ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, ანიეს ვარდას შემოქმედება ცნობისმოყვარეობითა და სიღრმისეული იდეების ძიებით ხასიათდება. მისი ფილმები არსებულ სამყაროს გულმოდგინედ ეკიდება. . ხელოვანი თავისი უნიკალური კინემატოგრაფიული ლექსიკით ხშირად ისეთ თემებს ეხებოდა, როგორებიცაა სოციალური პასუხისმგებლობა, ქალთა უფლებები და ეკოლოგია.
საფრანგეთში მოღვაწე, წარმოშობით ბელგიელი კინემატოგრაფისტი და ფოტოგრაფი ანიეს ვარდა 1928 წელს დაიბადა. ფოტოგრაფიით დაინტერესებულმა ქალმა მომავალში საკუთარი თავი კინოში იპოვა. მისი სადებიუტო ფილმი - La Pointe Courte მკაფიო ვიზუალურ სტილში გადაღებული დრამაა, რომელიც დოკუმენტური განწყობით, ორ ამბავს შორის მონაცვლეობს - ახალგაზრდა წყვილი, რომელიც პრობლემურ ქორწინებას უმკლავდება და სოფელი, რომელსაც კოლექტიური პრობლემების მოგვარება უწევს. ვარდას შემოქმედება უამრავ კინოშედევრს ითვლის, მისი ფილმები ავტორის ინდივიდუალიზმსა და უნიკალურ ხედვას მძაფრად გამოხატავენ.
ანიეს ვარდას შემოქმედებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფილმია Le Bonheur, ანუ „ბედნიერება“. 1964 წელს გადაღებული ფილმი ბედნიერებისა და ერთგულების აბსტრაქტული სურათია, ფილმში გამოყენებული ფერები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თხრობასა და მაყურებლის ემოციაზე. "ბედნიერებაში" ყველა კადრი და ფერი ფრთხილადაა შერჩეული და მათი ერთობლიობა ლამაზ კომპოზიციას ქმნის. ვარდას ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული ფილმი ასახავს ერთგულებისა და ბედნიერების იდეას თანამედროვე სამყაროში, სადაც ინდივიდი მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული და ამას მხიარული ფერების ფონზე აკეთებს. Le Bonheur გაჯერებულია ნათელი ფერებით. ვარდისფერი, ლურჯი, ყვითელი და მწვანე ტონები ძირითადად ბედნიერებასთან და სითბოსთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ ფილმის დასაწყისში მაყურებელს ექმნება განწყობა, რომ კიდევ ერთ, ჩვეულებრივ სასიყვარულო ისტორიას იხილავს. ამ განწყობას მინდორში მყოფი მოსიყვარულე წყვილის სცენაც ამყარებს, თუმცა ფილმის დასაწყისში შექმნილი ბედნიერი ატმოსფერო მალევე იცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი სასიყვარულო ისტორიისთვის ემზადება, ანიეს ვარდას წყვილს სხვა ბედი ეწევა. მთავარ გმირს, ფრანსუას სხვა ქალი უყვარდება, რომელთანაც მეუღლეს ღალატობს, ორივე ქალთან ურთიერთობა ბედნიერებას ანიჭებს და ვერც ერთს თმობს. ერთ-ერთ სცენაში, რომელიც იდეალური განათებით, ფერებითა და პეიზაჟითაა გაჯერებული, ფრანსუა მეუღლეს გამოუტყდება, სიმართლეს ეტყვის სხვა ქალთან რომანის შესახებ. მხიარული ატმოსფერო მძიმე კონტრასტია ამ სამწუხარო ამბის გასაგებად. თვალსაჩინოა, რომ ვარდა ამ სცენაში ნათელ ფერებს ირონიულად იყენებს. ფილმის ფერების პალიტრა უნიკალური და ინტელექტუალური არჩევანია, ნათელი ფერები არ იცვლება და ქრება სიტუაციის შესაბამისად, თითქოს აგნეს ვარდა მუდმივად ბედნიერებაზეა ფოკუსირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოვლენები სამწუხაროდ ვითარდება, ფრანსუა საბოლოოდ მაინც ბედნიერად ცხოვრობს და სწორედ ესაა მნიშვნელოვანი ფილმის პერსპექტივისთვის. იდილიური პეიზაჟი და ნათელი ფერები ქმნის უწყვეტ ესთეტიკას, რომელიც აკავშირებს ყველა სცენას და კადრს. Le Bonheur არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს ფერების პალიტრა ფილმის ნარატივზე.
ანიეს ვარდას შემოქმედება მსგავსი ინტელექტუალური და ესთეტიკური ფილმებითაა სავსე. იგი ფილმებს სამი ძირითადი პრინციპით იღებდა - ინსპირაცია, შექმნა და გაზიარება. ვარდას ერთ-ერთი ბოლო ფილმი Varda By Agnes ავტორის ლეგენდარულ შემოქმედებაზე, ცხოვრების განვლილ გზასა და კინემატოგრაფიაზე არაჩვეულებრივი იუმორით მოგვითხრობს.
დაწერე კომენტარი