21-ე საუკუნის მოდის სუპერვარსკვლავის, ალექსანდრ ვანგის შემოქმედება ინოვაციური ხედვით, მუდმივი ექსპერიმენტებითა და სიახლეებით ხასიათდება. ახალგაზრდა დიზეინერისთვის მთავარია კომუნიკაცია და არა ტენდეცია, სწორედ ამ მიდგომით ქმნის ყველასაგან გამორჩეულ სამოსს. ალექსანდრ ვანგი არის სახელი, რომელიც ახალგაზრდა თაობისთვის ყველაფერს ნიშნავს.




ლეგენდად  ქცეული დიზაინერი 1983 წლის 26 დეკემბერს სან ფრანცისკოში დაიბადა, წარმოშობით ტაილანდელი ვანგი 18 წლის ასაკში ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, რათა  პარსონის დიზაინის სკოლაში ესწავლა.  ერთი წლის შემდეგ 19 წლის ვანგმა გამოუშვა ქაშმირის უნისექს სვიტერები. 2007 წელს კი დიზაინერმა ქალის სამოსის მთლიანი კოლექცია შექმნა ნიუ-იორკის მოდის კვირეულისთვის, რითაც მოიპოვა აღიარება. მალევე ვანგმა მიიღო ვოგის პრესტიჟული პრიზი და ფულადი ჯილდო, რომელიც მას მომავალში საკუთარი ბრენდის შექმნაში დაეხმარა.




2012 წელს ვანგი  “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი გახდა, მაგრამ მალევე მიატოვა ეს თანამდებობა და დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით თავისი ბრენდი გააცნო ფართო საზოგადოებას. ბევრი წინაღობისა და კრიტიკის მიუხედავად დიზაინერმა პირველი მაღაზია 2012 წელს გახსნა სოჰოში, ახლა კი 16 - ზე მეტი ფილიალი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 




დიზაინერის შემოქმედება, რომელიც გარდა ტანისამოსისა, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექციებსაც მოიცავს, უხეში ფორმებითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. ვანგის სამოსი განასახიერებს უტილიტარულ, ელეგანტურ და ამავდროულად,  Trashy სტილს. ის საზოგადოებას სთავაზობს სამოსს, რომელიც ამაყი, ურყევი და სარისკოა. ერთი შეხედვით Trashy  სამოსი დიდი ოსტატობითაა შეკერილი და განსაკუთრებული ხელწერით გამოირჩევა. მისი თქმით, სამუშაოს ნაწილი, რომელიც მას ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებს,  იმის შესრულებაა, რის მიმართაც დიდ ვნებას განიცდის, რეალობად აქცევს იმას, რაც მისი ტვინის აბსტრაქტული ნაწილიდან მოდის. დიზაინერი არ კარგავს პოპულარობასა და ინტერესს საზოგადოებაში, ეს სწორედ მისი ინოვაციური იდეებისა და მიდგომის დამსახურებაა. ახალგაზრდა ვანგი თავის სტილს აღწერს, როგორც M.O.D - models off-duty (“მოდელები მოვალეობის გარეშე”).




ალექსანდრ ვანგის ბრენდის ღირებულება ყოველწლიურად იზრდება და მილიონობით დოლარს შეადგენს. 36 წლის დიზაინერმა შექმნა ისტორია და სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი მოდის ინდუსტრიაში. დღეს მის სამოსს ატარებენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები და ხშირად მათ წითელ ხალიჩაზე თავადაც უმშვენებს მხარს.