლობის შედეგად ანასადმი ინტერესი ისეთმა სახელგანთქმულმა დიზაინერებმა გამოიჩინეს, როგორებიც იყვნენ პიერ კარდენი და კოკო შანელი. ცნობილია, რომ ანა კარინას ოფიციალური სახელის (Hanne Karin Bayer) ფორმირებაც შანელის დამსახურებაა.

 

 

მას მოდელობა გულით არასოდეს უნდოდა და საფრანგეთში მოხვედრილი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ანა მოდის ინდუსტრიას ძირითადად შემოსავლის წყაროდ აღიქვამდა. სინამდვილეში, კარინას  მსახიობობა სურდა  და ბედმა ამაშიც გაუღიმა. როდესაც ვსაუბრობთ ანა კარინას ცხოვრებაზე, პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ჟან-ლიუკ გოდარის პერსონას გვერდი ავუაროთ, რადგან კინოსამყარო კარინას ძირითადად ფრანგი რეჟისორის შეუცვლელი მუზის სახელით იცნობს. იგი გოდარისათვის მართლაც შეუცვლელი იყო, რასაც “Le Mépris” (1963) გადაღების პროცესიც ნათლად ადასტურებს. ფილმში, სადაც მთავარ როლს ბრიჯიტ ბარდო ასრულებდა, გოდარმა მსახიობს პირდაპირ სთხოვა, რომ ანა კარინასავით ეთამაშა და რამდენიმე წუთით ის ყოფილიყო. როგორც ანა ამბობდა, გოდარმა იგი პირველად საპნის რეკლამაში იხილა,  შემდეგ კი თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში (“Breathless”) კარინას ისეთ სცენაში თამაში შესთავაზა, სადაც  უნდა გაშიშვლებულიყო.



მელისა ანდერსონისთვის  2016 წელს მიცემულ ინტერვიუში კარინა კომიკურად იხსენებს მისი და გოდარის პირველი შეხვედრის დეტალებს: “მან შემათვალიერა და მითხრა, რომ როლს მე მაძლევდა და ფილმში უნდა გამეხადა. კატეგორიულად შევეწინააღმდეგე, რაზეც გოდარმა მიპასუხა, რომ  საპნის რეკლამაში შიშველი მნახა.  ვუთხარი, რომ იქ შიშველი სულაც არ ვყოფილვარ და ყველაფერი მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო. მთელი სხეული ქაფით მქონდა დაფარული და მაქსიმუმ მხრის მცირე ნაწილი გამომჩენოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რეკლამაში საცურაო კოსტიუმიც მეცვა”.

 



 

რა თქმა უნდა, ანა შეთავაზებას არ დასთანხმდა, უარის შემდეგ უკან გამობრუნდა და გოდართან გამართული დიალოგიც ნელ-ნელა მიივიწყა. თუმცა გოდარის შესახებ იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყოდით, რადგან ფრანგი რეჟისორი ერთი წლის შემდეგ ანას ისევ დაუკავშირდა და ამჯერად პოლიტიკური ფილმისათვის (“Le Petit Soldat”) მთავარი როლის თამაში შესთავაზა. ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რაც ანას გონებაში დაებადა ის იყო, მოუწევდა თუ არა ფილმის სცენებში გაშიშვლება, რაზეც მან გოდარისაგან უარყოფითი პასუხი მიიღო და მათი უშუალო ურთიერთობაც დაიწყო.

 

 

ანასა და გოდარის კავშირს ყველაზე კარგად რეჟისორის ფილმები აღწერს, სადაც მთავარ პერსონაჟად ყოველთვის ანა გვევლინება. თუ გოდარის მიერ გადაღებულ ფილმებს ქრონოლოგიურად მივადევნებთ თვალს, შევამჩნევთ, რომ მათში განვითარებული სიუჟეტები რეჟისორის იმდროინდელი ცხოვრების ზუსტი ანალოგია. მაგალითად მაშინ, როცა გოდარის პირველ სრუმეტრაჟიან ფილმებში პერსონაჟები მუდამ სადღაც მირბიან, ფილმში “Une famme est une famme” (1961) მთავარი პერსონაჟები სახლს მარტო არ ტოვებენ, ჩხუბის მიუხედავად ცდილობენ, რომ ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა ჩამოაყალიბონ და ოჯახი შექმნან, რაც წინა ფილმებთან შედარებით შესამჩნევ კონტრასტს ქმნის. ფილმის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ სცენაში ანა კაბარეში მღერის და მოხდენილად ცეკვავს, თანდათან კამერა მხოლოდ და მხოლოდ მის სახეს აფიქსირებს და მაყურებელი სიამოვნებით უმზერს, თუ როგორ ირეკლავს ანას ნაკვთები ფერადი განათების შუქებს, ანა კი მხოლოდ კამერაში იყურება და მისი მზერა არც ერთი წამით შორდება მას. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, რომ კამერად თავად გოდარი წარმოვიდგინოთ, რომელმაც საკუთარი მზერის ობიექტად კარინა ამოირჩია, ისიც მალევე უბრუნებს საპასუხო მზერას და მათ შორის ინტიმური კავშირი მყარდება. 

 

 

ფილმში ანას თამაში იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ბერლინის ფილმის ფესტივალზე მან საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმში ანას მიერ განსახიერებულ პერსონაჟს ერთადერთი მიზანი ამოძრავებს და ეს შვილის ყოლაა. საინტერესო დამთხვევაა ის, რომ ფილმის გადაღების პროცესში ანა კარინა გოდარისაგან დაფეხმძიმდა, რის შემდეგაც მათ ოფიციალურად მოაწერეს ხელი.




ამ მოვლენის შემდეგ გოდარი მალევე იღებს ფილმს “Vivre sa Vie” (1962) და მათი თანაცხოვრების მომდევნო პერიოდს ააშკარავებს. “Une famme est une famme-საგან” განსხვავებით, გოდარის შემდეგი ფილმის მთავარი პერსონაჟი (ანა კარინა) გულუბრყვილობას, ლაღ ღიმილსა და ბედნიერ ყოფას საგრძნობლად მოკლებულია, რასაც შავ-თეთრი გამოსახულება კიდევ უფრო ამძაფრებს. ეჭვგარეშეა, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ნანა ჰქვია, სინამდვილეში ანა კარინას მხატვრული სახეა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელები - ანა და ნანა ერთმანეთის ანაგრამებია. აშკარა იყო, რომ კარინასა და გოდარის ურთიერთობა ნელ-ნელა იძაბებოდა, რაც ფილმშიც შეინიშნება. თუ გოდარის წინა ნამუშვარში ანასა და კამერას შორის ორმხრივი კავშირი იგრძნობოდა, ფილმში “Vivre sa Vie” ანა კამერის (გოდარის) მიმართ ინდიფერენტულადაა განწყობილი და მის არსებობას უგულებელყოფს.ფილმში ნანა იღუპება, ისევე როგორც რეალური სამყაროს ანა. მიუხედავად იმისა, რომ ანა კარინამ 79 წლამდე იცოცხლა, ბავშვის დაკარგვის შემდეგ მისი არსების რაღაც ნაწილი მის შვილთან ერთად გაუჩინარდა.



ამას New York Times-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატიაც მოწმობს, სადაც ანა ამბობს, რომ გოდარის ფილმმა “Bande a part” (1964) მას სიცოცხლე ხელმეორედ აჩუქა. ბავშვის დაკარგვის შემდეგ მისი ფსიქიკური მდგომარეობა სტაბილურ ნიშნულს გადასცდა. ანას ამბით შეძრწუნებულმა გოდარმა კი მოახერხა და იგი რეალობას დააბრუნა. “ახალ ფილმს ვიღებ და იქ მთავარი როლი შენ უნდა ითამაშო, ფილმს აუთსაიდერების ბანდა ერქმევა.” ეს თქვა და ჩემი სიცოცხლე იხსნა.” - განაცხადა კარინამ.



“Pierrot le Fou” (1965) ანასა და გოდარის ურთიერთობის უკანასკნელ დღეებს ააშკარავებს. შეიძლება ითქვას, რომ გოდარი ანას ბელმონდოს პერსონაჟის საშუალებით მხატვრულად გამოემშვიდობა. ფილმში ფერდინანდი (ჟან-პოლ ბელმონდო) საყვარელი ქალის გარეშე რჩება, ისევე როგორც ჟან-ლიუკ გოდარი. შესაბამისად, ფერდნანდის მსგავსად, ფრანგი რეჟისორის ცხოვრების ერთი ფაზა არსებობას წყვეტს და იგი მომდევნო ეტაპზე გადადის, რომელიც კარინას გარეშე გააგრძელებს არსებობას.



როგორც ანა ამბობდა, ჟან-ლიუკთან ურთიერთობა მის ცხოვრებაში პიროვნული და კარიერული თვალსაზრისით უმმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და განქორწინების მიუხედავად მასთან კავშირს არავითარ შემთხვევაში არ გაწყვეტდა, რადგან ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშრებდათ. 

 

 

“ბოლოს ყოველთვის ისე გამოდის, რომ ჩვენს მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს წარმოავდგენთ, მაგრამ პირიქითაც ხდება ხოლმე და ხშირად სწორედ პერსონაჟები საუბრობენ ჩვენზე.” - ამბობდა ანა.