“ასაკი მხოლოდ ციფრებია” - ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ისე არავინ უსვამს ხაზს, როგორც სტილის სიმბოლოდ აღიარებული 99 წლის აირის აპფელი.
დიდი ზომის მრგვალი სათვალით, აურაცხელი სამკაულითა და მკვეთრი ფერის შეუსაბამო პრინტის ტანსაცმლით შემოსილი აირისი, საკუთარ თავს “მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ თინეიჯერს” უწოდებს.
ეკლექტური სტილითა და მახვილგონივრული გამონათქვამებით ცნობილი აპფელის ახალგაზრდობის ფორმულა, გარემოს მიმართ მუდმივი ინტერესის შენარჩუნებასა და მის გაჯანსაღებაში მონაწილეობის სურვილია. ახალგაზრდების გარემოში ხშირად ატარებს დროს, მათ საქმიანობას აკვირდება და ახალ იდეებს იზიარებს.
ვარსკვლავების უმრავლესობისგან განსხვავებით, აირისი არასოდეს გაურბის საკუთარ ასაკს, პირიქით, ასაკთან ერთად მიღებულ გამოცდილებას და მისი სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობას მნიშვნელოვან უპირატესობად მიიჩნევს.
აირისი დაიბადა ნიუ-იორკში 1921 წელს. ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა ბრუკლინში, ბებიისა და ბაბუის სახლში, სადაც ოჯახის წევრები საქველმოქმედო მიზნით მრავალფეროვან საფეიქრო ნაწარმს კერავდნენ. ხელსაქმის დასრულების შემდეგ კი აირისს ნებას რთავდნენ ქსოვილის ნარჩენები სახლში წაეღო. ფერადი ქსოვილებით თამაშმა და ექსპერიმენტებმა აპფელს ბავშვობიდან განუვითარა ვიზუალური აღქმა.
დედის ხელშეწყობით 12 წლის აირისმა ანტიკვარული ნივთების მაღაზიები და ძველმანების ბაზრობები აღმოაჩინა. ტექსტილის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაუმძაფრდა, ქსოვილის ფერებმა, ფაქტურამ და მოხატულობამ გაიტაცა, რამაც მოგვიანებით ზეგავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე განათლება ხელოვნებისა და მოდის მიმართულებით გაეგრძელებინა.
1950 წელს აირისმა და მისმა მეუღლემ კარლ აპფელმა ქსოვილის წარმოების საქმე წამოიწყეს. მსოფლიოს გარშემო ხშირად მოგზაურობდნენ. ტექსტილის იშვიათ სახეობებს ეცნობოდნენ, არჩევდნენ და ყიდულობდნენ. აირისის გამორჩეული გემოვნების წყალობით მათმა კომპანია Old World Weavers-მა თეთრი სახლის ინტერიერის დიზაინის პროექტი შეასრულა. ამერიკის ყველაზე ცნობილ სახლთან თანამშრომლობა ჰარი ტრუმენის პრეზიდენტობის პერიოდიდან დაიწყო და ბილ კლინტონის პრეზიდენტობის ხანამდე გაგრძელდა. ამის გამო აირისს “ქსოვილების პირველი ლედი” შეარქვეს.
გარდა ქსოვილებისა, აპფელი ბავშვობიდან მონდომებით აგროვებდა აქსესუარებს, რომელიც გარდერობის გამდიდრების უნიკალურ საშუალებად მიაჩნდა - სწორად შერჩეულ სამკაულს შეუძლია ერთი და იმავე სამოსის, ყოველდღიური ტანსაცმლიდან საღამოს გამოსასვლელ კოსტიუმად გარდაქმნა.
“როდესაც არ იმოსები სხვების მსგავსად, არ ხარ იძულებული იფიქრო ისე, როგორც სხვები იფიქრებდნენ”. - ამბობს აირისი და მოდის კანონებს არ იცავს, პირიქით, ის გამუდმებით არღვევს მათ.
არ იცვამს იმას, რაც მის შინაგან სამყაროსთან კონფლიქტში მოდის. მხოლოდ საკუთარი თავისათვის იმოსება და არასოდეს სხვისთვის. სწორედ ეს თვითმყოფადობა აქცევს მის სტილს განსაკუთრებულად, მის იდენტობას ხაზს უსვამს და საზოგადოების ინტერესს იწვევს.
აირისის ხელწერა, მაღალი მოდის და სრულიად უბრალო ბრენდების ნაწარმის შერევით შექმნილი კოსტიუმებია. აპფელი წარმატებით უხამებს ერთმანეთს დიორის მოდის სახლსა და ძველმანების ბაზრობაზე შეძენილ ტანსაცმელს.
თავის პოპულარობას იუმორით უდგება და აღნიშნავს, რომ ცხოვრების მანძილზე განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ საქვეყნო აღიარება მოეპოვებინა. წინასწარ არანაირი სამოქმედო გეგმა და განზრახვა არ ჰქონია, ცხოვრობდა დღევანდელი დღით და აკეთებდა იმას, რისი ინტერესიც ყოველთვის გააჩნდა. სწორედ ამიტომ, იგი საკუთარ თავს “სტილის შემთხვევით სიმბოლოს” უწოდებს.
აირისი მიიჩნევს, რომ განსხვავებით მოდური ნაწარმისგან, სტილს ვერ შეიძენ, სტილი დნმ-ის ნაწილია, ინსტინქტურია და მხოლოდ ქვეცნობიერში ცოცხლობს.
“სჯობს იყო ბედნიერი, ვიდრე კარგად ჩაცმული” - თუ ჩაცმულობისა და აქსესუარების შერჩევა საკუთარი სტილის შესაქმნელად დისკომფორტს გიქმნის და ბედნიერებას არ განიჭებს, მაშინ არ ღირს ამისთვის გაისარჯო. აირისი, ხალხს წლების განმავლობაში ეხმარებოდა ამის გააზრებაში. მან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და გამბედაობის მოპოვებაში დაეხმარა.
აირისის უნიკალურ სტილს 2005 წელს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა რეტროსპექტული გამოფენა მიუძღვნა, ხოლო 2014 წელს ფართო ეკრანებზე Emmy-ს დაჯილდოებაზე ნომინირებული დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, სახელწოდებით “აირისი”.
დაწერე კომენტარი