ბრიტანელი მსახიობი ქეით უინსლეტი პირველად ტელეეკრანზე 11 წლის ასაკში გამოჩნდა, ხოლო მსოფლიომ  19 წლისა პიტერ ჯექსონის ფილმში (“Heavenly Creatures”, 1994) განსახიერებული  სადებიუტო როლით გაიცნო.   ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულმა ნამუშევარმა უინსლეტს ადრეული წარმატება მოუტანა, კრიტიკოსთა წრეში კი გამოსვლისთანავე განხილვის საგნად იქცა. მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, მსახიობი მტკიცე, ხშირად ბრაზითა და სიჯიუტით გამორჩეული ხასიათის გმირების თამაშითაა ცნობილი.

 

Finding Neverland (2004)

 

 

საბავშვო პიესის, “პიტერ პენის” ავტორის ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმში უინსლეტი ოთხი შვილის ქვრივ დედას განასახიერებს, მასთან ერთად მთავარ  როლს კი ჯონი დეპი თამაშობს. მეორეხარისხოვანი როლის მიუხედავად, მსახიობი დამაჯერებლად ქმნის მარტოხელა მგლოვიარე დედის პორტრეტს, ამასთან ერთად კი ერთგვარ სიმარტივესაც ინარჩუნებს.

 

Heavenly Creatures (1994)

 

 

ცნობილი “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიამდე პიტერ ჯექსონმა ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული თრილერი გადაიღო, რომელიც ფენტეზის ელემენტებითაა დატვირთული. მეგობრობასა და მის თანამდევ კონფლიქტზე აგებულ ფილმში ცხრამეტი წლის უინსლეტი თავის პირველ კინოროლს ასრულებს. მსახიობი  მაყურებელმა  პირველად  სწორედ ჯექსონის ადრეული ნამუშევრით გაიცნო. 

 

Sense and Sensibility (1995)

 

 

ერთი წლის შემდეგ, ამჯერად ჯეინ ოსტინის ნაწარმოების ადაპტირებულ ეკრანიზაციაში, უინსლეტი კვლავ უბრუნდება კინოსამყაროს. მსახიობის შემოქმედებაში არაერთი ნამუშევარი მოიძებნება, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის კლასიკურ ეპოქაში ვითარდება. ოსტინის მოთხრობილ ამბავში უინსლეტი დებს შორის ყველაზე გულუბრყვილოს თამაშობს. წიგნის მოყვარულთა აზრით, მსახიობის შესრულება მწერლის ჩაფიქრებულ გმირთან დღემდე ყველაზე ახლოა, რაც ფილმს სხვა ეკრანიზაციებისგან გამოარჩევს.

 

Titanic (1997)

 

 

უინსლეტის სახელის გაგონებაზე მაყურებელთა უმეტესობას ასოციაციურად მაშინვე “ტიტანიკი” და მისი შესრულებული როლი ახსენდება. ფილმი ერთ-ერთია იმ სამ ნამუშევარს შორის, რომლებმაც  თერთმეტი ოსკარი მიიღეს. რამდენადაც პოპულარული  გახდა ეკრანიზაცია, იმდენად რთული აღმოჩნდა მსახიობისთვის გადაღების პროცესი, რომლის დროსაც დაბალი ტემპერატურისა და რთულ გარემოში ყოფნის გამო მას დროებით ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.  

 

Quills (2000)

 

 

დაგ რაითის პიესის მიხედვით გადაღებული ამბავი უინსლეტის რიგითი  დრამაა, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში ვითარდება. ფილმში მსახიობთან ერთად წამყვან როლს ხოაკინ ფენიქსი თამაშობს. ფილმი, რომელსაც გახმაურებული დავა მოჰყვა როგორც მაყურებლებისგან, ისე კრიტიკოსებისგან, უინსლეტის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ნამუშევარია.

 

Steve Jobs (2015)

 

 

სტივ ჯობსის ცხოვრებაზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში უინსლეტი მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, თუმცა მცირე დროის მიუხედავად,  ზუსტად ახერხებს, თავის პერსონაჟს ნამდვილი ჯოანა ჰოფმანის სახასიათო თვისებები მოარგოს. მსახიობმა ფილმისთვის დიალექტის მწვრთნელთანაც იმუშავა, რომ მისი აქცენტი როლში ჯოანას იდენტური ყოფილიყო. უინსლეტი 2016 წელს როლისთვის ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა.

 

Carnage (2011)

 

 

ჟანრობრივად ბნელი კომედია, რომელშიც მთელი ამბავი ერთ ოთახში ვითარდება, ოთხ გმირზეა ორიენტირებული, მათგან კი ერთ-ერთს უინსლეტი განასახიერებს. სატირული დაკვირვება კლასსა და სოციალურ ნორმებზე ფილმში ორ ბავშვს შორის ჩხუბის შემდეგ იწყება, როდესაც მათგან ერთ-ერთი მეორეს დაუპირისპირდება. ბავშვების მშობლებს, უინსლეტთან ერთად, ქრისტოფერ ვალცი და ჯოდი ფოსტერი ასრულებენ. პრობლემის ცივილური გზით გადაჭრის მიზნით შეხვედრილი მშობლები ნელ-ნელა მოთმინებას კარგავენ, წყობიდან გამოდიან და ამაოდ ცდილობენ თავიანთი ნამდვილი სახე სოციალური ნიღბის მიღმა დამალონ. უინსლეტი აგრესიული ბიჭის დედას თამაშობს, რომელიც მუდმივად სტრესს განიცდის  და რამდენადაც კომიკური, იმდენად გულწრფელია.

 

Revolutionary Road (2008)

 

 

უინსლეტის “ბრაზით სავსე” გმირებიდან ეს ნამუშევარი ერთ-ერთი გამორჩეულია. მსახიობი ყოველდღიური რუტინით დაღლილ, მოწყენილ გმირს განასახიერებს, რასაც ემატება კონფლიქტისა და დავის სცენები. უინსლეტის თქმით, ფილმი ზურგს აქცევს რომანს, სიყვარულსა და ურთიერთგაგებას, ამის ნაცვლად კი სიძულვილს, წინააღმდეგობასა და ადამიანში გაქცევის სურვილს შეისწავლის.

 

The Reader (2008)

 

 

ბერნარდ შლინკის წიგნის მიხედვით გადაღებულ ადაპტირებულ ამბავში უინსლეტის პრინციპული, სახასიათო და პრობლემატური პერსონაჟი მაყურებელში ინდივიდუალურ ემოციას იწვევს: ზოგმა შეიძლება მისი ქმედებები არ გაამართლოს, დაანაშაულოს და აპათიურად განეწყოს მის მიმართ, ნაწილი კი მოახერხებს გმირი თავისივე ნაკლით მიიღოს. სტივენ დალდრის ეკრანიზაციამ არა მხოლოდ რეჟისორს, თავად მსახიობსაც  წარმატება მოუტანა. უინსლეტმა 2009 წელს ამ როლისთვის ოსკარი მიიღო.

 

The Eternal Sunshine of the Spotless Mind (2004)

 

 

უინსლეტის ყველაზე გამორჩეული, დასამახსოვრებელი და რეალისტური პორტრეტი მაყურებელმა 2004 წელს მიქელ გონდრის ფილმში იხილა. მოგონებებზე, იმედგაცრუებასა და ურთიერთობის დასრულებაზე დაწერილი ამბავი მაყურებლისთვის დღემდე რელევანტურია. ლურჯთმიანი უინსლეტი კი ექსცენტრიკული ხასიათითა და მანერებით უდავოდ სენსიტიური გმირის პორტრეტს ქმნის. მსახიობის თქმით, თავისი ნათამაშები როლებიდან კლემენტაინი მისთვის ყველაზე  საყვარელია.