კონცეპტუალური ხელოვნების ნათლია, მხატვრობის პრაქტიკული გამოყენების ოსტატი (Master of appropriation), ციფრული ხანის სიურრეალისტი - ასე ხასიათდება ჯონ ბალდასარის მრავალფეროვანი შემოქმედება, რომელიც  სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგს მოიაზრებს. ვიდეოარტი, ბილბორდი, პრინტი, სკულპტურა,  მხატვრობა, ფოტოხელოვნება და ჯონ ბალდასარი ერთმანეთთან მტკიცედაა გადაჯაჭვული. მისი ნამუშევრები კონცეპტუალურ და მინიმალისტურ ხელოვნებასთან ასოცირდება, თუმცა თავად ხელოვანი ამ დახასიათებას ცოტა მოსაწყენად მიიჩნევდა. ბალდასარის შემოქმედებაში მთავარ ადგილს იუმორი, ირონია და პროვოკაცია იკავებს, მისი სახელი კი დამსახურებულადაა მსოფლიოში აღიარებული.



 ჯონ ბალდასარი დაიბადა 1931 წლის 17 მაისს კალიფორნიაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ  ადგილობრივ სახელმწიფო კოლეჯში ქიმიის შესასწავლად გადავიდა, თუმცა საკუთარი თავი ხელოვნებაში აღმოაჩინა. შვიდწლიანი შემოქმედებითი პროცესის შემდეგ ჯონი მიხვდა, რომ შექმნილი 500 ნამუშევრიდან არცერთი არ გაყიდულა. სწორედ ამ დროიდან იწყება ექსპერიმენტები და ახალი ფორმების ძიება მის შემოქმედებაში. სერია Wrong ამ პერიოდში შეიქმნა და მისი პირველი სოლო გამოფენაც 1968 წელს  გაიმართა. ბალდასარი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა ხოლმე, რომ 60-იან წლებში მის ირგვლივ არსებული ხელოვნება არ მოსწონდა, სწორედ ამიტომ თავად დაიწყო შექმნა.


60-იანი წლების ბოლოს ხელოვანმა  აგრესიული, საჯარო და სიმბოლური აქტი განახორციელა.  თავისი ყველა ნამუშევარი, რომელიც არ  გაიყიდა,  დაწვა, ფერფლი კი ადგილობრივ კრემატორიუმში წაიღო. ამგვარი ქმედებით დაიწყო ხელოვანმა საკუთარი ისტორიის წერა. ჯონის ახლებური ხედვა ამით არ მთავრდება, მან დაბეჭდა ტექსტი ტილოზე და ამას ხელოვნება უწოდა, განზრახ გადაიღო ცუდი კომპოზიციის ფოტოები და ამას არასწორი უწოდა, შექმნა კომპოზიცია I Will Not Make Any More Boring Art.



ბალდასარს  უამრავი ფოტო აქვს გადაღებული, რომელზეც თავადაა გამოსახული - ხან სხვადასხვა ქუდი აქვს სახეზე აფარებული, ხანაც ხელს უქნევს ზღვაში მიმავალ ნავს ან კიდევ სხვადასხვა ნივთებს ისვრის გოლფის ჯოხით. მისი შემოქმედება მართლაც ძალიან მრავალფეროვანი და ინოვაციურია.





1985 წელს ჯონ ბალდასარმა დაიწყო წერტილებით იმ საზოგადო მოღვაწეების სახეების დაფარვა, რომელთა მიმართაც სიმპათიით არ იყო განწყობილი. წერტილებმა მალე მთელი მისი შემოქმედება მოიცვა.  სიცოცხლის ბოლომდე  ქმნიდა კოლაჟებს, პრინტებს და ნახატებს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: „ასი წლის შემდეგ გამიხსენებენ, როგორც კაცს, რომელიც ხალხს სახეზე წერტილებს ადებდა“. წერტილებით დაფარული სახეები ჯონ ბალდასარის ხელწერად იქცა, ეს მარტივი აღმოჩენა მის შემოქმედებას ახასიათებს და გამოარჩევს, თუმცა მისი ნამუშევრები ბევრად უფრო მრავალფეროვანი და მრავლისმომცველია, ვიდრე წერტილები.



ჯონ ბალდასარი  იკვლევდა იდეებს ურთიერთობის თემაზე.  მისი  ზოგიერთი ნამუშევარი წარმოადგენს ტექსტისა და სურათების კონცეპტუალურ შეთავსებას, რაც აჩვენებს ენის უზარმაზარ ასოციაციურ ძალას ხელოვნების ურთიერთქმედებასა და გაგებაში. იგი თავის სტუდენტებს მუდმივად მოუწოდებდა, რომ არ შეეხედათ საგნებისთვის, არამედ დაენახათ ის, თუ რა ხდებოდა საგნებს შორის.




ხელოვანისთვის მნიშვნელოვანი იყო ობიექტების ცალ-ცალკე აღქმა, მისი სერია „სხეულის ნაწილები“ სწორედ ამაზეა. ბალდასარი ხელოვნების ნიმუშებს  ძველისგან ქმნიდა და ახლებურად აწოდებდა საზოგადოებას. “ვფიქრობ, შესაძლოა ძალიან ოპტიმისტურადაც, რომ ხელოვნება თავისთავად ენაა, რომელიც საბოლოოდ მაინც გასაგებია საზოგადოებისთვის.”



ჯონ ბალდასარს უდიდესი წვლილი მიუძღვის ლოს-ანჯელესის სამხატვრო სცენის მშენებლობაში და არა მარტო... თავისი გამორჩეული ნამუშევრებითა და ინოვაციური მიდგომით მან გავლენა იქონია მსოფლიოში ცნობილ  მხატვართა მთელ თაობაზე. ხელოვანის “მოგზაური” რეტროსპექტივა -  Pure Beauty დაიწყო Tate Modern-ში 2009 წელს და დასრულდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ორი წლის შემდეგ. იმავე წელს ვენეციაში მას გადაეცა ოქროს ლომი, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი მას 2014 წელს ხელოვნების ეროვნული მედალი გადასცა. ლეგენდად ქცეული ხელოვანი  88 წლის ასაკში, 2020 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა.


დაბოლოს, სამი რამ, რაც ჯონ ბალდასარის აზრით ახალგაზრდა ხელოვანმა უნდა იცოდეს: 1. ნიჭი იაფია.  2. შეუძლებელია რაიმეთი შეპყრობილი იყო მარტო იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტე. 3. იყავი საჭირო დროს საჭირო ადგილას.