ამერიკელი ფოტოგრაფის, სინდი შერმანის შემოქმედება ცნობილია ავტოპორტრეტებით. მისი ნამუშევრები ფემინიზმს უკავშირდება, რადგან ხელოვანი ხშირად ამახვილებს ყურადღებას საზოგადოების მიერ არასწორად დანახულ ქალებზე. შერმანი ქმნის ქალის სახალისო, შემაშფოთებელ და თავის მხრივ დამაფიქრებელ სახეს. 30 წელზე მეტია, რაც ფოტოგრაფი თავად ასრულებს მოდელის, სტილისტის, კოსტიუმის დიზაინერისა და ვიზაჟისტის როლს.
სინდი შერმანი 1954 წლის 19 იანვარს ნიუ ჯერსიში დაიბადა. კოლეჯში შეისწავლა ვიზუალური ხელოვნება. ამ პერიოდში მან დაიწყო იდეების ძიება, რათა საკუთარი დამახასიათებელი, ინდივიდუალური სტილი ეპოვა. მხატვრობაში თავი შეზღუდულად იგრძნო, სწორედ ამიტომ ფოტოგრაფიაში გადაინაცვლა და ნამდვილად მოახერხა თავისი შესაძლებლობების გამოვლენა. კოლეჯში დარჩენილი წლები მან ფოტოგრაფიის შესწავლაში გაატარა და კარიერის მანძილზე უამრავი დასამახსოვრებელი ფოტოსერია შექმნა.
Untitled Film Stills, 1977-1980
შერმანი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა შავ-თეთრი სერიით - Untitled Film Stills, რომელიც 1977-1980 წლებში შექმნა. ფოტოებში მან განასახიერა ინჟინერი, მშრომელი, მარტოხელა დიასახლისი ქალი. ეს როლები შთაგონებულია 60-იანი წლების ჰოლივუდის და ევროპული არტჰაუსური ფილმებით, რომლებშიც გაბატონებული იყო სტერეოტიპები და დამახინჯებული შეხედულებები ქალებზე. სტერეოტიპული "ქალურობის" წარმოსადგენად, შერმანი სხვადასხვა გზას იყენებდა - ნოსტალგიური და თხრობითი სტილი, განათება ხასიათის წარმოსაჩენად და პოზები, რომელიც ქალს ისე გამოსახავს, როგორც სექსუალურ ობიექტს. პასიური ქალის როლის თამაშით შერმანი აქტიურად ავლენდა „ქალურობას“, როგორც გამოგონილ, სოციალურ “კონსტრუქციას”.
Fairy Tales, 1985
1985 წელს ჟურნალმა Vanity Fair-მა ხელოვანს ზღაპრების ილუსტრირება დაუკვეთა, შერმანმა წაიკითხა უამრავი ფოლკლორული ზღაპარი, ასევე თვალი გადაავლო ძმები გრიმების შემოქმედებას და ნიღბებისა და თეატრალური კოსტიუმების დახმარებით შექმნა გროტესკული ნარატივი, რომლის მთავარი გმირიც თავად გახლდათ.
History Portraits, 1988-90
„ისტორიული პორტრეტები“ - ეს სერია ფოტოგრაფმა იტალიაში ცხოვრების დროს შექმნა. კლასიკური კომპოზიციის მქონე პორტრეტები შთაგონებულია ხელოვნების ისტორიული პერიოდებიდან - რენესანსი, ბაროკო, როკოკო და მიანიშნებს რაფაელის, კარავაჯოს და სხვა დიადი მხატვრების ნამუშევრებზე. ხელოვნურად შექმნილი დიდი ცხვირი და არაპროპორციული ფორმები წარმოადგენს ძველი ოსტატების ნახატების იუმორისტულ რეპრეზენტაციასა და გროტესკულ კარიკატურას.
Close Ups, 1996
ამ სერიაში ფოტოგრაფი წარმოგვიდგენს მანეკენებს, რომლებსაც გადიდებულად ვხედავთ. ისინი წარმოდგენილი არიან შერმანისთვის დამახასიათებელი თეატრალური მაკიაჟითა და ინტენსიური ფერებით, რომლებიც საშინელებათა და ფანტასტიკის ჟანრის ფილმების პერსონაჟებს მოგვაგონებენ.
Head Shots, 2000
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შერმანი ისევ მოდელის ამპლუაში მოგვევლინა, ამ სერიაში იგი წარმოადგენს ასაკოვანი ქალების სტუდიურ პორტრეტებს. ყალბი წარბები, ხელოვნური მკერდი, ავტორუჯი, ბოტოქსი - ეს ყველაფერი ხაზგასმულად და ძალიან მკაფიოდაა წინა პლანზე წამოწეული და თანამედროვე სამყაროს პრობლემებზე მიუთითებს, რომელიც დამკვიდრებულ სილამაზის სტანდარტებს გულისხმობს.
Society Portraits, 2008
„საზოგადოების პორტრეტებში“ შერმანი აგრძელებს სილამაზის და დაბერების შესახებ დამახინჯებული იდეების კვლევას. მდიდრულად შემოსილი პერსონაჟები ერთდროულად ტრაგიკულები და ვულგარულები არიან, რადგან თითოეული მათგანი იბრძვის მშვენიერების, შეუძლებელი სილამაზის სტანდარტების მისაღწევად, რასაც ასე დაჟინებით მოითხოვს თანამედროვეობა ინდივიდისგან.
Chanel Landscapes, 2012
„შანელის პეიზაჟი“ არის ფოტოსერია, რომელიც ასახავს შანელის ვინტაჟურ სამოსში გამოწყობილ ქალებს, რომელთაც ფონად მისტიკური, საშიში პეიზაჟები აქვთ. რა თქმა უნდა, მოდელი ისევ თავად შერმანია, მისთვის სახასითო მაკიჟით. ასე განსხვავებულად წარმოადგინა ნაცნობი ბრენდის სამოსი.
Emancipated Ladies, 2016
ამ სერიაში ხელოვანი გვევლინება ემანსციპირებულ ქალად, გადაჭარბებული მაკიაჟითა და გასული საუკუნის კოსტიუმებით. ეს პერსონაჟები პოზირებენ ციფრულ ფონზე და აშკარაა, რომ ისინი ერთ დროს ჰოლივუდის ვარსკვლავები იყვნენ. ამ ფოტოსერიით ხელოვანი ეხმიანება ჰოლივუდურ კინოს, გადასაღებ მოედანსა და „წარსულ დიდებას“.
სინდი შერმანის შემოქმედება მოიცავს მოდასაც, მას არაერთხელ უთანამშრომლია ბრენდებთან - Comme des Garçons, Prada, Dolce & Gabbana და Marc Jacobs. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია და მუდმივად ინოვაციას სთავაზობს მნახველს. მთელი თავისი კარიერის მანძილზე ხელოვანი იკვლევდა ფილმებიდან, ტელევიზიიდან, ჟურნალებიდან და ხელოვნების ისტორიიდან აღებული ქმნილებების თანამედროვე იდენტობას, ამ საქმიანობას ხელოვანი დღემდე აგრძელებს.
დაწერე კომენტარი