ბერლინის ქუჩებში მორბენალი ახალგაზრდა, წითური ლოლა გერმანული კინოს სახასიათო ფენომენი და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფიგურაა. თამამი ნარატივი და ინოვაციური თხრობის მეთოდები ფილმში “გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი” ამბის წამყვან ელემენტებად გვევლინება. ლოლა კი, რომელიც ოთხმოცდაათიანების მიწურულს უამრავი გერმანელი ახალგაზრდისთვის შთაგონების წყაროდ იქცა, ფილმის უმეტეს ნაწილს ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღებაში, დროით თამაშსა და სირბილში ატარებს.
მკაფიო ფერთა ესთეტიკა და ტექნომუსიკა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფილმს გამოსვლისთანავე მიეპყრო ახალგაზრდა მაყურებლის ყურადღება, რასაც შემდგომ უცხოელთა ინტერესი, საბოლოოდ კი საერთაშორისო აღიარება მოჰყვა. ნოვატორული ოპერატურული ნამუშევრისა და ბრწყინვალე მონტაჟის გამო, საუკეთესო დამოუკიდებელი ფილმის სტატუსით დაჯილდოებული “Lola Rennt” გერმანიაში ოთხმოცდაათიანების საკულტო ნამუშევრად ითვლება.
მულტიჟანრობრივი ფორმის გამო, ფილმს როგორც კრიმინალური თრილერისთვის დამახასიათებელი სიუჟეტი, ისე ვიდეოთამაშის სტრუქტურაც ერგება. ლოლას ოცი წუთი აქვს, რომ შეყვარებული გადაარჩინოს, ამის მისაღწევად კი მან ასი ათასი ევრო უნდა იშოვოს. “პეპლის ეფექტი” რეჟისორის, ტომ ტაიკვერის ფილმში ერთ-ერთი მთავარი თემატური ფორმულაა: ყოველ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო გადაწყვეტილებას, რომელსაც ლოლა ოცი წუთის განმავლობაში იღებს, მოულოდნელი შედეგი მოჰყვება, რაც სრულიად ცვლის ამბის დასასრულს. მაშინ როდესაც ლოლას ქმედებებს ის წარუმატებლობამდე მიჰყავს, პერსონაჟი დროის მანიპულაციით დღეს ხელახლა იწყებს. მაყურებელიც არასოდეს კარგავს ინტერესს, თვალი ადევნოს და ივარაუდოს, თუ როგორი კულმინაცია ექნება ლოლას “თავგადასავალს” ყოველი ცდის ბოლოს და რომელი მათგანი აღმოჩნდება რეალური.
“ყოველთვის ვცდილობ გმირის ემოციური მდგომარეობა კინოს მედიუმს მოვარგო, ამიტომ ფილმი, რომელიც ენერგიულ გმირს ეხება, მინდოდა, თავისი ვიზუალითა და მუსიკალური გაფორმებითაც ყოფილიყო აქტიური, ცოცხალი და შეუჩერებელი”. რეჟისორის მიზანი უდავოდ გამართლდა, რადგან რთულია პროცესში ლოლას რისკიან გადაწყვეტილებებს მხარი არ აუბა ან მასავით ბერლინის ქუჩებში სირბილი არ მოგინდეს.
ტაიკვერის ფილმი ვიდეოთამაშის პრინციპს ატარებს: თუკი ლოლა გარკვეულ დაბრკოლებას ვერ გადალახავს, იმავე გზის გავლა ხელახლა მოუწევს. პროცესი კი მანამ გრძელდება, სანამ ის სასურველ შედეგს არ მიაღწევს, მეორანირად, ”გაიმარჯვებს”. ნამუშევრის კიდევ ერთი საინტერესო მხარე ტექნომუსიკაა, რომელიც ლოლას სირბილს თან სდევს და გმირის განწყობისა და მოზღვავებული ენერგიის კიდევ ერთი მანიფესტაციად იქცევა.
ბერლინი, რომელიც ფილმში ხშირად ფიგურირებს, ვიზუალური ფონის გარდა, ერთი მხრივ, თავადაც “პერსონაჟის” როლს ირგებს. აქტიური სიუჟეტის, მკვეთრი ფერებისა და დაუღალავად მორბენალი ლოლას ფონზე, ქალაქის არქიტექტურა განსაკუთრებულად თვალშისაცემია. ყვითელი ფოტოჯიხური იქნება ეს თუ გერმანული ბანკი... ფილმი ბერლინის უამრავ ისეთ კუთხეს წარმოადგენს, რაც ქალაქის იმდროინდელ პორტრეტს მკაფიოდ გვიხატავს.
“გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი” გერმანული კინემატოგრაფიის დღემდე საინტერესო, ექსპერიმენტული ფრაგმენტია, რომელიც არა მხოლოდ დახვეწილი ტექნიკური მახასიათებლებით იპყრობს მნახველის ყურადღებას, არამედ ჩვენი ქმედებებისა და ყოველდღიური გადაწყვეტილებების მოულოდნელ შედეგებზეც დაგვაფიქრებს.
დაწერე კომენტარი