თუ თქვენ უყურებთ ისეთ შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც საგულდაგულოდ ჩასმულ სიტყვებს ბინა წითელ ფონზე აქვთ დადებული, დიდი ალბათობით ეს ბარბარა კრუგერის ნამუშევარია. შეუძლებელია ადამიანმა ისე იარსებოს, რომ პროტესტის გრძნობა ერთხელ მაინც არ გაუჩნდეს და მასზე სათანადო რეაგირება არ მოახდინოს.  მაგრამ  მაშინ როცა საქმე არტისტს ეხება, იგი პრობლემას შემოქმედებითი ენით ეხმაურება და ამ კუთხით ბარბარა კრუგერი გამონაკლისი ნამდვილად არაა.


იდენტობის ძიება, კონსუმერიზმი, ფემინიზმი და სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხები ამერიკელი კონცეპტუალისტი ხელოვანისა და კოლაჟისტის ნამუშევრების მუდმივი თანამდევია. თუ მის შემოქმედებას სიღრმისეულად მიმოვიხილავთ, შევამჩნევთ, რომ კრუგერის კოლაჟების დიდი ნაწილი ისეთ ნაცვალსახელებს შეიცავს, როგორებიცაა - “მე”, “შენ”, “შენი”, “ჩვენ” და “ისინი”. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელოვანი თავისი ნამუშევრებით საზოგადოებასთან საუბარს ცდილობს და მათთან კონკრეტული შეტყობინებები მიაქვს.

მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კოლაჟზე გაშლილი ხელისგულია გამოსახული, რომელზეც წითელ ფონში ჩასმული სიტყვები ისეა დატანილი, რომ იქმნება ილუზია, თითქოს იგი მართლაც ხელის თითებს უჭირავს. ნამუშევარი გვეუბნება:  “I shop therefore I am.” ეს სიტყვები კაპიტალისტური სამყაროსათვის გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან მაღაზიაში თუნდაც პროდუქტის საყიდლად სიარული ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი "მოქმედებაა". თუმცა აქ კრუგერი, შეიძლება ითქვას, ირონიულ პოზიციას იკავებს და კაპიტალიზმს თავისი გამომსახველობით ეწინააღმდეგება. წინადადება ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის, რენე დეკარტის სიტყვების გადათამაშებაა. დეკარტი ამბობდა:  “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ.” აქ უკვე აშკარაა, რომ კრუგერმა სიტყვა აზროვნება საყიდლებზე სიარულით ჩაანაცვლა და ის თანამედროვე ადამიანების არსებობასთან გააიგივა, რაც ხელოვანისათვის, როგორც ანტიკაპიტალისტისათვის, გულდასაწყვეტი მოვლენაა.

თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, თუ როგორ მივიდა კრუგერი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ხელოვანი გამხდარიყო და ამგვარი კოლაჟები შეექმნა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ საკუთარ თავს სახელოვნებო სივრცეში ვერასოდეს წარმოიდგენდა, რადგან მუზეუმებშიც კი არ დადიოდა ხოლმე. კრუგერის კარიერის “შესამზადებელი” პერიოდი პარსონის დიზაინის სკოლაში სწავლასთანაა დაკავშირებული, სადაც მისი მასწავლებლები დაიან არბუსისი და მარვინ იზრიელი იყვნენ. ამ მოვლენიდან მალევე 19 წლის ბარბარა მასმედიის კომპანია Condé Nast-მა სამსახურში მიიღო. მას ჟურნალის დიზაინზე მუშაობა ევალებოდა, სადაც ფოტოები და სიტყვები გვერდებზე თავისი გემოვნებით უნდა განელაგებინა. მაშინ როცა ბარბარას გამოსაქვეყნებელი ტექსტი ჟურნალისტებისაგან მიღებული არ ჰქონდა, ტექსტის მაგივრად შესაბამის ადგილებზე უბრალოდ “abcde-ს” აწერდა და ეს ჩვეულებაში გადაეზარდა. ბარბარამ მალევე გააანალიზა, რომ ჟურნალის დიზაინზე მუშაობა უკვე შემოქმედებით საქმიანობაში გადასდიოდა და კოლაჟებზე მუშაობა პროფესიული კუთხით გააგრძელა.

კრუგერის შემოქმედებაში თვალის გამოსახულებებს, რომლებიც სენტიმენტალურ სიტყვებთან ერთად გვევლინება, დიდი დოზით ვხვდებით. “ვფიქრობ, რომ ისეთ კულტურაში, სადაც გამოსახულება დიდ როლს თამაშობს, ხშირია შემთხვევები, როდესაც მზერა და არსებობა, ნარცისიზმი და “არამკითხე მოამბეობა” ერთმანეთს ეჯახება. აქ კი ყველაზე მთავარ როლს სწორედ თვალი ასრულებს”, - განმარტა ხელოვანმა.

კრუგერი ფემინისტური მოძრაობის წევრი იყო და შესაბამისად, ამ თემას ხელოვანის ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სურათში ქალის გამოსახულების ორი ნაწილია გამოსახული, სადაც ერთ-ერთი მათგანი ნეგატივის ფორმატშია წარმოდგენილი. სურათის მიხედვით სხეული ბრძოლის ველთანაა გაიგივებული (“Your body is a battleground”). აქ ბარბარა ქალების უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს აერთიანებს და ამბობს, რომ ამ კულტურაში ქალად დაბადება სირთულეებთანაა დაკავშირებული. ნამუშევარი ერთდროულად ხელოვნების ნიმუშიცაა და პროტესტის გამოხატულებაც. კრუგერმა ნამუშევარი სპეციალურად ვაშინგტონში მოწყობილი ქალების მარშისათვის შექმნა, სადაც იგი ქალების რეპოდუქციული უფლებების დასაცავად იბრძოდა. მართლაც, მაშინ როდესაც ადამიანს დედად გახდომას აიძულებენ, მისი სხეული ამ დროს სხვა აღარაფერია, თუ არა ბრძოლის ველი და კრუგერმა ეს პრობლემა მაქსიმალური სიზუსტით გამოხატა.

კრუგერის ნამუშევრების დათვალიერებისას, სავარაუდოდ, ცნობილი ბრენდი Supreme გაგვახსენდება, რომლის დიზაინი კრუგერის სტილის გავლენითაა შექმნილი. ეს ფაქტი ბრენდის დამფუძნებელმა ჯეიმს ჯებიამაც დაადასტურა და როგორც ჟურნალი the Cut წერს, ამ ბრენდს ინტელექტუალური საკუთრების მითვისება სისხლში აქვს გამჯდარი. თუმცა ბარბარას ესეც არ აკმარეს და ბრენდმა,  სახელწოდებით  MTTM, Supreme-ს ლოგოს ანალოგიური დიზაინი თავისი კოლექციისათვის გამოიყენა. ბრენდმა ქუდებსა და მაისურებზე ლოგო, წარწერით Supreme Bitch წარმოადგინა, რაზეც კრუგერმა გადაწყვიტა, რომ დუმილი ერთხელ და სამუდამოდ დაერღვია და თავისი უფლებებისათვის ებრძოლა. საპასუხოდ ბარბარამ მათ დღევანდელი უნიათო კლოუნების სასაცილო კლასტერი უწოდა და საბოლოოდ ორივე ბრენდს საავტორო უფლებების დარღვევისათვის სასამართლოში უჩივლა.