“რასაც ჩემს ნამუშევრებში ხედავთ, ისაა, რომ მე არ მეშინია ადამიანების შეყვარების“. - ეს ფრაზა იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც თავისი არაორდინარული ხედვით ყველაზე წარმატებულ ფოტოგრაფთა სიაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. მის ობიექტივში მოხვედრილ კადრთა შორის პოპულარობით ცნობილი სახეების პორტრეტები გამოირჩევა, რომლებიც არასდროს რჩება მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღებისა და აღფრთოვანების გარეშე. ამის მიზეზი კი ლეიბოვიცის უნარია, შექმნას ისეთი კადრები, რომ თითოეულმა საკუთარი, ინდივიდუალური ადგილს დაიკავოს მის კოლექციაში.
ენი ლეიბოვიცი 1949 წლის 2 ოქტომბერს ამერიკაში დაიბადა. ხელოვნების სიყვარულის თავდაპირველი მიზეზი დედამისი გახდა, რომელიც ცეკვის ინსტრუქტორი იყო, რამაც ლეიბოვიცს ამ სფეროსადმი ინტერესი გაუღვივა. ფოტოგრაფიით კი ვიეტნამის ომის პერიოდში დაინტერესდა, იღებდა ადგილობრივებსა და სამხედრო თემატიკის ფოტოებს, თუმცა პროფესიონალურ ფოტოგრაფიაზე ჯერ არც კი ფიქრობდა.
პროფესიის შერჩევისას არჩევანი ხელოვნების სფეროზე შეაჩერა, ამიტომ 1967 წელს სან ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა. მეორე სემესტრში კი, მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფიის კურსი დამატებით საგნად აირჩია, გადაწყვიტა, რომ ეს ის სფერო იყო, რისი სწავლაც ნამდვილად სურდა. ამ სფეროში მისი თავდაპირველი და მთავარი ინსპირაცია ცნობილი ფოტოგრაფები - რობერტ ფრენკი და ჰენრი კარტიე-ბრესონი გახდნენ.
კარიერა ჟურნალ Rolling Stone-ში დაიწყო. მის მიერ გადაღებულმა ალენ გინზბერგის ფოტომ ჟურნალის დამაარსებლის, ჟან უენერის დიდი სიმპათია დაიმსახურა, პორტრეტი კი ჟურნალის შემდეგი გამოცემის ყდაზე დაიბეჭდა. იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალს ექსპერიმენტული სახე ჰქონდა და საბოლოო კონცეფცია ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული, ლეიბოვიცს, რომელიც მალე Rolling Stone-ის მთავარი ფოტოგრაფი გახდა, გამოხატვის მეტი თავისუფლება ჰქონდა. ამ პერიოდში მან შექმნა მუსიკოსების ფოტოები - ელტონ ჯონის, ბობ დილანის და The Rolling Stones-ის.
იოკო ონო და ჯონ ლენონი Rolling Stone-ის გარეკანზე
1970-იან წლებში Rolling Stone-მა ჟურნალში ფერადი ფოტოგრაფიის ნიმუშების გამოქვეყნება დაიწყო. ამ პერიოდში ლეიბოვიცმა ჟურნალისთვის ჯგუფ Beatles-ის წევრი, ჯონ ლენონი და მისი მეუღლე, იოკო ონო გადაიღო.
მალე ლეიბოვიცის სტილით ცნობილი ჟურნალი Vanity Fair ინტერსდება, რომელიც მის შემოქმედებას ლეგენდარული ფოტოგრაფის, ედვარდ სტაიხენის გაგრძელებად წარმოადგენს. სულ მალე ლეიბოვიცით იმ პერიოდისთვის ყველაზე ცნობილი ადამიანები ინტერესდებიან. ეს მისი შემოქმედების ის პერიოდია, როდესაც შავ-თეთრი ფერები უფრო და უფრო ქრება და მათ ადგილს ახალი, სიცოცხლითა თუ დრამატიზმით სავსე ფერები იკავებს.
დედოფალი ელისაბედ მეორე
დედოფალ ელისაბედ მეორის პორტრეტები ბუკინგემის სასახლეში იმ სერიათა შორისაა, რომელიც ლეიბოვიცმა დედოფლისთვის შექმნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ენი პირველი ამერიკელი იყო, ვინც ეს გააკეთა. მან მეტი ბუნებრიობისთვის დედოფალს გვირგვინის მოხსნა სთხოვა, რაზეც დედოფალი დათანხმდა, თუმცა, ცხადია, რომ ეს ფოტოსესია კრიტიკის გარეშე არ ჩაივლიდა. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ლეიბოვიცის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოსესია გახლდათ.
შეუძლებელია ვისაუბროთ ენი ლეიბოვიცის ცხოვრებაზე და არაფერი ვთქვათ ამერიკელ მწერალ სიუზან სონტეგზე, რომელიც სულ მალე მისი განუყრელი მეგობარი და შემოქმედების ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი გახდა. ბევრი რამ მის შემოქმედებაში, შეიძლება ითქვას, სწორედ სონტეგის დაუნდობელი კრიტიკის შედეგია, რაც ლეიბოვიცს მოსწონდა კიდეც, რადგან სონტეგი მას ეხმარებოდა, სულ სხვა თვალით დაენახა საკუთარი შემოქმედება.
დროთა განმავლობაში ენი ლეიბოვიცი იმ ფოტოგრაფად ჩამოყალიბდა, რომელიც სუბიექტივიზმის გადმოცემას შესანიშნავი ოსტატობითა და საკუთარი საქმისათვის თავდადებით ახერხებს. მისი შემოქმედება სავსეა იმ ადამიანების სახეებით, ვისაც უმრავლესობა კარგად იცნობს, თუმცა მის თითოეულ პორტრეტში მინიმუმ ერთი ისეთი შტრიხი მაინცაა ასახული, რომლის კადრში დაფიქსირებასაც მხოლოდ ის თუ მოახერხებდა.
დაწერე კომენტარი