ლონდონში მოღვაწე ბერძენი დიზაინერი მაიკლ ანასტასიადესი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 2021 წელს თბილისის დიზაინის დღეებს ესტუმრება. დიზაინერი, რომელიც წლებია ამ სფეროში მოღვაწეობს, 2007 წლიდან საკუთარ სტუდიასაც ფლობს, რომლის სახელითაც განსხვავებული მინიმალისტური დიზაინის სინათლის ობიექტებს ქმნის. თუმცა  გარდა ფუნქციური ობიექტებისა, დიზაინერის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არტ-ინსტალაციებსაც, ევროპისა და ამერიკის თანამედროვე ხელოვნების გალერეები იქნება ეს  თუ ჰუსეინ ჩალაიანის კოლექციის ჩვენებები, ანასტასიადესის სინათლის ობიექტებით განხორციელებულ პროექტებს ხშირად შეხვდებით. 

ვიდრე  დიზაინერი თბილისს ესტუმრება, Tbilisi Design Days-თან ერთად, თიბისი კონცეპტის წარდგენით, მას უფრო ახლოს გაგაცნობთ.


მაიკლ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა დიზაინის სფეროში?

კვიპროსზე გავიზარდე, ადრეული ასაკიდანვე ვიცოდი, რომ მინდოდა რაიმე საკუთარი ხელებით შემექმნა. ოჯახში არავინ მყავდა ისეთი, ვინც შემოქმედებით სფეროში იყო ჩართული, ამიტომ ცოდნის ძიება ჩემით დავიწყე. ადგილობრივი ხელოვანების სტუდიაში ვსწავლობდი მხატვრობას და ქანდაკებას. ვიცოდი, რომ იქ, სადაც გავიზარდე, ამ ყველაფერს სკოლაში ვერ დავეუფლებოდი. მშობლები მირჩევდნენ, რაღაც ისეთი მესწავლა, რაც მომავალში სამსახურის პოვნას გამიადვილებდა, მათ წარმოდგენაში კი ხელოვნება ასეთი ნამდვილად არ იყო. სამხედრო სამსახურის შემდეგ ლონდონში ჩამოვედი, მეცნიერების, ტექნოლოგიების და მედიცინის კოლეჯში ინჟინერიის სწავლა დავიწყე, სწავლის ბოლო წელს ხელოვნების სამეფო აკადემია აღმოვაჩინე და გადავწყვიტე მაგისტრატურა დიზაინის მიმართულებით გამეგრძელებინა.


გახსოვთ თქვენი პირველი დიზაინური ობიექტი?

ბავშვობაში ზაფხულობით დიდ დროს ვატარებდი ზღვის სანაპიროზე. მახსოვს მცენარეებისგან, რომლებიც ქვიშაში იზრდებოდნენ, სამკაულებს ვაკეთებდი, შემდეგ მეგობრებს ვჩუქნიდი და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთ დღეს თუ ძლებდა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.


არსებობს რაიმე იდეა, რომელიც მუდმივად შთაგაგონებთ?

მომწონს ხელოვანების ნამუშევრების თვალიერება, ყოველთვის შთამაგონებს მათი თავისუფლების შეგრძნება, როდესაც ქმნიან რაიმე ისეთს, რაც არ არის აუცილებელი, რომ ფუნქციური იყოს.




მოგვიყევით თქვენი და  ჰუსეინ ჩალაიანის კოლაბორაციის შესახებ, რომელიც 1997-98 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციის ჩვენებისას შედგა, ეს ალბათ განსხვავებული გამოცდილება იყო თქვენთვის...

Royal Collage-ის დასრულების შემდეგ ჰუსეინი მალევე გავიცანი, ჩემმა დამამთავრებელი კურსის პროექტმა და მისმა კონცეფციამ დააინტერესა. უნდოდა, რომ მისი შოუების დიზაინი გამეკეთებინა, ჩემს გამოცდილებაში ეს ნამდვილად განსხვავებული პროექტი იყო და ძალიან მიხარია, რომ მასში მონაწილეობა მივიღე.


თქვენი სინათლის ინსტალაცია Ama ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში განხორციელდა, მოგვიყევით ამბავი ამ ნამუშევრის მიღმა...

ეს ნამუშევარი უბრალოდ იაპონელი მყვინთავების ხსოვნას ეძღვნება, რომლებმაც მარგალიტების ძიებაში სიცოცხლე დაკარგეს… ძალიან მინდოდა ლონდონის დიზაინის ფესტივალზე ამ იდეის ისტორიულ კონტექსტში განხორციელება და განვახორციელე კიდეც.


წლებია, რაც დიზაინის სფეროში მოღვაწეობთ, როგორ განვითარდა თქვენი საქმიანობა წლებთან ერთად, ხომ არ განუცდია მას რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება?

მგონია, რომ ჩემი განვლილი გზა არც ისე სწრაფად ვითარდებოდა, რადგან ხშირად მიწევდა ისეთი რაღაცების კეთება, რაც დიდად არ მომწონდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ჩემი ცხოვრება დიზაინის მიმართულებით გაგრძელდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ინდუსტრიული დიზაინით გატაცებაში გადაინაცვლა. 2007 წელს ჩემი საკუთარი ბრენდი დავაარსე. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად პროგრესირებს და წლებთან ერთად ჩემი საქმიანობაც იცვლება.


შეგიძლიათ დაასახელოთ სამი ელემენტი, რომელიც თქვენს ხელწერას განსაზღვრავს?

მე მჯერა, რომ ხელწერას ერთ კონკრეტულ სტილზე მეტად თავად მუშაობის პროცესი განსაზღვრავს. ეს პროცესი ჩემთვის ყველაფრის მინიმუმამდე დაყვანას და საგნისთვის ზედმეტი ინფორმაციული შრეებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, მომწონს, როდესაც ყველაფერი მარტივად ხდება.

რა არის თქვენი დიზაინის ფილოსოფია?

შევქმნა ობიექტები, რომელთან ერთად ცხოვრება ადამიანებს დიდი ხნის შემდეგაც ენდომებათ.


თქვენი ნამუშევრები დღეს თანამედროვე ხელოვნების არაერთ გალერეასა და მუზეუმში გვხვდება, რაც ალბათ ინდუსტრიული დიზაინის სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის დიდი წარმატებაა, თუმცა პირადად თქვენ რა მომენტში გრძნობთ ყველაზე დიდ კმაყოფილებას?

ჩემს თავს წარმატებულად არ ვთვლი, თუმცა კმაყოფილების განცდა მაშინ მაქვს, როცა ვხედავ, რომ ჩემს ობიექტებს ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ.

ხომ ვერ გამოარჩევდით თქვენ მიერ განხორციელებულ საყვარელ პროექტს?

ეს ალბათ იგივეა, რომ საკუთარი შვილებიდან რომელიმე გამოარჩიო, ძალიან რთულია და თითოეული მათგანი ერთ კონკრეტულ პერიოდს უკავშირდება.


როგორია  თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები?

ამჟამინდელი მდგომარეობის გამო ბევრი პროექტი გადაიდო, ახლა ალბათ ყველაზე კარგი დროა იმისთვის, რომ სამომავლო შემოქმედებით საქმიანობაზე ზედმეტი წნეხის გარეშე ვიფიქრო...

ამჟამად რაზე მუშაობთ?

ამჟამად რამდენიმე ახალ იდეასა და 2021 წლის აპრილში გასამართ გამოფენაზე ვმუშაობ.


გაქვთ რაიმე რჩევა მათთვის, ვინც ამ სფეროში ახლა იწყებს მუშაობას?

არაფერი გამოდის დაუღალავი შრომისა და ცნობისმოყვარეობის გარეშე...

ვიცით, რომ თბილისის დიზაინის დღეების ერთ-ერთი სტუმარი იქნებით, რას ფიქრობთ ქართულ სახელოვნებო სივრცისა და ამ დღეების შესახებ?

ვიცი, რომ თბილისს ძალიან საინტერესო დიზაინური და სახელოვნებო სივრცე აქვს, თუმცა მინდა, რომ ეს ყველაფერი თქვენთან სტუმრობით თავადვე აღმოვაჩინო.