მთის მწვერვალში ჩაფლული მუზეუმი ზაჰა ჰადიდის არქიტექტურული ფირმის ნამუშევარია, რომელსაც პოპულარული სათხილამურო კურორტის, კრონპლაცის შუაგულში შევხვდებით. მუზეუმი ცნობილი მთასვლელის, რეინოლდ მესნერის სახელობისაა, რომელმაც მსოფლიოში არსებული 8000 მეტრზე მაღალი 14-ივე მთა პირველმა დაიპყრო და ეს ადგილიც სწორედ მან დააარსა.
სამხრეთ ტიროლის კურორტი გარშემორტყმულია ისეთი მწვერვალებით, როგორებიცაა Zillertal, Ortler და Dolomites. მესნერის თქმით, აუცილებელი იყო მუზეუმის არქიტექტორს გაეთვალისწინებინა რამდენიმე მოთხოვნა, მაგალითად, ხედი სამხრეთ-დასავლეთით Peitlerkofel-ის მთისკენ, ხედი სამხრეთით Heiligkreuzkofel-ის მწვერვალისკენ და აივანი დასავლეთით Ortler-ის და სამხრეთ ტიროლის მხარეს. მუზეუმიც სწორედ მესნერის ხედვას ითვალისწინებს და გამოირჩევა თავისი პანორამული ხედით და კონსოლური აივნით.
ეს მუზეუმი მესნერის მეექვსე და ბოლო მუზეუმია Messner Mountain Museum-ის კრებულში, რომელიც მთის ისტორიას და ტრადიციულ ალპინიზმს ეძღვნება. „განსაკუთრებული ამ მუზეუმში ლოკაციის, ხედის და არქიტექტურის კომბინაციაა“ - როგორც თავად მესნერი აღწერს. გარემო და ბუნება დიდ როლს თამაშობს არქიტექტურულ გადაწყვეტილებებში, შედეგად კი ზაჰა ჰადიდის უნიკალური არქიტექტურა, როგორც მისი სხვა ნამუშევრები, ყველასგან გამორჩეულია.
ექსტერიერის ფორმები კლდოვანი და ყინულიანი გარემოს ინსპირაციითაა შექმნილი. შენობა თითქოს კლდის გაგრძელებაა და მწვერვალშია ნახევრად ჩაფლული. სწორედ ამ კლდის თემატიკით, სამშენებლო მასალად ბეტონი შეირჩა, არა მხოლოდ მისი მოქნილობის გამო, არამედ ესთეტიკური მიზნებისთვისაც. მშენებლობის დროს ამოღებული ნიადაგი კი სახურავზეა განთავსებული, ისე რომ, თითქოს მუზეუმი კლდეს ორ ნაწილად ყოფს
დაწერე კომენტარი