ლინა ბო ბარდი ალბათ ის არქიტექტორია, რომლის შესახებაც ბევრი არ გსმენიათ. წარმოშობით იტალიელს ბრაზილიის უმნიშვნელოვანესი ნაგებობების მშენებლობაში მიუძღვის წვლილი. ლინა ბო ბარდი 1914 წელს იტალიაში დაიბადა და იქ მოღვაწეობდა მეორე მსოფლიო ომამდე. ის იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო და იქვე გაიცნო კრიტიკოსი და ხელოვნებათმცოდნე პიეტრო მარია ბარდი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა.
ბრაზილიაში გადასვლისთანავე მან იქაური კულტურის შესწავლა დაიწყო, განსაკუთრებით კი ხელოვნებით და ტრადიციებით დაინტერესდა. მისი პირველი ნამუშევარი უცხო მიწაზე მისივე სახლი იყო საო პაულოში. 1945 წლის ნამუშევარი ცნობილია როგორც ბრაზილიის რაციონალური ხელოვნების ნიმუში. Casa de Vidro, ანუ „შუშის სახლი“, დაქანებულ მიწაზე მდებარეობს და შესაბამისად, მრგვალ სვეტებს ეყრდნობა. სახლის გარშემო კი ბო ბარდიმ ტროპიკული ხეების ტყე გააშენა. თუმცა შესანიშნავი არქიტექტურის მიუხედავად, სახლის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი წყვილის ნივთების კოლექციაა, რომლებსაც წლების განმავლობაში აგროვებდნენ. არქიტექტორის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ სახლი მუზეუმად აქცია, სადაც დღეს ადამიანებს საშუალება ეძლევათ მეტი რამ შეიტყონ არქიტექტორზე, დაათვალიერონ სხვადასხვა კულტურის ეკლექტური კოლექცია და ისეთი არტისტების გამოფენებს დაესწრნონ, როგორებიც არიან ალექსანდერ კალდერი, ოლაფურ ელიასონი და სხვები.
როდესაც ლინა ბო ბარდიმ სან პაულოს ცნობილ სკვერზე ახალი ხელოვნების მუზეუმის, São Paulo Museum of Art-ის აშენების გამოწვევა მიიღო, ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ შენობას არ უნდა დაერღვია ქვეითების იოლად მიმოსვლა და ასევე ქალაქის პანორამული ხედი. 1957 წლის შენობა არქიტექტორმა ორ ნაწილად გაყო, რომლის ნახევარსაც ჰაერში ორი უზარმაზარი წითელი კოლონა სწევს. შედეგად, ქვემოთ მდებარე მოედანი ხალხისთვის ღია დარჩა და მოძრაობას არ აბრკოლებს. თავისი გენიალური შენობით, ბო ბარდი გვაჩვენებს დაძაბულობას მოდერნისტულ და ბრუტალისტურ სტილს შორის და შენობა რაღაც მხრივ ორივე მიმდინარეობას მიეკუთვნება. შენობაში ბეტონის გამოყენება კი ბრაზილიის ტრადიციულ მოდერნისტულ არქიტექტურას და ოსკარ ნიემაიერის ნამუშევრებს ეხმიანება.
არქიტექტორის შედარებით გვიანდელი ნამუშევარი, SESC Pompeia, ყოფილი ფაბრიკის აღდგენა და კულტურულ ცენტრად ქცვევა იყო. საო პაულოს მუზეუმის მსგავსად, აქაც უხვადაა გამოყენებული დაუმუშავებელი ბეტონი. იტალიელი არქიტექტორის წარმატება სწორედ ძველის და ახლის ჰარმონიული კომბინაციაა. უხეში ბეტონი წითელ დეტალებთან ერთად ახლებურ ჰარმონიას ქმნის. რესტავრაციის შედეგად არქიტექტორმა არსებული აგურის შენობის შენარჩუნება გადაწყვიტა და მას ორი ბეტონის მოცულობითი შენობა დაუმატა, რომლებიც ერთმანეთს ბილიკებით უკავშირდება. 1977 წელს აშენებულ კულტურულ ცენტრში განთავსებულია ბიბლიოთეკა, საცურაო აუზი, კორტები, სახელოსნოები, საგამოფენო დარბაზები, აუდიტორია, რესტორანი და ტერასა. შენობა ხალხის ყოველდღიური თავშეყრის ადგილად იქცა.
ბო ბარდის სტილი ბრაზილიის სხვა არქიტექტურულ პროექტებშიც გამოჩნდა. ერთ-ერთი 90-იან წლებში Teatro Oficina-ს აღდგენაა, რომელშიც იგი არქიტექტორ ედისონ ელიტოსთან ერთად მონაწილეობდა. ტრადიციული თეატრებისგან სრულიად განსხვავებულ დარბაზში სცენა და მაყურებლის სივცე სტანდარტულად არ იყო გამოყოფილი. მაყურებლებისთვის ლურჯი ფოლადის მილებისგან აწყობილი “დარბაზი” შექმნეს, სცენის ადგილას კი ახალი „ქუჩის“ კონცეფცია გაჩნდა. „ქუჩა“, 1.5 მეტრის სიგანის ხის საფეხმავლო ხიდი, ის ერთადერთი ბარიერი იყო, რომელიც მაყურებელს სცენის სივრცეზე მიანიშნებდა. ბრაზილიური ტროპიკული ატმოსფერის ელემენტებსაც ხშირად შევხვდებით ბო ბარდის არქიტექტურაში და მისი ეს ნამუშევარიც არ არის გამონაკლისი. განახლებული თეატრის სივრცეში სხვადასხვა ჯიშის მცენარეები და წყალი ჰარმონიულად იჭრება და მას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს.
ბრაზილიელი არქიტექტორები ისტორიაში თავიანთი შენობების გარდა ავეჯის დიზაინით არიან ცნობილნი. ბო ბარდიმაც არა მხოლოდ ბრაზილიური არქიტექტურის განვითარებაში შეიტანა წვლილი, არამედ ავეჯისა და გრაფიკული დიზაინის შექმნაშიც მონაწილეობდა. ის თავდაპირველად ავეჯს კონკრეტული პროექტისთვის ამზადებდა, თუმცა შემდგომ მათი პოპულარობის გათვალისწინებით მასობრივად აწარმოებდნენ.
დაწერე კომენტარი