კინემატოგრაფია, თავისივე არსით, ხშირად აერთიანებს თხრობის განსხვავებულ ფორმებს, რომლებიც ფილმში თვალშისაცემი ვიზუალის გარდა, დამკვირვებელსა და გმირს შორის ემოციურ კავშირს ქმნის. პერსონაჟთა ფსიქოტიპის უკეთ დასახატავად რეჟისორთა ნაწილი სხვადასხვა ვიზუალურ ხერხსა და სიმბოლიკას იყენებს, მათ შორის ერთ-ერთ საინტერესო მაგალითად კინომედიუმში სარკე და მისი აზრობრივი დატვირთვა შეგვიძლია განვიხილოთ. სარკე - როგორც გმირის დაფარული სურვილების, ღირებულებებისა და სამყაროს მისეული აღქმის სიმბოლო. გარეგნული იერსახის გარდა, რეჟისორები სარკის მოცემულობით ხშირად გმირთა შინაგანი მდგომარეობის მკაფიო სურათს გვიხატავენ. ყველა შემთხვევაში სარკე ერთმანეთისგან განსხვავებულ დანიშნულებასა და შინაარსობრივ მნიშვნელობას ატარებს.
ეგოცენტრულობა და მატერიალიზმი
ფრანგული ახალი ტალღის ორი ფიგურა ანიეს ვარდა და ჟან-ლიუკ გოდარი თავიანთ ფილმებში - “Cleo from 5 to 7” და “Breathless” - სარკის გამოყენებით გმირების ზედაპირულ შეხედულებებსა და ეგოცენტრულ ბუნებას უსვამენ ხაზს. ვარდას ნამუშევარში მოქმედი გმირის, კლეოს, პრიორიტეტთა შორის უმთავრესი გარეგნული სილამაზე და მოხდენილი ტანსაცმელია. “მგონია, ყველა მაკვირდება, სინამდვილეში მხოლოდ მე ვაკვირდები საკუთარ თავს”, - ამბობს კლეო, რომელიც ფილმის დასაწყისში ყველა სარკის წინ ჩერდება, რათა თავისი გარეგნობით დატკბეს. ამბის მსვლელობასთან ერთად, ვარდა სარკეს კომპოზიციაში შესამჩნევად მცირედ იყენებს, რაც გმირის პიროვნულ ზრდაზე მეტყველებს. გოდარის გმირებიც არანაკლებ მეტ დროს ატარებენ თავიანთი ანარეკლის ცქერით, რითაც რეჟისორს სურს, ცხადად დაგვანახვოს ახალგაზრდა წყვილის ეგომანია, თვითგატაცება და მათი ზედაპირული ურთიერთობის დინამიკა.
შინაგანი შფოთი და მოახლოებული საფრთხე
სარკისა და ანარეკლის გამოყენებით არაერთი უცნაური, შემზარავი და სამახსოვრო ვიზუალის მქონე გამოსახულება შეიძლება შეიქმნას. თუკი ფრანგმა პიონერებმა თავიანთ ნამუშევრებში სარკე ეგოიზმის გამოხატულებად აქციეს, სტენლი კუბრიკმა ფილმში “The Shining” - მას გაცილებით ავისმომასწავებელი ფორმა მიანიჭა. წარმოსახვით მეგობართან მის ოჯახში მოახლოებულ საშიშროებაზე ლაპარაკისას დენი სწორედ სარკის წინ დგას, კადრი კი ნელი სვლით მის ანარეკლს უახლოვდება. კუბრიკისთვის დამახასიათებელი სტატიკური კომპოზიცია და სარკე გმირის შინაგან შფოთს მკაფიოდ ხატავს, მაყურებელში კი მოუსვენრობის შეგრძნებას ბადებს. ამავე ხერხით სცადა დარენ არონოფსკიმ თავის ნამუშევარში (“Black Swan”) სრულყოფილების იდეით შეპყრობილი არტისტის შინაგანი მღელვარება და პარანოია გამოეხატა. ფილმის მიმდინარეობისას ნინას ალტერ ეგო როგორც ღამის ქუჩებსა და მატარებელში, ისე სარკეში კრთება.
ზღაპარული მაგია და ბავშვობა
სარკე რომ ზღაპრებსა და ფენტეზის ელემენტების მქონე ისტორიებში ყოველთვის მაგიურ ნივთად ფიგურირებს, ცნობილია. არც ჯადოქრობის სკოლაა გამონაკლისი ფილმში “Harry Potter and the Sorcerer’s Stone”, სადაც სარკე ადამიანის ქვეცნობიერში დამალულ სურვილებს ააშკარავებს. ჰარის ანარეკლი და მისი ხედვა მაგიასა და მის ყველაზე გულწრფელ ბავშვურ სურვილთან ასოცირდება. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ დაგვანახვებს, რომ სარკე კინოში თავისუფლად შეიძლება ადამიანის სხვადასხვა მხარის რეპრეზენტაციად ვაქციოთ: როგორც მისი ბუნებისა და ხასიათის, შიშისა თუ მისწრაფებების, ისე შინაგანი სურვილებისა და მოთხოვნილებების. ზღაპრული განწყობის შექმნას ემსახურება ტიმ ბურტონის მომრგვალო სარკეც ფილმში “Edward Scissorhands”, სადაც ღია ფერთა პალიტრის ფონზე ანარეკლში ედვარდის შავი, გოთიკური სასახლე მოჩანს.
ორსახოვნება
სარკის გამოყენება კინოში ადამიანის ამოუცნობი, ორსახოვანი ბუნების დასახატად ეფექტური ხერხია, რასაც დეივიდ ფინჩერი თავისი ნამუშევრის (“Gone Girl”) ერთ-ერთ მნიშვნელოვან სცენაში ოსტატურად იყენებს. საპირფარეშოში სარკის წინ მდგარი მოქმედი გმირი თავს ყველა პასუხისმგებლობისგან ითავისუფლებს, იდენტობას იცვლის და მზადაა, მიზნის მისაღწევად ნებისმიერი სახის დანაშაული ჩაიდინოს. სარკის არსებობა კომპოზიციაში პერსონაჟს, ისევე როგორც სცენას, ერთგვარ ბრუტალობას სძენს, რადგან მაყურებელი ხედავს, რომ გმირი სრულად აანალიზებს თავისი ქმედების ულმობლობას, თუმცა ეს ფაქტი მასზე სულაც არ მოქმედებს. სარკეზე აქცენტირება კადრში სწორედ პერსონაჟის ორსახოვნებაზე მეტყველებს: როგორ აღიქვამს ინდივიდს მედია და როგორი შეიძლება იყოს მისი ავთენტური სახე, საზოგადო იმიჯის მიღმა.
იდენტური კრიზისი
სარკის მნიშვნელობა და იდენტური კრიზისის თემატიკა მკაფიოდაა გამოკვეთილი ინგმარ ბერგმანის ერთ-ერთ ყველაზე სადავო ნამუშევარში (“Persona”), რომლის მოქმედი გმირი, ახალგაზრდა ექთანი ამბის მსვლელობასთან ერთად ფსიქოლოგიურ წნეხში ვარდება. ალმას მუდმივი ეჭვები ფილმის მთავარი შინაარსობრივი ღერძია. უცხო პაციენტთან დიდხნიანი განმარტოების შემდეგ, გმირი თავადაც არაა დარწმუნებული საკუთარი ქცევის, ხასიათისა და იდენტობის ბუნებრიობაში. ექთნის ნერვულ გარდატეხას, შინაგან დაბნეულობასა და ბრაზს ბერგმანი დიალოგისა და ბრწყინვალე ოპერატურის გარდა, კიდევ ერთი ეფექტური გზით, ალმას ანარეკლებით გადმოსცემს.
დაწერე კომენტარი