თანამედროვე გასტრონომიული დუქანი „რიგი“, რომელმაც პირველად, 22 სექტემბერს უმასპინძლა თავის სტუმრებს, შეხვედრების გრძელ რიგს გვპირდება და ამჯერად, გასტრონომიულ ლხინში გვეპატიჟება დაწყებული მეგობრობის გასაგრძელებლად.
3 და 4 ოქტომბერს, ქალაქური მოლხენის ტრადიცია, თბილისური ეზოების ყოველდღიურობა და ძველი თბილისის ბაზრის ესთეტიკა, "რიგში“ ახალი ხიბლით დაიბადება. „რიგის“ კონცეფცია ქალაქური გემოებისა და ძველთბილისური ბაზრის იდეას აერთიანებს. სწორედ თბილისის გასტრონომიული კულტურა და ქალაქური მოლხენის წესი იქცევა თანამედროვეობაში გაცოცხლებულ გასტრონომიულ ლხინად.
შემოდგომას თბილი განწყობა და მსუყე ლუკმა უხდებაო, ამიტომაც,გასტროლხინის სტუმრებისთვის გაშლილ სუფრას ჩიტის რძე არ დააკლდება,ჭიქებს მერიქიფის ხელი, განწყობას კი - ტკბილი სიტყვა და სანახაობა. „რიგის“ სტუმრები, დილიდან გვიან შებინდებამდე,ჩვენს გასტროდუქანში გაჩაღებული გასტრონომიული ლხინის წევრებად იქცევიან და მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებასაც უხვად ეზიარებიან.გასტრონომიულ დუქანში, ძველი თბილისური ბაზრით შთაგონებულ პურის,ღვინის, ყველის, საყასბო თუ საბაყლო რიგებში, ფუსფუსსა და მოლხენას ბოლო არ ექნება. სტუმრების თვალის გასახარად, პურიც იქვე გამოცხვება და მეგრულ სულგუნსაც დუქანშივე ამოიყვანს გამოცდილი ოსტატის ხელი. ადგილზე მომზადებულ თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილ პროდუქტებს კი, იქვე დააგემოვნებს და მერე, შინაც წაიღებს ყველა მსურველი.
სანამ პური გამოცხვება, სანამ სუფრა შეივსება, ნარდიც გაგორდება და დომინოც დალაგდება - მეგობრობის ხიდიც გაიბმება უმალ, ალალად და ძალდაუტანებლად. სწორედ ამიტომ, იმ თბილისური ეზოს აღმოსაჩენად, რომელიც გემრიელი სუფრით, ათასი თავშესაქცევითა და მასპინძლის სალაღობო სიტყვით, გასტრონომიული ლხინის ადგილად ქცეულა, საკმარისია, „რიგის“ კარი შეაღო და მერე თავს თვითონ შემოგევლება დუქნის რიგიანი მასპინძელი.
დაწერე კომენტარი