მოდის დიზაინერი კენზო ტაკადა იმ პირველი ტალღის იაპონელ დიზაინერებს განეკუთვნებოდა, რომლებმაც 1970-იანი წლების პარიზის მოდის ინდუსტრიაში რევოლუციური ცვლილებები შეიტანეს. ტაკადა თავისი ინოვაციური მიღწევებით, სამოსის ფერთა მრავალფეროვანი პალიტრითა და ეკლექტურობით გამოირჩეოდა. იგი თანამედროვე ტენდენციებს რადიკალურად უგულებელყოფდა და იმასაც ამბობდა, რომ როდესაც არსებულ ტენდენციებს არ სცნობ და გარეშე ძალა მისი ათვისებისაკენ მაინც მოგიწოდებს, ეს მდგომარეობა საპყრობილეში ყოფნას ემსგავსება. გასაკვირი არაა, რომ ტაკადას მთლიანი შემოქმედებაც ამგვარ სულისკვეთებას იზიარებს. “ჩემი კარიერის საწყის ეტაპზე, როცა ოფისში ვმუშაობდი,  ახალს არაფერს ვქმნიდი და არსებულ ფორმებს ვემორჩილებოდი. ხოლო მაშინ, როდესაც შექმნა სხვა ხედვით დავიწყე, ბევრი რამ გავაანალიზე. მაგალითად, ერთ დღეს ჩემი დიზაინით შეიკერა პულოვერი, რომლის ფორმა არატრადიციული, არამედ ოთხკუთხედი იყო და ვფიქრობ, ამ ნაბიჯმა ჩემი შემოქმედება განსაზღვრა",  - განაცხადა ტაკადამ ერთ-ერთ ინტერვიუში.


ტაკადა იაპონიის პატარა სოფელში, მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. მოზარდის განვითარების კონკრეტულ ეტაპზე უკვე შესამჩნევი იყო, რომ იგი დისლექსიით იყო დაავადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაკადას კითხვის უნარი დაქვეითებული ჰქონდა და რამდენი წინადადებაც  უნდა წაეკითხა, ისინი მის გონებაში ვერანაირი ძალით ვერ ჩაიბეჭდებოდა. სწორედ ამიტომ, ტაკადას თავისი აზრის ვერბალურად გადმოცემა დიდ წინაღობად ესახებოდა ხოლმე, თუმცა ეს დაავადება მისი კარიერული განვითარებისათვის გადამწყვეტიც კი აღმოჩნდა, რადგან მან თვითგამოხატვა, რომელსაც ვერბალური გზით კარგად ვერ ახერხებდა, შემოქმედების გზით დაიწყო. ამიტომაც, მისი სიტყვების ფილოსოფია -  “ხანდახან მგონია, რომ საუბარი არ ვიცი” - მოდის მედიუმმა ბოლომდე უგულებელყო.


ტაკადას სიყვარული დიზაინისადმი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში გამოვლინდა, როცა თავისი დის მიერ შეძენილ მოდის ჟურნალებს რეგულარულად ათვალიერებდა. მისი კარიერული არჩევანი, ამავდროულად, დედამისსაც უკავშირდება -  ტაკადა მონუსხული იხსენებდა, თუ როგორ ელეგანტურად გამოიყურებოდა დედამისი თავის კიმონოში. ადრეულ 1970-იან წლებში, როდესაც ტაკადამ სახელი გაითქვა, იაპონიაში ორი სახის კიმონო იყო გავრცელებული. ერთს ძალიან მკაცრი შტრიხები ჰქონდა და მარტივი კონსტრუქციით გამოირჩეოდა, ხოლო მეორეს მაგიური ტექსტურა და ფერები ამშვენებდა. რა თქმა უნდა, ტაკადამ თავის დიზაინში სწორედ ამ უკანასკნელისაგან შთაგონებული ფორმები გამოიყენა და ექსპერიმენტად დასავლური კულტურისათვის დამახასიათებელი შტრიხებიც დაურთო თან.


ტაკადას შესაძლებლობები იაპონიის ფარგლებს სცდებოდა და მისმა კოლეჯის ლექტორმაც ურჩია, თუ დიზაინერად გახდომა სურდა, პარიზში უნდა ჩასულიყო, იქამდე კი ნავით უნდა მიეღწია. ლექტორის თქმით, ტაკადას ბუნებრივი წარმოსახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდებოდა, თუ იგი იაპონიის მკაცრი რეგულაციების მიღმა ახალ სამყაროს აღმოაჩენდა და ტაკადამაც ეს რჩევა გაითვალისწინა.


ახალ ქვეყანაში ბევრი გამოწვევა დახვდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან მან არც ენა იცოდა ნორმალურად, არც მეგობრები ჰყავდა იქ და ამავდროულად, ბევრ სიახლესთან უწევდა ადაპტირება. თავიდან ტაკადა თვითდასაქმებული დიზაინერი იყო, რომელიც თავისი დიზაინით შექმნილ ესკიზებს ყიდდა. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პარიზში ყოფნის პირველ დღეებში მისი მატერიალური მდგომარეობა შესაშური ნამდვილად არ იყო და სამოსის დასამზადებლად მხოლოდ იმ ნაჭრების შეძენა შეეძლო, რომლებიც ქალაქში ფასდაკლებით იყიდებოდა. სამწუხაროდ, იგი ფასდაკლებული ნივთებითაც ვერ ახერხებდა სრულყოფილი ნამუშევრების შექმნას, ამიტომ პარალელურად იაპონიიდან წამოღებულ ნაჭრებსაც იყენებდა. შედეგად კი ტაკადას მიერ შექმნილი სამოსი ევროპული და აზიური კულტურის ერთგვარი მიქსი იყო, რაც იაპონელი დიზაინერის შემოქმედების თვითმყოფადობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა. “სამყაროსა და ახალი კულტურების აღმოჩენა ჩემთვის მთავარი შთაგონების წყაროა”, - ამბობდა ის.




სწორედ ამ განსხვავებული შემოქმედებითი მზერის გამო ტაკადამ, როგორც ხელოვანმა, პარიზში სახელი გაითქვა და მეტიც, დღეისათვის ისეთი ცნობილი ბრენდი ჩამოაყალიბა, რომელიც Kenzo-ს სახელითაა ცნობილი. იაპონელი დიზაინერის ერთ-ერთი პირველი მიღწევა Galerie Vivienne-ში მაღაზიის,  Joungle Jap-ის გახსნა იყო, სადაც მის მიერ შექმნილი სამოსი იყიდებოდა. მაღაზიის კედლები ტაკადამ ანრი რუსოს ნამუშევრის -  “მეოცნებეს” შთაგონებით მოხატა, რაც იქ არსებულ სივრცეს წარმოსახვით ფლორაში აქცევდა და ამასთან, მნახველს სასიამოვნოდ აოცებდა. “როდესაც საკუთარი მაღაზია გავხსენი, ვფიქრობდი, რომ იმდროინდელ ფრანგ დიზაინერებს კონკურენციას ვერანაირად გავუწევდი. ამიტომაც გადავწყვიტე, ისე მემოქმედა, როგორც თავად ჩავთვლიდი საჭიროდ”,  - განაცხადა ტაკადამ 2019 წელს The South China Morning Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 




როდესაც კენზო ტაკადას ტანსაცმლის კოლექციაზეა საუბარი, პირველი აუცილებლად მის მიერ გამართული შოუები გაგვახსენდება, რომლებიც იქ მისულ სტუმრებზე დიდ ზეგავლენას ახდენდა. შოუები იმით იყო განსაკუთრებული, რომ ისინი პოდიუმზე მოდელების ტრადიციულ ჩვენებას არ ემსახურებოდა. მაშინ როცა ტაკადასეულ პოდიუმზეა საუბარი, პირველი, რაც ადამიანების გონებაში გაიელვებს,  მოდელების სამოსის ღია და ხალისიანი ფერები, მათი სხეულების უცნაური მოძრაობები, მუდმივი ცეკვა და არც მეტი, არც ნაკლები, ცხოველებია. 




კენზო ტაკადა თავის შოუებს ზღაპრულ დადგმებად აქცევდა ხოლმე, სადაც პოდიუმის როლს წარმოსახვითი სივრცე ასრულებდა. სივრცე კი ნებისმიერი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა რა იქნებოდა ეს -  გზა, უდაბნო, ცირკი თუ სხვა რამ. მაგალითად, 1970-იანი წლების ბოლოს ტაკადამ დადგა ისეთი შოუ, სადაც მის სამოსში გამოწყობილი ქალები პოდიუმზე ცხენზე ამხედრებულები გამოდიოდნენ. ხოლო მაშინ, როცა შოუ დასრულდა, დიზაინერი მაყურებლების წინ ტრადიციული ნაბიჯებით კი არ გამოემართა, არამედ მან პოდიუმზე სპილოზე ამხედრებულმა გაიარა, რაც მოდის ინდუსტრიაში ექსპერიმენტული მოვლენა იყო. “მოდა არა განსაზღვრულ ადამიანებს, არამედ ყველას ეკუთვნის, ამიტომაც იგი ზედმეტად სერიოზული არ უნდა იყოს”, - განაცხადა ტაკადამ 1972 წელს The New-York Times-ისთვის მიცემულ  ინტერვიუში და თავის შემოქმედებაზე დაყრდნობით Fashion should be fun-ის იდეა წამოჭრა.




ტაკადას შოუებში ხშირად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მოდელები არა ტანსაცმელს, არამედ თავიანთ ინდივიდუალიზმს წარმოადგენდნენ, რადგან ისინი მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ამ ყველაფრით ერთობოდნენ კიდეც და თითქოს მნახველთან სპეციფიკური ამბები მიჰქონდათ.



ტაკადა ფიქრობდა, რომ მოდა შემოქმედებაა, თავისუფლებაა, რომელში კოდირებული შეტყობინებაც უნივერსალურ თემებზე საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ ტაკადა ერთ-ერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც კულტურული მრავალფეროვნების სინთეზი პოდიუმზე წარმოადგინა და ფრანგულ მოდას აღმოსავლეთის ეგზოტიკური ელემენტები გააცნო. 


სწორედ ამგვარი რევოლუციური ნაბიჯების გამო 1999 წელი ყველასათვის მძიმე აღმოჩნდა, რადგან კენზო ტაკადამ მოდის სფეროდან წასვლა გადაწყვიტა. თუმცა მისი შემოქმედება აქ არ დასრულებულა -  ექვსი წლის შემდეგ ტაკადა ინტერიერის დიზაინით დაინტერესდა და სახლისათვის საჭირო ობიექტებსა და ავეჯის დიზაინს ქმნიდა. 


წარმატების მიღწევა მარტივი არასოდესაა და დიდებამდე მისასვლელი გზა ყოველთვის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. კითხვას, თუ როგორ გახდა იგი სახელგანთქმული კენზო ტაკადა, იაპონელმა დიზაინერმა ასეთი პასუხი გასცა: “მე იაპონიაში, მსოფლიო ომების ეპოქაში გავიზარდე და ირგვლივ ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა. ერთადერთი, რითაც თავის შექცევა შემეძლო, მხოლოდ ფილმები იყო, ამიტომაც ძალიან ბევრ ამერიკულ ფილმს ვუყურებდი. მაშინ ის დრო იყო, როცა ივ სენ ლორენი კარიერაში ჯერ კიდევ ფეხს იკიდებდა, მაოცებდა მისი ბრენდი და მალევე იგი კერპად მექცა. ლორენმა ოცნება გამიჩინა. შემდეგ,  1964 წელს, პარიზში 6 თვით ჩავედი, სადაც სამსახური სრულიად შემთხვევით ვიშოვე და იქ მთელი ცხოვრება დავრჩი. 1970 წელს იმის შესაძლებლობა მომეცა, რომ მაღაზია გამეხსნა, ამ ყველაფრის შემდეგ კი ჟურნალ Elle-ის ყდაზე აღმოვჩნდი. აი, როგორ მოვედი ამ მდგომარეობამდე”.