ლუკინო ვისკონტმა - იტალიურ კინოში ნეორეალიზმის ფუძემდებელმა, კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი, ორაზროვანი და პარადოქსული ხასიათი შექმნა. ვისკონტის კინემატოგრაფიული სტილი, ისევე როგორც მთლიანად მისი შემოქმედება, კომპლექსურობით გამოირჩევა. რეჟისორის განსხვავებული სტილის ფორმირება შეიმჩნევა მის ადრეულ ფილმებში - „მიწა ცახცახებს“ (1948) და „ყველაზე ლამაზი“ (1951). ამავე პერიოდში შექმნა თეატრალური დასიც. თეატრში მან არტურ მილერის, ტენესი უილიამსისა და ჟან კოქტოს პიესების ადაპტაციები წარმოადგინა. ვისკონტი ასევე ხელმძღვანელობდა ოპერას და ქმნიდა ბალეტს.
საინტერესოა, რომ ვისკონტის გავლენებზე საუბრისას ლიტერატურა უფრო ხშირად მოიხსენიება, ვიდრე კინო და მისი ადრეული წარმომადგენლები. ვისკონტი კარგად იცნობდა ევროპულ ლიტერატურას, მის ფილმებში ჩანს პრუსტის, მანის, კამიუს, დოსტოევსკის და სხვათა გავლენა, კინოში კი ვისკონტი თავად იყო ინოვატორი - მან ოსტატურად დანერგა ოპერისა და ნოველისთვის დამახასიათებელი თხრობის ენა და კინემატოგრაფიული გამომსახველობისთვის საჭირო საშუალებების მიგნებით, ზუსტად ასახა, მეოცე საუკუნის სოციო-პოლიტიკური კლიმატი.
ძალიან ხშირად ავლებენ პარალელს ვისკონტსა და პაზოლინს შორის. ომის შემდგომი ევროპული კულტურის ეს ორი უდიდესი წარმომადგენელი უპირისპირდებოდა აბორტს, ფემინიზმს და განქორწინებას, რასაც ისინი იტალიური საზოგადოების მორალურად დაშლის მიზეზებად მიიჩნევდნენ; ორივე მემარცხენე და ანტიკლერიკალი იყო. პაზოლინისა და ვისკონტის გახმაურებულ ფილმებში - ვისკონტის „ყველაზე მშვენიერსა“ და პაზოლინის „დედა რომაში“ - მთავარ როლებს ანა მანიანი ასრულებს. ორივე მათგანში, დედა-შვილს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების დრამატული მხარეა წარმოჩენილი.
ოჯახი და ისტორია - სწორედ ეს ორი თემა „მართავს“ ვისკონტის ფილმოგრაფიას. ოჯახურ ისტორიას ის ხშირად არსებულ პოლიტიკურ ფონთან აკავშირებს. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოჯახის თემაზე ფოკუსირებით და ზოგადად, ოჯახის ტრადიციული ინსტიტუციის დაცვით, ვისკონტი თავისი ჰომოსექსუალიზმის კომპლექსის კომპენსაციას ახდენს.
სწორედ ოჯახის თემატიკას ეხება ვისკონტის ეპიკური დრამა -”როკო და მისი ძმები“, რომელიც დედისა და მისი ხუთი ვაჟის თავგადასავალს გვიყვება. გადაჭარბებული ემოციურობის გამო, ფილმმა გამოსვლისთანავე კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა, როგორც ერთხელ მარტინ სკორსეზემ აღნიშნა, ვისკონტის ეს ფილმი ისეთ დრამატულ ამბავს გვიყვება, რომლის მსგავსიც, რეალურ ცხოვრებაში ყველა ჩვენგანს უნახავს. კინოკრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ”როკო და მის ძმების” ფაბულაში დოსტოევსკის “იდიოტის” და თომას მანის ”იაკობი და მისი ვაჟების“ სწორხაზოვანი გავლენა იკითხება.
რაც შეეხება ისტორიულ თემატიკას, ეს მხარე გაცილებით რთული აღმოჩნდა კრიტიკოსებისთვისაც, ალბათ ვისკონტის პოლიტიკური ორიენტაციის ჩახლართულობის გამო. განსაკუთრებული დებატების საგანი კი გახდა „გრძნობა“ (1954), რომელიც მსუბუქი ყოფაქცევის გრაფინიასა და ავსტრიელი ოფიცრის სიყვარულისა და ღალატის შესახებ მოგვითხრობს. ეს ფილმი, კრიტიკოსებმა ნეორეალისტური მემკვიდრეობის ღალატადაც კი შეაფასეს.
ვისკონტი აღნიშნავდა, რომ ფილმების გადაღების პროცესის მისთვის ყველაზე საყვარელი ნაწილი მსახიობებთან ურთიერთობა იყო. ეს კარგად ეტყობა კიდეც არაჩვეულებრივი გემოვნებით შერჩეულ მსახიობთა “რეპერტუარს” - ანი ჟირარდო, ალენ დელონი, ჰელმუტ ბერგერი, ალიდა ვალი, კლაუდია კარდინალე და ა.შ.
ვისკონტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სცენისა და კოსტიუმების დიზაინს; თანამშრომლობდა საუკუნის ყველაზე ცნობილ კოსტიუმების დიზაინერ პიერო ტოსისთან, თეატრში მოღვაწეობის დროს კი, თვითონ ითავსებდა ინტერიერის დიზაინერისა და დეკორატორის ფუნქციებს. მისი ფილმები ხშირად მდიდრული მოდის ჩვენებების გადაღებებს ჰგავს, ისტორიული ფილმები კი მაყურებლის ყურადღებას სასახლეებითა და ბაღებით იქცევს. ამ მხრივ განსაკუთრებით შთამბეჭდავია „ლეოპარდი“ (1963), რომელიც სიცილიური არისტოკრატიული ოჯახის ვნებების შესახებ მოგვითხრობს. ფილმებში ხშირად გვხვდება ცნობილი მხატვრული ტილოებიც, ისევე როგორც უამრავი ვიზუალური ალუზია მხატვრობის ამა თუ იმ ცნობილ ნიმუშთან - ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ მოწმობს ლუკინო ვისკონტის მხატვრულ - ვიზუალური სამყაროს უნივერსალობას.
დაწერე კომენტარი