დღეს ქართულ ონლაინსივრცეში უკვე უამრავი კონცეპტუალური მაღაზიაა, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა დანიშნულებისა თუ ფუნქციის მქონე საინტერესო ხელნაკეთ ნივთებს, არტ-ობიექტებს, პრინტებსა თუ დიზაინერულ ნამუშევრებს სთავაზობენ. ცხოვრების სხვადასხვა წესსა თუ თემატიკაზე მორგებული კონცეპტუალური მაღაზიები, რომლებიც მომხმარებელს შეძენის  განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობენ, პირველ რიგში, ადგილობრივი თუ უცხოური კულტურის გაზიარებას ისახავენ მიზნად. ჟურნალი Hammock თიბისი კონცეპტთან ერთად გთავაზობთ გამორჩეულ ქართულ კონცეპტუალურ ონლაინმაღაზიებს, რომელთა ორიგინალური პროდუქციაც სასიამოვნოდ გაკვირვებულებს დაგტოვებთ. 

Moon Rabbit Shop 





დიზაინერ ნატო ბაგრატიონისა და ხელოვან სოფო კობიძის მიერ დაარსებული კონცეპტუალური მაღაზია Moon Rabbit Shop სულ ცოტა ხანია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. მაღაზიის მთავარი სიმბოლო, ხისგან დამზადებული სხვადასხვა დიზაინის ფერადი კურდღლები, ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა და დღეს უკვე Moon Rabbit Shop-ის განუყრელი ნაწილია. ამასთან, მაღაზია მისი კონცეფციითაც განსაკუთრებულია, რაც ხელნაკეთი ნივთების, ავეჯის, სანათებისა თუ აქსესუარების წარმოებას და მის პოპულარიზაციას გულისხმობს. Moon Rabbit Shop-ში ნატურალური მასალისგან - ხისა  და ქაღალდისგან დამზადებულ ისეთ ნივთებს შეხვდებით, რომლებიც როგორც დეკორატიული, ისე ესთეტიკური თვალსაზრისითაც საინტერესო და დახვეწილია. კურდღლების გვერდით ონლაინმაღაზიაში თავმოყრილია სხვადასხვა დიზაინერული ნივთები - საყვავილეები, სკამები, სარკეები თუ სანათები. ხოლო ექსტრავაგანტური და ორიგინალური სახის ნიღბები, ბლოკნოტები და ჩანთები როგორც საკუთარი, ისე სხვისი ყოველდღიურობის მრავალფეროვანი ნაწილი გახდება.

Livlivi - ლივლივი






ფერადი პრინტები, აბსტრაქტული ფორმისა თუ ზომის ილუსტრაციები კონცეპტუალური მაღაზია “ლივლივის” ხელწერის ნაწილია. “ლივლივის” ისტორია 2019 წლიდან იწყება, რომლის პირველ ინოვაციურ პროდუქტსაც ქართულ მოტივებზე შექმნილი სამაგიდო თამაში “ულალა” წარმოადგენს. ტრადიციული ქართული გამოსახულებები, რაც ბანქოს ახალი ალტერნატიული ვერსიისთვისაა დამახასიათებელი, “ულალას” კონცეფციის მთავარი ნაწილი გახდა. ბანქოს გარდა კონცეპტუალური მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს აბრეშუმის თავსაბურავების მრავალფეროვან არჩევანს,  რომლებიც  არტისტების - კით ჰარინგის, პიკასოსა თუ ქართული ქსოვილის უძველესი ორნამენტებითაა შთაგონებული. “ლივლივის” პასტელური ფერთა გამით, განსხვავებული პრინტებითა და პატერნებით შექმნილი თავსაბურავები წელიწადის ნებისმიერ დროს უხდება და განსაკუთრებით მომხიბლავ იერს სძენს. 

SideSize





SideSize ქართული ონლაინმაღაზიაა, რომელიც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და მომხმარებელს როგორც ტანსაცმლის, ისე ფეხსაცმლისა და აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. SideSize-ის განსაკუთრებულად დახვეწილი დიზაინი და ესთეტიკა მის თითოეულ ხელნაკეთ ნივთშია ასახული, რაც მაღაზიას კიდევ უფრო საინტერესოსა და მომხიბლავს ხდის. ონლაინმაღაზიის წარმოებული ნივთები, რომლებიც ფერადი ილუსტრაციებითაა გამორჩეული, ძირითადად შთაგონებას სხვადასხვა ფორმისა და ზომის მცენარეებისგან, ცხოველებისგან თუ  პოპ კულტურის ელემენტებისგან იღებს. რაც მთავარია SideSize-ში ნებისმიერი სეზონისთვის შესაფერის სამოსს, ჩანთებს, შარფებსა და ფეხსაცმელებს აღმოაჩენთ. 

The Bogma





The Bogma ახალი ქართული კონცეპტუალური ბრენდია, რომელიც ძირითადად სხვადასხვა დატვირთვისა და ემოციის მქონე  შარფებს ქმნის. Odd Way To Live - ასე გამოხატავს ბრენდი თავის კონცეფციას, რაც 90-იანი წლების ესთეტიკითა და თემატიკით შთაგონებულ შარფებში გამოიხატება. The Bogma-ს თითოეული თავსაბურავი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მას უნიკალური სახელი და დატვირთვა ენიჭება. “გაფუჭებული ტელეფონი”, “მოგონებები”, “ბოღმა” - ამ და სხვა მნიშვნელობის თავსაბურავების შეძენა The Bogma-ს ინსტაგრამგვერდზეა შესაძლებელი. 

Lovestars




Lovestars-ის ისტორია 2019 წლიდან იწყება. კონცეფცია სიმარტივისა და ჰარმონიულობის თანხვედრას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც Lovestars მის მომხმარებელს პრაქტიკულ, თუმცა, ამავდროულად, ავთენტურ, გამორჩეული დიზაინის კოლექციებს სთავაზობს. Lovestars-ის ნატურალური მასალისგან დამზადებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და საინტერესოს ფერადი პატერნები ხდის, რაც ბრენდის განუყოფელი ნაწილია.

Azurite





კონცეპტუალური ონლაინმაღაზია Azurite, რომელიც ინტერიერისთვის სხვადასხვა საინტერესო ობიექტებს ქმნის, ძირითად მასალად გადამუშავებულ ქაღალდს იყენებს. ეკომეგობრულ ონლაინმაღაზიაში სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების ნივთებს აღმოაჩენთ, რომელთა დიზაინიც მინიმალისტური, ხოლო ფორმები მარტივი და ჰარმონიულია. სურათის ჩარჩოები, საყვავილეები, კედლის სანათები - ეს და სხვა დეკორაციული ნივთები ნებისმიერ სივრცეს მოუხდება. 

Marinee






Marinee ერთ-ერთია იმ ონლაინმაღაზიათა შორის, რომელიც უნიკალურ აქესესუარებს ქმნის. ფერადი, ვინტაჟური და, ამავდროულად, ძალიან თანამედროვე საყელოები ნებისმიერ სამოსს  უხდება და განსაკუთრებულ იერს სძენს. ფერადი ნაქარგებითა თუ მცენარეების გამოსახულებებით შექმნილი ხელნაკეთი საყელოების შეძენა Marinee-ის ინსტაგრამგვერდზეა შესაძლებელი.

Amarias.co 





გულის მარტივი ფორმით შთაგონებული აქსესუარები და ავეჯი ონლაინმაღაზია Amarias.co-ს განმსაზღვრელი დეტალია. Easy Love - ასე გამოხატავს ბრენდი მის მთავარ იდეას, რომელიც მეგობრობასა და წმინდა სიყვარულს ეძღვნება. Amarias.co-ს გულის ფორმის აქესესუარები ერთი შეხედვით ბავშვური ნაივურობის განცდასაც იწვევს, რაც მის მარტივ ფორმებსა და ფერთა პალიტრაშიც გამოიხატება. აქსესუარების გარდა, აღსანიშნავია Amarias.co-ს მინიმალისტური და თანამედროვე დიზაინის ყავის მაგიდა, რომელსაც ასევე გულის ფორმა და ზამბარისებური ფერადი სადგამები გამოარჩევს.  

AMBORY 





AMBORY-ის ხელნაკეთი ქუდები, რომელიც ელეგანტური ფორმებითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, თბილისის ერთ-ერთი უძველესი ნაწილია. AMBORY-ის იდეა - Love the Drama of a Hat - ქუდის შინაარსსა და დრამატულობას გამოხატავს, რაც მას უამრავი წელია თან სდევს. მსუბუქი, ფუნქციური და, ამავდროულად, ტრენდული ქუდები~ როგორც ყოველდღიურობაში, ისე განსაკუთრებულ შემთხვევებში ნებისმიერ სამოსს საინტერესო იერსა და ფერადოვნებას  შესძენს. 

Plasticwatcher.ge





Plasticwatcher.ge იმ დიდი მიზნისა და იდეის გარშემო გაერთიანდა, რომელიც გარემოს პლასტმასისგან გასუფთავებასა და გადამუშავებადი მასალის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ხელნაკეთი ნივთები, რომლებსაც ონლაინმაღაზიაში აღმოაჩენთ, სწორედ
გადამუშავებული პოლიეთილენისგანაა დამზადებული და მრავალჯერადი გამოყენებისაა.  მდგრადი მოდის ნივთები, როგორებიცაა ჩანთები, საწვიმრები თუ ქუდები,  ვადაგასული სარეკლამო ბანერებითა და სხვა ნარჩენი ნივთების სამკერვალო მასალად გარდაქმნის შემდგომ იქმნება. Zero Waste - ცხოვრების სტილის სტიმულირებასთან ერთად, Plasticwatcher.ge-ის მიერ შექმნილი ნივთები ეკლექტიკური და საინტერესო ვიზუალითაც გამოირჩევა.