თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ პიონერ გალერეა ArtBeat-ში 25 სექტემბერს ახალი ჯგუფური გამოფენა გაიხსნა, რომელიც არტისტებს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არტ სცენიდან წარმოადგენს. “ცხრატუჩა ქალღმერთი” ერთ სივრცეში ცხრა არტისტის - თამარ ბერუჩაშვილის, ანი გურაშვილის, მერვე ისერის, მაია ნავერიანის, ათენა პაპადოპულოსის, ნატო სირბილაძის, ამალია ულმანის, სალომე ჩიგილაშვილისა და გვანცა ჯიშკარიანის ხედვებსა და განწყობებს აერთიანებს და ამავდროულად, თითოეულის ინდივიდუალურ მინი სოლო შოუს სთავაზობს დამთვალიერებელს.





გამოფენა ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელშიც დამთვალიერებელი თეატრის მაყურებლის როლს ირგებს და ცდილობს გაარკვიოს, თუ რას ნიშნავს იყო საზოგადოების წევრი და თან შეინარჩუნო და განავითარო საკუთარი პერსონა. მარტივია თუ არა ინდივიდის ჯგუფში აღმოჩენა? - ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც გამოფენის კონცეფციის მთავარი შემადგენელი ელემენტია. 




“ცხრატუჩა ქალღმერთი” დამთვალიერებელს ახალ გამოცდილებას სთავაზობს, რომელშიც იგი დამკვირვებელი ხდება და ცდილობს აღმოაჩინოს, თუ რას ნიშნავს ერთდროულად იყო სოციალური არსება და ამავდროულად, თვითკმარი. ეს აქტი კი დასრულებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როდესაც ფიქრის პროცესი საკუთარი შეხედულებების გაზიარებამდე მიგვიყვანს. გალერეა ArtBeat-ში გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 8 ნოემბრის ჩათვლით შეძლებს.