სეზონების ცვლილებასთან ერთად ჩვენი გარდერობი მუდმივ განახლებას საჭიროებს. ამასთან ცნობილია, რომ უბრალოდ ახალი ნივთების შეძენასაც კი ჩვენი განწყობის ინდიკატორზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია. თუ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდით, როგორ შეიძლება გაიმრავალფეროვნოთ თქვენ ირგვლივ არსებული გარემო, ჟურნალი Hammock თქვენთვის სასარგებლო რჩევების მოცემას შეეცდება.

Raf Simons x Adidas



რაფ საიმონსისა და ბრენდ Adidas-ის კოლაბორაცია უკვე ათ წელზე მეტს ითვლის. ეს მაღალყელიანი სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც ცალ მხარეს გრაფიკული გამოსახულება ამშვენებს, მომხმარებლების ერთ-ერთი სასურველი შენაძენია.

Billie Eilish x Takashi Murakami x Uniqlo UT 


იაპონური ბრენდის, Uniqlo UT-ის, ბილი აილიშისა და ტაკაში მურაკამის კოლაბორაციის შედეგად 12 სახის მაისური დამზადდა. თუმცა ეს აილიშისა და მურაკამის პირველი ტანდემი სულაც არ არის, რადგან ცნობილი პოპვარსკვლავის სიმღერის ვიდეო "You Should See Me In A Crown” სწორედ ტაკაში მურაკამის ეკუთვნის. მაისური, რომელსაც ბილი აილიშის სახელი და გვარი აწერია, იაპონელი ხელოვანის ორნამენტებითაა გაფორმებული. მაისურების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე:  https://www.highsnobiety.com/


BOSSI


ალექს ბოსის დიზაინის მიხედვით შექმნილი Flowa Jean თქვენი გარდერობისათვის სასიამოვნო სიახლე იქნება და ამასთან მუდამ პოზიტიურად დაგმუხტავთ, რაც შარვალზე წარმოდგენილი ფერადი ხელნაკეთი ყვავილების დამსახურება იქნება. შარვლის შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე:  https://bossisportswear.com/

BODY OF ART

“ეს არის წიგნი, რომელიც  ხელოვნებას იყენებს, რათა ისაუბროს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი”,  - წერს ჟურნალი The Age. “Body of Art” ადამიანის სხეულს ხელოვნების ნიმუშად მოიაზრებს, რაც მკითხველს აოგნებს, შთაგონებას აძლევს, ხელოვნების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას აწვდის  და ამასთან ვიზუალურ ტყვეობაშიც ამყოფებს. “Body of Art” უძველესი დროის ხელოვნების ნიმუშებიდან დაწყებული, თანამედროვეობამდე არსებულ ნამუშევრებს აერთიანებს და გვაფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა - იდენტობა, რელიგია, სექსუალობა, სილამაზე, სხეულის ლიმიტირება და სხვა. თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული მკითხველები წიგნში ისეთ ხელოვანებს შეხვდებიან, როგორებიც არიან  მარინა აბრამოვიჩი, ჯოან ჯონასი და ბრიუს ნაუმენი. წიგნის შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე: https://buyers.ge/


David Lynch - Someone’s in my House


დევიდ ლინჩის მისტიკურობით აღსავსე კინო მაყურებლებს ყოველთვის სასიამოვნოდ აოცებს. თუმცა წიგნში “Someone’s in my House” ლინჩი არა ამერიკელ რეჟისორად, არამედ ვიზუალურ არტისტადაა წარმოდგენილი. წიგნი მის ფერწერულ ნამუშევრებს, სკულპტურებს, ინსტალაციებსა და ფოტოებს აერთიანებს. იგი იმითაცაა გამორჩეული, რომ  ისეთ ლინჩს წარმოაჩენს, რომელსაც კინოსთან არანაირი შეხება არ ჰქონია, თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ  ნამუშევრების დათვალიერებისას მნახველს ბევრი ფიქრი არ დასჭირდება იმის მისახვედრად, თუ საიდან მოვიდა მისი ფილმების შექმნის ინსპირაცია. წიგნის შეძენა They said books-ის კონცეპტუალურ მაღაზიაშია შესაძლებელი.


READYMADE x The Shop


Readymade ქართველი არტისტის, ათუ გელოვანისა და თავისი მეგობრის,  Skylar Kang-ის  კოლაბორაციის შედეგად ბერლინში დაარსებული სამკაულების ბრენდია, რომელიც საქართველოში არსებულ სხვადასხვა კონცეპტუალურ მაღაზიებთან  ხშირად თანამშრომლობს. როგორც ათუ გელოვანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, თითოეული სამკაულის შექმნის პროცესი მისთვის ექსპერიმენტებითაა სავსე, რასაც საბოლოოდ პროგრესი მოაქვს. Readymade-ის ახალი კოლექციის შეძენა სასტუმრო “სტამბის” კონცეპტუალურ მაღაზია The Shop-ში შეგიძლიათ.

IDEA

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

Staggering Wim Wenders collection by @idea.ltd // Get your Paris Texas Caps, Socks and T-shirts at the Store #wimwenders #paristexas #idea #sofiamalamute

A post shared by They said Books (@theysaidbooks) on

 

ვიმ ვენდერსის საკულტო ფილმი “პარიზი, ტეხასი” IDEA-სთვის შთაგონების წყაროდ იქცა. გერმანელი რეჟისორისა და IDEA-ს კოლაბორაციის შედეგად დამზადდა წითელი კეპი, მაისური ჰარი დინ სტენტონის გამოსახულებითა და წინდები, წარწერით “Paris” “Texas”. საქართველოში ამ ნივთების შეძენას კონცეპტუალურ მაღაზია They said books-ში შეძლებთ. 

Kaws x Dior


Kaws-ისა და Dior-ის კოლაბორაციის შედეგად თქვენს პლასტიკურ ბარათებს ვარდისფერი ფუტკრებით გამოსახული ორიგინალური საცავი ექნება.

ჩუბიკა - გმირის სამაჯური



ნინო ჩუბინიშვილი - ჩუბიკა - თანამედროვე ქართველი ხელოვანია. მის შემოქმედებაში ხელოვნება და მოდა ერთმანეთს ხშირად კვეთს, რასაც მისივე დიზაინით დამზადებული სამაჯურები, ყელსაბამები, საფულეები, ხელჩანთები და ქამრები ნათლად წარმოაჩენს. სამკაული, სახელწოდებით “გმირის სამაჯური”, რომელზეც ანგელოზია გამოსახული, შეგიძლიათ  სპეციალური ფასდაკლებით შეიძინოთ ვებგვერდზე: https://www.ieristore.com/