1920-იანი წლები მექსიკის მოდერნიზმის ათვლის წერტილად ითვლება. წინა ათწლეული საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, შესაბამისად, 20-იანი წლები მრავალი პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილებების პერიოდი იყო. სწორედ ამ დროს კულტურამ უფრო მეტი დანიშნულება შეიძინა და დიდი როლი ითამაშა ქვეყნის გათანამედროვებაში.
ამავდროულად, ევროპაში ყალიბდებოდა ახალი მიმდინარეობა, რომელსაც „საერთაშორისო სტილი“ Museum of Modern Art-ის კურატორებმა ჰენრი რასელ ჰიჩკოკმა და ფილიპ კონსონმა 1932 წელს გამართულ გამოფენაზე უწოდეს. სტილმა, რომელიც „მოდერნიზმის“ წინამორბედად ითვლება, დიდი გავლენა იქონია მექსიკური არქიტექტურის განვითარებაში.
მექსიკელი მხატვარი და ფრიდა კალოს ქმარი, დიეგო რივერა, ევროპაში ცხოვრობდა და იმ პერიოდის ხელოვანებთან თანამშრომლობდა. მექსიკაში დაბრუნებისთანავე მან განავრცო ევროპული თანამედროვე იდეოლოგია და მექსიკაში მოღვაწე სხვა არტისტების დახმარებით ამ იდეების იქაური კონტექსტისთვის მორგება დაიწყო. სწორედ დიეგო რივერას და ფრიდა კალოს სახლი და სტუდია, ხუან ო’გორმანის დიზაინით, ახალი მიდგომების საწყისი გახდა. ფერადი არქიტექტურა, რომელიც განსაკუთრებით დამახასიათებელია მექსიკისთვის, ყველასგან გამორჩეულია.
მექსიკელი არქიტექტორი ხუან ო’გორმანი კედლის მხატვარიც იყო. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი Central Library at Ciudad Universitaria-ს მოზაიკური ფასადია. მისი სახლის ფასადიც, ბიბლიოთეკის მსგავსად, დაფარულია მოზაიკური ნახატებით. თუმცა, მისი არქიტექტურა მრავალფეროვანია და სხვადასხვა სტილის გავლენა იგრძნობა.
House and Studio of Diego Rivera and Frida Kahlo – 1931-32, Mexico City
ირლანდიელი წარმოშობის არქიტექტორს მრავალი სახლის პროექტი ეკუთვნის, მათ შორის ხელოვანების, დიეგო რივერას და ფრიდა კალოსი. აქ ნათლად ჩანს „საერთაშორისო სტილის“ დამახასიათებელი ელემენტები, როგორიცაა დიდი და ოთხკუთხედად დაყოფილი ფანჯრები და სვეტებზე დაყრდნობილი პირველი სართული. სახლის მნიშვნელოვანი დეტალია სახურავზე მოთავსებული ხიდი, რომელიც წითელ და ლურჯ შენობებს აკავშირებდა. წითელი სახლი რივერას ეკუთვნოდა, ხოლო ლურჯი - კალოს. ლე კორბუზიეს და „ფუნქციონალიზმის“ გავლენა შეიმჩნევა ო’გორმანის ამ ნამუშევარში, სადაც არქიტექტორი შუშას, ფოლადს, ბეტონს და სვეტებს იყენებს. ამასთანავე, ის მექსიკური ტრადიციებითაც ინსპირირებულია და ჭერს თიხის პანელებით, ხოლო ფასადებს მკაფიო ფერებით ფარავს და კაქტუსებისგან ღობეს ქმნის.
ლუი ბარაგანი - მარტი, 1902 - ნოემბერი, 1988
მექსიკის უდიდესი არქიტექტორი, ლუი ბარაგანი ცნობილია თავისი ფერადი სისადავით. ცნობილია, რომ პრიცკერის პრიზის მფლობელი ლე კორბუზიეს ეწვია და მას შემდეგ იგრძნობა ევროპული მოდერნიზმისგავლენა მის შემოქმედებაში. ბარაგანი ტიპურ მოდერნისტულ ნამუშევრებს ქმნიდა. თუმცა მოგვიანებით, ის ამბობდა, რომ მისი ნამუშევრები „ემოციურ არქიტექტურას“ მიეკუთვნებოდა, განსხვავებით ლე კორბუზიესგან, რომელიც სახლს „საცხოვრებელ მანქანას“ უწოდებდა. მან დიდი წვლილი შეიტანა მექსიკური არქიტექტურის განვითარებაში და მისი გავლენა შეინიშნება რიკარდო ლეგორეტას და სხვათა შემოქმედებაში.
Casa Gilardi – 1976, Mexico City
ეს შენობა არქიტექტორის ბოლო ნამუშევარია. უკვე პენსიაზე გასული ბარაგანი
დიზაინს დაუბრუნდა მარტინ ლუქის ოჯახისთვის. თავდაპირველად შენობა
მარტინ ლუქის და მისი პარტნიორის, პანჩო გილარდის სარეკლამო სააგენტოს
ოფისი გახლდათ. თუმცა, გილარდის გარდაცვალების შემდეგ, შენობას მის საპატივცემულოდ Casa Gilardi დაექვა და მარტინ ლუქის ოჯახის სახლად იქცა. ბარაგანმა სახლი ძველი ჟაკარანდის ხის გარშემო ააგო. შიდა ეზო, სადაც ხე დგას, შენობას სხვადასხვა სივრცეებად ყოფს. როგორც ბევრი მისი ნამუშევარი, ეს სახლიც სავსეა მკვეთრი ფერებით. ფასადი ქუჩის მხარეს ვარდისფერია, ხოლო კორიდორი ყვითელი. სხვა სივრცეებშიც მკვეთრი ლურჯი, წითელი, ცისფერი და წითელი ჭარბობს.
რიკარდო ლეგორეტა - მაისი, 1931 - დეკემბერი, 2011
მექსიკელი არქიტექტორი რიკარდო ლეგორეტა ლუი ბარაგანის მოსწავლე იყო და მათ შორის ერთი შეხედვით ბევრ საერთოსაც ვნახავთ. ლეგორეტას ასევე ფერად არქიტექტურაში ადვილად შესამჩნევია ბარაგანის გავლენა. თუმცა, ბარაგანისგან განსხვავებით, ლეგორეტა უფრო მეტად მუშაობდა დიდ პროექტებზე და არა მხოლოდ სახლებზე. ის ბევრი სხვადასხვა სახის პროექტების ავტორია არა მარტო მექსიკაში, მის პროექტებს შევხვდებით ამერიკაში, ცენტრალურ ამერიკაში, ინგლისსა და ესპანეთში.
Camino Real Hotel – 1968, Mexico City
ეს არქიტექტორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. შენობა თავისი განსაკუთრებული ხასიათით სხვა ტრადიციული სასტუმროებისგან განსხვავდება. არქიტექტორს უნდოდა შეექმნა სივრცე, სადაც სტუმარი შეიგრძნობდა ნამდვილ მექსიკურ კულტურას. ფასადი მთავარი ქუჩისკენ სასტუმროს ხასიათს გადმოსცემს ვარდისფერი ბადის სტრუქტურით. შიდა ეზო მექსიკური არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად, ლეგორეტაც იყენებს მას - როგორც შიდა და გარე სივრცეების დამაკავშირებელ სივრცეს. მკვეთრი ფერებიც ამ შენობის დამახასიათებელია და ბარაგანის მსგავსად, ლურჯი, ყვითელი და ვარდისფერი ჭარბობს.
დაწერე კომენტარი