ნიკ ქეივი ავსტრალიელი მუსიკოსია, რომლის შემოქმედებაც ოთხ დეკადაზე მეტს ითვლის. მისი ნამუშევრები ტკივილის, სიყვარულის, სიკვდილის, იმედის, ღმერთის შესახებაა. იმის გამო, რომ ქეივის შემოქმედება ძალიან ვრცელია, ამ სტატიაში მის რამდენიმე მნიშვნელოვან ალბომსა და პროექტზე მოგიყვებით.




მუსიკოსის კარიერის დასაწყისი 1976 წელს ჩამოყალიბებულ პოსტ-პანკ ბენდს - The Birthday Party-ს უკავშირდება, რომლის კონცერტებიც ძალიან დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო: “ყოველთვის ზღვარზე ვიყავით, შოუებზე ნამდვილი ნერვული ენერგია იგრძნობოდა”, - ამბობს მაიკ ჰარვი. თუმცა გარკვეული პრობლემების გამო, ბენდი მალე დაიშალა და 1983 წელს ქეივმა ჰარვისთან და რამდენიმე სხვა მუსიკოსთან ერთად Nick Cave & Bad Seeds დააარსა, რომლის შემოქმედებაც უამრავ საინტერესო ალბომს აერთიანებს და დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.




ადრეული ჩანაწერებიდან, ყველაზე გამორჩეულია Murder Ballads (1996), რომელმაც, ფაქტობრივად, ქეივის მთელი დარჩენილი კარიერა განსაზღვრა. ალბომის მთავარი თემები მკვლელობა და ძალადობაა, რომლებიც სიმღერების ტექსტებში იუმორისტულად და ნატურალისტურადაა აღწერილი. მაგალითად, Stagger Lee უხეში ენით მოყოლილი მკვლელის ისტორიაა, Song for Joy კი ოჯახის მკვლელობის ამბავს დეტალურად აღწერს. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ ალბომის ორი დუეტი. პირველი - Henry Lee პიჯეი ჰარვისთან ერთად შესრულებული ლეგენდარული სიმღერაა, მეორე კი - Where the Wild Horses Grow კაილი მინოუგთან ერთადაა ჩაწერილი და დიდ ბრიტანეთში დღემდე ქეივის ყველაზე წარმატებულ სიმღერად ითვლება, რაშიც უდიდესი წვლილი “ჰამლეტის” შთაგონებით გადაღებულ კლიპს მიუძღვის. მთლიანობაში, ეს არის შემზარავი ალბომი, რომლის სათაურიც მის შინაარსზე ყველაფერს ამბობს.


შემდეგი ჩანაწერი, რომელიც მინდა გამოვარჩიო, არის Boatman’s Call (1997) - ქეივის თქმით, მისი ყველაზე პირადული ალბომი, რომელიც სპირიტუალურობასა და სიყვარულზე მედიტირებს. იგი ძალიან მელანქოლიურია, რაც შეგვიძლია ნიკის რთულ ცხოვრებისეულ პერიოდს დავუკავშიროთ - ამ დროს იგი უკვე დაშორებული იყო როგორც თავის მეუღლეს, ისე პიჯეი ჰარვის და ჰეროინზე დამოკიდებულებას ებრძოდა. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ამ ალბომის სიმღერები ურცხვი პირდაპირობით შეეხება პიჯეის, რაც სხვადასხვა მელოდიის სათაურშიც კია გამოხატული (მაგ. Green Eyes, Black Hair, West Country Girl). ალბომს გამორჩეული დასაწყისი აქვს: "I don't believe in an interventionist God, but I know darling that you do" და ამგვარადვე გრძელდება. მთლიანობაში, ეს ქეივის ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერია, რომელიც სიყვარულს, ღმერთსა და გრძნობების გაქრობას იკვლევს. 




No More Shall We Part (2001) ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჩაიწერა და ბენდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მელანქოლიური ნამუშევარია. წინა ალბომისგან განსხვავებით, ქეივი აქ სიყვარულსა და დანაკარგზე კონკრეტული სახელებით აღარ საუბრობს, ის უფრო ზოგად განწყობას ქმნის, რომელიც ემოციების კონტროლის, მეტი ჰარმონიისა და სიმშვიდის განცდას იწვევს. სწორედ ამ სინაზის გამო, რომელსაც არა მხოლოდ ტექსტები, არამედ მსუბუქი გიტარისა და ფორტეპიანოს ხმებიც ქმნიან, მსმენელს შეიძლება გაუჩნდეს წინათგრძნობა, რომ ჩანაწერი მალე ზედმეტად პათეტიკურად გადაიქცევა, თუმცა მუსიკოსების ოსტატობის წყალობით, ეს არ  ხდება და მელოდიები მუდმივად ინარჩუნებენ თავიანთ კონკრეტულ ტონს.




ქეივის პროექტებზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ბენდი Grinderman, რომელიც 2007-2010 წლებში მუშაობდა და Bad Seeds-ის შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული. ალბათ ამის გამო, მას მცირე Bad Seeds-აც უწოდებენ, რაც, ჩემი აზრით, არც ისე სამართლიანია, რადგან როგორც ჟღერადობით, ისე ტექსტებით ეს ორი ბენდი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. Grinderman არაკომერციული, შეიძლება ითქვას, ექსპერიმენტული როკ-პროექტია, რომელიც თავისი უხეში, ნედლი, მაგრამ მაინც მიმზიდველი ხმებითა და ტექსტებით ქეივის უამრავ თაყვანისმცემელს ხიბლავს. მთლიანობაში, მათ ორი ალბომი გამოაქვეყნეს - Grinderman და Grinderman 2, თუმცა დღემდე უცნობია, განაახლებენ თუ არა ისინი ოდესმე ამ პროექტზე მუშაობას.



დავუბრუნდეთ Bad Seeds-ს. მათი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ალბომია -Push the Sky Away (2013), რომელიც მიკ ჰარვის ჯგუფიდან წასვლის შემდეგ პირველი სრული ჩანაწერია. აქ ჰარვის ერთგვარ ჩამნაცვლებლად უორენ ელისი გვევლინება, რომელსაც ახალი ტიპის ჟღერადობა შემოაქვს ჯგუფის შემოქმედებაში. შეიძლება ითქვას, რომ ალბომი მინიმალისტურია და ძალიან მშვიდად ვითარდება, რაც არა დანაკლისის, არამედ, პირიქით, სისავსის შეგრძნებას იწვევს. ამ ჩანაწერში ქეივი მოვლენების აქტიურ მონაწილედ აღარ გვევლინება, ის უბრალო დამკვირვებელია, რასაც ხშირად შუახნის კრიზისსა და დაბერების შიშს უკავშირებენ, რის დასტურადაც ალბომის სათაურიც გამოდგება. საინტერესოა, რომ ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი თემა წყალია, რომელიც მელოდიებში სხვადასხვა სახით გვხვდება.


ძალიან სევდიანია ჯგუფის მე-16 ალბომი - Skeleton Tree (2016), რომელიც გლოვასა და დანაკარგს იკვლევს. უნდა გავიხსენოთ, რომ 2015 წელს ნიკ ქეივის თინეიჯერი შვილი ართური უბედური შემთხვევისას გარდაიცვალა და, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ალბომის ტექსტებზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო, შეუძლებელია, ქეივის ხმაში ის ტკივილი და მწუხარება ვერ ამოვიკითხოთ, რომელიც მასში შვილის გარდაცვალებას უნდა გამოეწვია. ჩანაწერის პირველი სიტყვები - “You fell from the sky, crash-landed in a field near the River Adur” საოცრად წინასწარმეტყველურია და კონკრეტულ სევდიან ტონს ქმნის, რომელსაც მთელი ალბომის მანძილზე ვოკალში გაჩენილი ხარვეზები და გამორჩეული ინსტრუმენტალი წარმოუდგენელ ავთენტურობას ანიჭებს. შეიძლება ითქვას, რომ მთავარი განაცხადი, რომელსაც ეს ალბომი აკეთებს, ღმერთისა და ბედნიერი დასასრულის უარყოფაა. ეს სრული პირდაპირობა და ტკივილთან თვალის გასწორება კი მას იმგვარ შთამბეჭდაობას ანიჭებს, რომლის დავიწყებაც თითქმის შეუძლებელია. 


Nick Cave & Bad Seeds-ის ბოლო ალბომი - Ghosteen (2019) შვილის გარდაცვალების შემდეგ გაკეთებული პირველი სრული ჩანაწერია, რომელშიც ნიკი თავის გლოვაში გარკვევასა და მის დანაწევრებას ცდილობს. ერთი საათის მანძილზე მუსიკოსის განწყობა სასოწარკვეთილიდან დაიმედებულამდე ხშირად იცვლება, რაც სინთეზატორების, ფორტეპიანოსა და ელექტრონული ხმების დახმარებითაა მიღწეული. აქ ვხვდებით ნაცნობ თემებს - ქრისტე, სირინოზები, სამოთხემდე მიმავალი გზა - მაგრამ მათთან ერთად იგრძნობა ეგზისტენციალური განწყობა და იმის გაგების სურვილი, თუ რა არის სინამდვილე და რა - არა. მნიშვნელოვანია, რომ ქეივი ტრაგედიას არც ტრიუმფად და არც ბოროტებად არ აქცევს, ის უბრალოდ თვალს უსწორებს ფაქტობრივ მოცემულობას, ალბომის დასასრულს ნათქვამი სიტყვები კი - “It’s a long way to find peace of mind”  გზავნილია იმის შესახებ, რომ მუსიკოსი ტკივილის განცდისას მარტო არ ყოფილა და არც მისი მსმენელები იქნებიან. 


დღეს ნიკ ქეივი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოცხალი მუსიკოსია, რომლის უდიდესი დისკოგრაფიაც ძირეულ ადამიანურ შეგრძნებებს, სურვილებსა და ტკივილებს იკვლევს. უამრავი წლის შემდეგ ქეივს ჯერ კიდევ აქვს ბრწყინვალე უნარი, მსმენელს რაღაც სრულიად გამორჩეული, გულწრფელი და მომაჯადოებლად ლამაზი შესთავაზოს.