ფედერიკო ფელინი მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეჟისორია. მისი შემოქმედება ყველა თაობისთვისაა ცნობილი, თუმცა ცოტა თუ იცნობს დიადი კინემატოგრაფისტის სხვა მხარეს. ფელინი ნაკლებად ცნობილია მხატვრის ამპლუაში, გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ იგი ხელოვნების ამ დარგშიც არაჩვეულებრივი ხედვითა და იდივიდუალიზმით გამოირჩეოდა.
ფელინს ბავშვობიდან უმთავრესად ხელოვნება იტაცებდა და ხატვის ნიჭიც ადრეულ ასაკში გამოავლინა, მართალია, საბოლოოდ კინოს გაჰყვა, თუმცა მხატვრობა ყოველთვის მისი შემოქმედებითი პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო. საშუალო სკოლაში სწავლისას ხელოვანმა სახელი კარიკატურების ხატვით გაითქვა. სწორედ ამ პერიოდში მშობლიურ ქალაქში ჰოლივუდის ვარსკვლავების პორტრეტების დასახატად ფელინი კინოთეატრის მენეჯერმა დაიქირავა, ფილმების პოპულარიზაციის მიზნით. ამ ნახატების სანაცვლოდ მას კინოთეატრის ბილეთებს აძლევდნენ - აქედან დაიწყო ფელინისა და კინოს ურთიერთობა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა. 1938 წელს ის თანამშრომლობდა Domenica del Corriere-ში, სადაც კარიკატურებს აქვეყნებდა, რომში გადასვლის შემდეგ კი შეუერთდა რედაქციას, რომელიც სატირული ჟურნალებით იყო ცნობილი.
ფელინი ფილმების გადაღებამდე ან გადაღების პროცესში ხშირად ხატავდა თავის პერსონაჟებს, ამგვარი ქმედება თითქოს ამარტივებდა ფილმის ნარატივისა და ატმოსფეროს წარმოდგენას, ამგვარი მიდგომითვე საკუთარ პერსონაჟებს, მათ ხასიათსა და სტილს წინასწარ იცნობდა. ფელინიმ მსგავსი ხერხი გამოიყენა Casanova-ს პერსონაჟის შესაქმნელად - დახატა მისი გარეგნობა, შემდეგ კი შეისწავლა მისი იდეები და ხასიათი.
ხელოვანი ადრეული ასაკიდან ქალური ფორმებითა და ნატურის ხატვით იყო გატაცებული. უყვარდა სტილიზებული ეროტიკული სურათების ხატვა: ”ზოგჯერ, როდესაც საქმით ვარ გართული, ჩემი ხელი თითქოს ჩემგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ამ მომენტში, სავარაუდოდ, მე ქალის უზარმაზარ მკერდს ვხატავ“. ეროტიკული ნახატების უმეტესობა სიცოცხლის ბოლო წლებში დახატა. ხშირად ისინი აცოცხლებენ მისი ფილმების საყვარელ პერსონაჟებს. ზოგიერთ კარიკატურაში თავად ფელინის მინიატიურული გამოსახულებაც გვხვდება.
ფელინის ნახატები შეიძლება უხეში და ექსტრემალური იყოს, მაგრამ ისინი თავის ავტორს და მის განვლილ გზას ასახავენ. მისი კარიკატურები ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ მასთან ერთად. მართალია, მისი სახელი კინემატოგრაფიასთანაა დაკააშირებული, მაგრამ მხატვრობა თვითგამოხატვის მნიშვნელოვან ელემენტად დარჩა მთელი მისი კარიერის განმავლობაში.
დაწერე კომენტარი