წლევანდელი შემოდგომა სექტემბრის პირველ რიცხვებში ტორონტოსა და ვენეციის კინოფესტივალებით დაიწყო, რომელმაც მაყურებელს ახალბედა თუ უკვე კარგად ნაცნობი რეჟისორების საინტერესო, თემატურად მრავალფეროვანი ნამუშევრები გააცნო. მოკლე სიის მიუხედავად, კონკრეტულმა ფილმებმა არა მხოლოდ კრიტიკოსების, არამედ მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესიც გამოიწვია. გაეცანით სიას იმ გამორჩეული ნამუშევრებისა,  რომლებმაც ჯერ კიდევ გამოსვლამდე მიიქციეს საფესტივლო წრეების ყურადღება  და ამასთან ერთად, სახალხო მოწონებაც დაიმსახურეს. 

Wolfwalkers


ირლანდიელი რეჟისორის, ტომ მურის ანიმაციური ტრილოგიის მესამე და ფინალურ ნამუშევარს ტორონტოს ფესტივალზე მაყურებელი დიდი მოლოდინით შეხვდა. ანიმაციური სტუდია Cartoon Saloon-ისა და მურის ვიზუალურად გამორჩეული ანთოლოგია ირლანდიური ფოლკლორითა და ზღაპრული ელემენტებითაა სავსე, თემატურად კი ხშირად თანამედროვეობისთვის რელევანტურ საგნებს მოიცავს. ერთმანეთისგან შინაარსითა და ამბით განსხვავებული ტრილოგიის წინა ორი ნამუშევარი - “The Secret of Kells (2009)” და “Song of the Sea (2014)” - ყველაზე მეტად თავიანთი საინტერესო ვიზუალითა და მუსიკალური გაფორმებითაა ცნობილი, სერიის მესამე ფილმმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. “Wolkfwalkers” ტორონოტოს ფესტივალზე ერთადერთი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი იყო. ამბავი იმ სამყაროში ვითარდება, სადაც მგლები დემონურ არსებებად არიან მიჩნეული, მთავარი გმირი კი მამისგან ნასწავლი, მათზე მონადირე ახალგაზრდა გოგონაა.

Nomadland


თანაგრძნობით გამორჩეული ისტორია უსახლკარობის, იმედისა და საკუთარი ადგილის ძიებაში დაკარგული პიროვნების გულწრფელ პორტრეტს გვიხატავს. მარტოდ დარჩენილ ქალს, რომელსაც გადარჩენის ერთადერთ ალტერნატივად მომთაბარეობა დარჩენია, ფილმში ფრენსის მაკდორმანდი განასახიერებს. ამბავი, რომელიც ჟანრობრივად სოციალური დრამისა და დოკუმენტური ფიქციის ფორმას ატარებს, ვენეციის კინოფესტივალზე  “ოქროს ლომის” პრიზით დაჯილდოვდა. კრიტიკოსთა აზრით, “ჩუმი, თბილი და ტკივილიანი ფილმი ამერიკის იმ სახეს შეისწავლის, რაც აქამდე იშვიათად თუ გვინახავს”, დამკვირვებელთა თქმით კი ნამუშევარი მაკდორმანდის კარიერის უმაღლეს წერტილს აღწევს. 

The Father


ახალბედა რეჟისორის, ფლორიან ზელერის დებიუტი, რომელსაც ტორონტოს კინოფესტივალზე საყურადღებო გამოხმაურება მოჰყვა, ხანში შესული მამისა და შვილის  ურთიერთობის სირთულეებს ეხება. ფილმში ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე მდგარ მამას ენტონი ჰოპკინსი, მის შვილს კი ოლივია კოლმანი განასახიერებს. მაყურებელთა აზრით, ისტორია რეალისტურად გადმოსცემს დემენციის სახესა და იმ გულდასაწყვეტ ცვლილებებს, რამაც შეიძლება  ამ დროს ადამიანის ცხოვრება მოიცვას.

The Human Voice


ვენეციის ფესტივალზე წარდგენილი პედრო ალმოდოვარის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი ყურადღებას პირველ რიგში, მთავარი გმირის შემსრულებლით, ტილდა სვინტონით, იქცევს, რომელიც ისტორიაში წამყვანი და ერთადერთი ფიგურაა. ფრანგი პოეტის, ჟან კოქტოს ერთმოქმედებიანი პიესის მიხედვით გადაღებული ამბავი მარტივია: ტილდას უსახელო პერსონაჟი ნახევარი საათის განმავლობაში ელოდება საყვარელი ადამიანის ზარს, რომელმაც ეს-ესაა მიატოვა. საინტერესოა, რომ პიესის მიხედვით მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქამდეც არაერთხელ გადაუღიათ და მისი  ვერსიები სხვადასხვა კინოფესტივალზეც იყო წარდგენილი. ალმოდოვარის ვერსიაში კვლავ შევხვდებით ნაცნობი ფერებით თამაშსა და გმირის ხასიათს მორგებულ სახლის ინტერიერს. ფილმის გადაღება პანდემიის პერიოდში,  სულ თორმეტი დღე მიმდინარეობდა. ალმოდოვარი კიდევ ერთხელ მიიზიდა “ემოციური კრიზისის ზღვარს” მისული ქალის იდეამ, რომლის შესრულების შემდეგაც ტილდა სვინტონი ვენეციის ბიენალეზე პრიზით დაჯილდოვდა.

Shiva Baby

ტორონტოს კინოფესტივალზე ჟანრობრივად გამორჩეული ბნელი კომედია იუმორისტულად აღწერს ახალგაზრდა გოგონას ოჯახის წევრებთან დაკრძალვაზე  შეხვედრას და ყველა იმ “საშინელებას”, რაც შეიძლება ამ დროს თავს გადაგხდეს. რეჟისორ ემა სელიგმანის დებიუტს განსაკუთრებული გამოხმაურება თავისი ორიგინალური იუმორისა და უამრავი ახალგაზრდისთვის ნაცნობი სიტუაციის გამო მოჰყვა. მაყურებელთა აზრით, ფილმი “რამდენადაც სასაცილო, იმდენად აუტანელია, რადგან მასში მომხდარი ერთი სიტუაცია მაინც ყველასთვის მტკივნეულად ნაცნობი