სიყვარული რომ ყველაზე დიდი ინსპირაციაა, თითქმის ყველა დროის ყველა ხელოვანს სხვადასხვა სამეტყველო ენით უთქვამს. თანამედროვე ხელოვნების თითოეული ეს ნიმუშიც ერთმანეთისგან განსხვავებულ სტილსა და მედიუმშია შესრულებული, თუმცა ყოველ მათგანს  აერთიანებს სიყვარული - როგორც შთაგონება.

ჯეფ კუნსი - Sacred Heart


ჯეფ კუნსის ეს ნამუშევარი Celebration სერიის ნაწილია, რომელშიც არტისტი ხატავს ან ინსტალაციად აქცევს იმ იაფ, მასობრივად გავრცელებულ პროდუქტებს, რომელთა საშუალებითაც, როგორც წესი, დაბადების დღის მსგავსი ღირსშესანიშნავი თარიღები აღინიშნება. ნამუშევარი Sacred Heart კი  შთაგონებას სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის შექმნილი შოკოლადის შეფუთვისგან იღებს.

როი ლიხტენშტეინი Oh Jeff...



როი
ლიხტენშტეინი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია, რომლის სახელიც, ენდი უორჰოლთან ერთად, ამერიკული პოპ-არტ მიმდინარეობის ჩამოყალიბებას უკავშირდება. კომიქსებით, მულტფილმებით და სარეკლამო პოსტერებით შთაგონებულმა ლიხტენშტეინმა  1960-იან წლებში 5000-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა, მათ შორის Oh, Jeff...I Love You, Too...But..., რომელიც ამერიკული კომიქსების წიგნის  -  Girls’ Romances #78-ის შთაგონებით სწორედ კომიქსის სტილს წარმოადგენს.

რობერტ ინდიანა LOVE


 


ალბათ ძალიან ცოტა ნამუშევარია ისე ფართოდ გავრცელებული, როგორც  მეოცე საუკუნის ამერიკული პოპარტის გამორჩეული წარმომადგენლის, რობერტ ინდიანას LOVE, რომელიც  უკვე პრინტის, ნახატის, სკულპტურისა თუ საფოსტო შტამპის სახით არსებობს. თუმცა, პირვანდელი LOVE 1965 წელს ხელოვანმა  საშობაო მისალოცი ბარათის დიზაინისთვის შექმნა.
მოგვიანებით  პრინტ ვერსიაში ინდიანამ წითელთან ერთად ლურჯი და მწვანე ვერსიებიც შექმნა და თავისი საკულტო ნამუშევარი სკულპტურადაც აქცია.

ფელიქს გონსალეს ტორესი Untitled Perfect Lovers



ერთსა და იმავე დროზე დაყენებული საათი ფელიქს გონსალეს ტორესისთვის იდეალური სიყვარულის მანიფესტაციაა. მით უფრო, როდესაც ნამუშევარი ხელოვანის პირად გამოცდილებას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ტორესმა მისი ცხოვრების პარტნიორის მძიმე დაავადების შესახებ შეიტყო, ეს ყოველდღიური მოხმარების საგანი მისთვის დროის გარდაუვალი დინების საზომი გახდა. "დრო ისაა, რაც ყველაზე მეტად მაშინებს, ეს ორი საათი კი ყველაზე საშიში რამაა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. მინდოდა ამ საათებს  ყოველდღიურად პირდაპირ ჩემ თვალწინ ეწიკწიკათ", - ამბობს ტორესი თავისი ნამუშევრის შესახებ.

ტრეისი ემინი Love is What You want



ბრიტანელი ხელოვანი ტრეისი ემინი ცნობილია ნეონით შესრულებული ნამუშევრებით, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სიყვარულის შესახებ მისივე სამახსოვრო ფრაზებით  შექმნილ სერიას.

ენდი უორჰოლი I love Your kiss Forever Forever



ეს ნახატი მისი მულტიპლიკაციური ნამუშევრების ერთადერთი მაგალითი როდია, თუმცა, I Love Your Kiss Forever Forever ერთ-ერთი პირველია მათ შორის, რომელიც უორჰოლმა მერლინ მონროს შთაგონებით შექმნა.

მარინა აბრამოვიჩი და ულეი The Lovers: The Great Wall walk



მათი  სამოცდაათიან წლებში დაწყებული სიყვარული მოგვიანებით ხელოვანების რამდენიმე საერთო ნამუშევარში გაგრძელდა და საბოლოოდ ჩინეთის დიდ კედელთან უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ დასრულდა.

დემიენ ჰირსტი All You need is love, love, love


წითელ ფონზე გამოსახული ლურჯი პეპლები დემიენ ჰირსტის შემოქმედების  ყველაზე ცნობილ მოტივს წარმოადგენს. გულის ფორმაში მოქცეული პეპლები კი, რომლებიც ხანმოკლე ცხოვრების სიმბოლოა, დემიენ ჰირსტმა ბითლზების ცნობილი ფრაზის - All we need is Love თავისი ვერსიის შესაქმნელად გამოიყენა.