ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმები იტალიური კინოსათვის მნიშვნელოვან მემკვიდრეობას წარმოადგენს, თუმცა ისინი იტალიელი რეჟისორისათვის არა მხოლოდ წარმატების, არამედ დიდი სკანდალის მომტანიც აღმოჩნდა და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბერტოლუჩის ფილმების განსაკუთრებული ცნობადობა იმ დიდი ვნებათაღელვის დამსახურებაც არის, რაც მისი შემოქმედების უშუალო თანამდევია.
რეჟისორობამდე მისი კარიერული მზერა, მამამისის მსგავსად, პოეზიისაკენ იყო მიმართული, თუმცა როგორც ბერტოლუჩიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ლიტერატურული მედიუმი მის თვითექსპრესიას ჩაროებში აქცევდა, ხოლო კინო თავისი შემოქმედებითი მზერის, სურვილებისა და იდენტობის პირდაპირ მანიფესტაციად ევლინებოდა და ამას არც არასოდეს უარყოფდა.
ბერტოლუჩის კინო ძირითადად პოლიტიკური თემების ირგვლივ ტრიალებს, სადაც პერსონაჟები საუბრობენ კომუნიზმზე, ფაშიზმსა და მთელ რიგ ფილოსოფიურ საკითხებზე, თუმცა იტალიელი რეჟისორის ხელწერის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანი ადამიანური ვნებებისადმი ობსესიური დამოკიდებულებაა, რასაც პერსონაჟების ეგზისტენციალური მარტოობაც თან ახლავს და ამას მისი არაერთი ნამუშევარი ადასტურებს.
უკანასკნელი ტანგო პარიზში
“უკანასკნელი ტანგო პარიზში”, რომელიც ეროტიკული დრამაა, ბერტოლუჩის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია, სადაც მთავარ როლებს მარლონ ბრანდო, მარია შნაიდერი და ჟან-პიერ ლეო ასრულებენ. ფილმის პირველივე წამებიდან ნათლად იკვეთება, რომ პოლი (მარლონ ბრანდო) დიდი წუხილის ტყვეობაში იმყოფება, თავი დაკარგული აქვს და ხსნის საშუალებაზე უარს ნამდვილად არ იტყოდა. ამ მდგომარეობის მიზეზი მისი უეცარი დაქვრივებაა, რომელიც პერსონაჟს ყველაფერთან ერთად იმასაც ააზრებინებს, რომ სამყაროში ხელჩასაჭიდი სუბიექტი მხოლოდ წარსულის მოგონებად ექცა. ამიტომაც ბერტოლუჩიმ ბრანდოს პერსონაჟი “დააჯილდოვა” - მხსნელად მარია შნაიდერის პერსონაჟი მოუვლინა და მასთან გატარებული ვნებიანი საათებით მატერიალურ სამყაროსთან პირდაპირი კავშირი ცოტა ხნით გააწყვეტინა. სიუჟეტის მსვლელობისას მაყურებელი მალევე ხედავს, რომ ბრანდოსა და შნაიდერის პერსონაჟები საერთო ბინაში მარტონი აღმოჩნდებიან, სადაც დომინანტის ფუნქციას კაცი ირგებს და შნაიდერის პერსონაჟიც ცდილობს, რომ მის მიერ დადგენილი წესები მაქსიმალურად დაიცვას. წესები კი მარტივია - არავითარი ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ, არავითარი სახელების გაცვლა, მხოლოდ სექსი, ვნება და სხვა დანარჩენი წყალსაც წაუღია.
ხელოვანთა შემოქმედებაში ავტობიოგრაფიული ელემენტები წამყვან როლს თამაშობს და ამ კუთხით არც ბერნარდო ბერტოლუჩია გამონაკლისი. როგორც ცნობილია, ერთ-ერთ ეროტიკულ სცენაში შიშველი მარლონ ბრანდოს გენიტალიებიც კი შესამჩნევი იყო, თუმცა ეს კადრი ფილმის ოფიციალური ვერსიიდან ამოჭრილია. მიზეზად ის დასახელდა, რომ ბერტოლუჩი ბრანდოსთან საკუთარ თავს აიგივებდა. შესაბამისად, ბრანდოს გაშიშვლება რეჟისორის გაშიშვლების ტოლფასი იყო, რაც ბერტოლუჩის სულიერ სამყაროში სირცხვილის გრძნობას აღვივებდა.
“უკანასკნელი ტანგო პარიზში” მთავარი პერსონაჟის თავს დატეხილი ტრაგედიის გარდა სექსუალური შევიწროების სცენებსაც ააშკარავებს, რამაც ფილმის რეპუტაციაზე დიდი გავლენა იქონია. ერთ-ერთ სცენაში პოლი (მარლონ ბრანდო) შნაიდერის პერსონაჟს ანალურად აუპატიურებს და ლუბრიკანტის მაგივრად კარაქს იყენებს.
შნაიდერი იმ დროს მხოლოდ 19 წლის, ჯერ კიდევ მოზარდი იყო და ამ სცენის ნეგატიური გავლენა მის პერსონაზეც აისახა. როგორც თავად მსახიობმა აღნიშნა, მის სცენარში კარაქის გამოყენებით გაუპატიურების თაობაზე სიტყვაც კი არ იყო დაწერილი. “ამის შესახებ ინფორმაცია სცენის გადაღებამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიგე. მაშინ გადასაღებ მოედანზე ჩემი აგენტი ან ადვოკატი აუცილებლად უნდა მომეყვანა, რადგან არავის აქვს უფლება მსახიობს იმის გაკეთება დააძალოს, რაც სცენარში ნახსენებიც კი არ არის, მაგრამ იმ დროს ჩემი უფლებების შესახებ არაფერი ვიცოდი”, - განაცხადა შნაიდერმა. ამ მოვლენების შემდეგ მისი მენტალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, თუმცა ბოლოს პრობლემები გადალახა და ქალთა უფლებათა დამცველი ადვოკატიც კი გახდა, რომელიც თავის მწარე გამოცდილებაზე დაყრდნობით განსაკუთრებით ქალების - რეჟისორებისა და მსახიობების გაძლიერებისათვის იბრძოდა.
როდესაც შნაიდერის პერსონაჟს ფილმში აუპატიურებენ, იგი ასევე იძულებული ხდება, რომ მოძალადის მიერ ნაკარნახევი დამამცირებელი სიტყვებიც გაიმეოროს, რასაც, ბუნებრივია, მისი ცხარე ცრემლებიც დრამატულად ერთვის. როგორც მსახიობმა განაცხადა, იმ დროს მაყურებელმა არა მხოლოდ პერსონაჟის, არამედ რეალური შნაიდერის ცრემლებიც იხილა, რადგან იმ მომენტში თავი გაუპატიურებულად მანაც იგრძნო. თუ მის მიერ განსახიერებული პერსონაჟისადმი ძალადობრივ აქტს პოლი ახორციელებდა, შნაიდერი გრძნობდა, რომ სცენის მსვლელობისას მასზეე ერთდროულად ძალადობდნენ ბრანდო და ბერტოლუჩი. იტალიელმა რეჟისორმა თავისი ქმედება შემდეგი სიტყვებით ახსნა: “მე მსურდა, რომ შნაიდერს რეაქცია გამოეხატა არა ისე, როგორც მსახიობს, არამედ ისე, როგორც გოგოს”. და სწორედ ამიტომაც, ბერტოლუჩის “შნაიდერის რისხვა” სიცოცხლის ბოლომდე უკარგავდა მოსვენებას.
მეოცნებენი
“მეოცნებენი” ბერტოლუჩის არანაკლებ გახმაურებული ნამუშევარია, რადგან ფილმში ასახული სცენები არა უბრალოდ ეროტიკულ სურათებს, არამედ ინცესტისადმი ლტოლვასაც ააშკარავებს. ნათესაური კავშირისა და ვნების სინთეზს ბერტოლუჩის ბევრ კინოსურათში ვხვდებით. მაგალითად, ფილმში “რევოლუციამდე” მთავარ პერსონაჟ ფაბრიციოს სექსუალური კავშირი საკუთარ დეიდასთან აქვს, ფილმში “მთვარე” ამგვარ კავშირს დედა და შვილი იზიარებს, ხოლო ფილმი “მე და შენ” დედისა და შვილის ისეთ დიალოგს ასახავს, სადაც ბიჭი სვამს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ გამრავლდებოდა სამყარო იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ის და დედამისი გადარჩებოდნენ.
“მეოცნებენში” მთავარ როლებს მაიკლ პიტი, ევა გრინი და ლუი გარელი ასრულებენ, რომელთა პერსონაჟების ურთიერთობა იმდროინდელ საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე ვითარდება. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ამ სამეულისათვის ქალაქ პარიზის არსებობა პირობითი წარმონაქმნია და ფილმის - “უკანასკნელი ტანგო პარიზში” მსგავსად, ისინი ცოტა ხნით მათ მიერ შექმნილ კომუნაში არსებობას ამჯობინებენ, თუმცა ისიც ნათელია, რომ პოლიტიკური გარემოს ფონზე გარესამყაროს ბოლომდე ვერ უგულებელყოფენ. აქედან გამომდინარე, ფილმი სამ მთავარ მოტივზეა აგებული - კინოზე, სექსსა და პოლიტიკაზე.
ევა გრინის მშობლები ფილმში მის მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ნუდისტური სცენების სიჭარბის გამო მათი შვილიც შნაიდერის ტრაგედიას გაიზიარებდა, თუმცა რეალობამ სულ სხვა რამ აჩვენა. “როცა ამ ბავშვებთან ვარ, მგონია, რომ მეც მათი ტოლი ვარ, ან უფრო ახალგაზრდა”. - განაცხადა ბერტოლუჩიმ მსახიობებზე და ამით მათდამი სიმპათიაც გამოხატა. ევა გრინი ერთ-ერთ ინტერვიუში ბერტოლუჩის ღმერთს უწოდებს და მისი მსახიობებთან მუშაობის ტექნიკასაც იწონებს, რადგან იტალიელ რეჟისორთან თანამშრომლობით ის თავს თავისუფლად და მშვიდად გრძნობდა, რაც თამამი როლის მორგებას უმარტივებდა.
“მეოცნებენში” ევას შიშველი ნატურა მნახველზე შთამბეჭდავ გავლენას ახდენს. ფილმში ცეკვის დროს, სადაც იგი ტანსაცმელს ნელი და ნაზი მოძრაობით იძარცვავს, ძალიან მშვიდი და ამავდროულად, ქარიზმატულია. განსაკუთრებით ის სცენაა დამატყვევებელი, სადაც ევა გრძელი შავი ხელთათმანებით ამავე ფერის ფონის წინ იმყოფება და თეთრი ქვედაბოლოთი ძველ ბერძნულ ქანდაკებას, ვენერა მილოსელს განასახიერებს. მის ნუდისტურ გამოსახულებებს, სადაც ევას თავი ამაყად უჭირავს და თითქოს ვნებიანი მზერით მაყურებლებსაც კი იწვევს, ფილმში დიდი სიხშირით ვხვდებით. თუმცა გასაკვირია ის ფაქტი, რომ W Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ ბავშვობაში იმდენად მორცხვი იყო, რომ მასწავლებლების მიერ დასმულ კითხვებზეც კი შეეძლო გაწითლება. ევამ ისიც დაამატა, რომ ის დღესაც ძალიან მორცხვია და ისევ ვერ გაუგია, თუ როგორ შეუძლია ფილმში გაიხადოს მაშინაც კი, როდესაც დარწმუნებულია, რომ ამას ათასობით მაყურებელი იხილავს.
შეიძლება ითქვას, რომ ვნებების გამოხატვის თვალსაზრისით, “მეოცნებენში” ბერტოლუჩი ყველაზე თამამია. ფილმში ვხედავთ, რომ სამი ადამიანი, რომელთაგან ორი და-ძმაა, აბაზანაში ერთად ბანაობს. ისინი ერთმანეთს აღვირახსნილი ქმედებების ჩადენას ავალებენ, სექსით კავდებიან, ერთმანეთის დასანახად ოთახებში უპრობლემოდ დადიან ტანსაცმლის გარეშე და მათ ეროტიკულ განწყობას შავ-თეთრი ფილმები რომანტიკულ ელფერს სძენს.
მოპარული სილამაზე
თუ ბერტოლუჩის ცოლის სიტყვებს დავესესხებით, იტალიელი რეჟისორი ისეთ რუტინულ ქმედებაშიც კი, როგორიც ჩაის დალევაა, რაიმე ეროტიკულს მაინც დაინახავს. ამ განცხადებაზე ბერტოლუჩის კომენტარი ის იყო, რომ მისთვის ეროტიკა წყაროა, რითაც იგი ამბის მოყოლას იწყებს და მას მსახიობის არჩევის დროსაც კი ეძებს.
“მოპარული სილამაზე”, სადაც მთავარ როლს ლივ ტაილერი ასრულებს, წინა ფილმებთან შედარებით ობსესიური ვნებების დემონსტრირებას მოკლებულია, თუმცა მათ სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის. ამას ფილმის მთავარი პერსონაჟი, ლუსიც (ლივ ტაილერი) ამტკიცებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა დეფლორაციის დაუოკებელი სურვილია.
თუ ბერტოლუჩის სხვა ფილმებში მთავარი პერსონაჟები ვნებას დაუფარავად გამოხატავენ, “მოპარულ სილამაზეში” ეს თემა ის სასურველი ნაყოფია, რომლის გემოსაც დიდი ხანია ნატრობენ, თუმცა ამასთან ისიც სურთ, რომ ნაყოფთან პირველი შეხება არა რუტინული მოვლენის მსგავსი, არამედ რაღაც განსაკუთრებული იყოს. რა გასაკვირია და ბერტოლუჩი თავის ხელწერას აქაც არ ღალატობს და მაყურებლებს ფილმის ფინალურ სცენაში ლივ ტაილერისა და იგნასიო ოლივას ხის ძირში გაჩაღებულ თავბრუდამხვევ ვნებას აჩვენებს. ეს სცენა სხვა ფილმებში ასახულ სექსის სცენებთან შესამჩნევ კონტრასტს ქმნის, რადგან აქ ორივე მხარე დილეტანტია და მათთვის ეს ღამე გადამწყვეტია იმის გასაგებად, იქცევიან თუ არა მომავალში ბერტოლუჩის ფილმებისათვის დამახასიათებელ ვნებით დაუოკებელ ადამიანებად.
დაწერე კომენტარი