სიმბოლოები, სხვადასხვა კულტურული მინიშნებები, ფრაზები - ეს რამდენიმე გამორჩეული თვისებაა, რაც მხატვარ მაია ნავერიანის შემოქმედებას ახასიათებს და მისი გამომსახველობითი ენის სპეციფიკას განსაზღვრავს. ქართველი  არტისტი ქალი, რომელიც როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ღირებულებების გამზიარებელ საზოგადოებაში მოღვაწეობს, თავისი  შემოქმედებით ხშირად პატრიარქალურ ღირებულებებს აკრიტიკებს, თუმცა კრიტიკას არასდროს აქვს დიდაქტიკური ხასიათი. მაიას ნამუშევრები არა პირდაპირ დოგმატურ გზავნილს, არამედ ფაქიზ ფორმას ქმნის ამა თუ იმ საკითხზე სასაუბროდ. არტისტის უნიკალური ხელწერა, ფერადი ფანქრებით შესრულებული ნახატები და თავისთავად სტაბილური მოცემულობების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების პროცესი, მისი შემოქმედებისთვის განმსაზღვრელია. 



სამხატვრო აკადემია

სანამ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი, მხატვარ გია ეძგვერაძის სტუდიაში მოვხვდი, რაც ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და თავგადასავალი აღმოჩნდა. უცხო პლანეტაზე მოხვედრას ჰგავდა, რადგან ვგრძნობდი, რომ იქამდე თითქოს გაყინულ ცოდნას ვფლობდი. იმ პერიოდისთვის გია უამრავ ინფორმაციას და სიახლეებს გვიზიარებდა, განსხვავებული მიდგომა ჰქონდა და რაც ყველაზე მთავარია თავისუფლად აზროვნებას გვაჩვევდა. 8 თვის მომზადების შემდეგ ჩავაბარე აკადემიაში კერამიკის ფაკულტეტზე, თუმცა ჩემი ინტენსიური შემოქმედებითი საქმიანობა უფრო გვიან დაიწყო. 



ლონდონი 

მიუხედავად იმისა, რომ გიასთან ურთიერთობამ ჩემს განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონია და უამრავი ცოდნა დამიგროვდა მასთან მუშაობის პერიოდში, მაინც არ აღმოვჩნდი მზად ლონდონისთვის. სრულიად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა. თავიდან პირდაპირი მნიშვნელობით კულტურული შოკი მივიღე. აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ თეორიისა და კონცეფციების დონზე ვიცოდი, პრაქტიკული გამოცდილება კი არ მქონდა. ამ დაბნეულობის გამო საერთოდ ვეღარ ვმუშაობდი, არ ვიცოდი რა და რატომ უნდა მეკეთებინა. რაღაც მომენტში ლონდონში მარტო დავრჩი სახლის, ფულისა და ყველანაირი დახმარების გარეშე. ამ მომენტში ყველაფერი ამოყირავდა. თუმცა როგორც კი კომფორტი და სტაბილურობა დავკარგე, სწორედ მაშინ გამიჩნდა პირველად შემოქმედების ნამდვილი სურვილი და ძალა. მახსოვს, ერთ ღამეს მესიზმრება, რომ მივდივარ სამხატვრო მასალების მაღაზიაში, ვყიდულობ ფუნჯებს, საღებავებს, ვბრუნდები სახლში და ვხატავ ცარიელ ოთახს, რომლის ფანჯრიდანაც უბრალოდ პეიზაჟი ჩანს... გაღვიძებისთანავე წავედი მაღაზიაში, ვიყიდე ზუსტად ის მასალა, დავჯექი იატაკზე და დავიწყე ხატვა. იმ მომენტიდან გამიჩნდა უპირობო ნდობა რაღაც ირაციონალური იმპულსის, რომელსაც დღემდე მივყვები. იმ დროს ერთი პატარა ოთახი მქონდა, რომელიც სახელოსნოდ გადავაკეთე და ამ ერთადერთ ბიძგს თუ მოტივაციას ჩავეჭიდე. იმის შემდეგ მხატვრობა გახდა ერთადერთი მიზეზი, რაც ხსნიდა იმ ფაქტს, თუ რატომ და რისთვის ვარსებობ. ვფიქრობ, იმ პერიოდისთვის საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადავდგი. მიუხედავად იმისა, რომ მარტო დავრჩი, არა შიშის, არამედ დღესასწაულის განცდა მქონდა. თითქოს ჩემი თავი მანამდე გაფორმებული კონსტიტუციისგან გამოვათავისუფლე. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ერთგვარ ტრანზაციის პერიოდს გავდიოდი - აუტსაიდერის პოზიციით დაწყებული, ტურისტისა და ადგილობრივის სტატუსით დამთავრებული. ჩემი სანაცნობო წრე იმ პერიოდში ლონდონის ერთ-ერთ ბუტიკში მომუშავე მულტინაციონალური და ძალიან საინტერესო თანამშრომლებისგან შედგებოდა, ერთი ირანელი სკულპტორი იყო, მეორე იამაიკელი მკერავი. მათგან საოცარ ისტორიებს ვისმენდი და ზოგადად, ის მრავალფეროვნება, რაც ჩემ გარშემო იყო, დიდ შემოქმედებით მუხტს მაძლევდა. კვირაში რამდენიმე დღე ვიყავი დაკავებული ბუტიკში და თან გაუთავებლად ვმუშაობდი ქაღალდზე შესრულებულ ნახატებსა და უბრალო ტექსტებზე. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე წელი სახელოსნოც არ მქონდა, უფრო მარტივიც იყო ფანქრებით მუშაობა, თუმცა შემდეგში უკვე შემიყვარდა ეს მასალა, ფანქრის გათლის ხმაც კი მსიამოვნდება. ძალიან გამამდიდრა და გამაცოცხლა ირგვლივ არსებულმა სიტუაციამ, სულ სხვა თავისუფლების განცდა მომცა, რის შემდეგაც ყველაფერი ერთმანეთს გადაება. 




Vordemberge Gildewart Foundation-ის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება

სწორედ იმ პერიოდში რაღაც დაუჯერებელი, კონკიას მსგავსი ამბავი დატრიალდა ჩემს თავს. ჩემი ბინის პატრონთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ერთ დღესაც მითხრა, რომ ჩემი გამოფენის გაკეთება სურდა. ბოლო რესურსი დავხარჯე ამ გამოფენისთვის. იმ დროს გიას თვითონ ჰქონდა გამოფენა ინგლისში, Tate St Ives-ში გალერისტ დევიდ ჯუდას ცოლთან, მხატვარ იუკო შირაიშთან ერთად, რომელიც მან ჩემს მინიგამოფენაზეც მოიყვანა და ყველაფერი ამით დაიწყო… ცოტა ხანში იუკომ გალერეა Flowers-ში Artist Of A Day-ზე ჩემი ნამუშევრებით წარმადგინა, რისი ნახვის შემდეგაც დევიდი დამიკავშირდა, მესაუბრა Vordemberge Gildewar Foundation-ის საერთაშორისო კონკურსის შესახებ, რომელიც იმ წელს ლონდონში ტარდებოდა და მირჩია, აუცილებლად მიმეღო მონაწილეობა. მეც ჩაბარე ჩემი ნამუშევრები, თუმცა დიდი მოლოდინი არ მქონია. რამდენიმე თვის შემდეგ დევიდი აჟიტირებული მირეკავს და მეუბნება, რომ გავიმარჯვე. თავიდან ვერც მივხვდი, რაზე მესაუბრებოდა. მითხრა, რომ ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში მივსულიყავი, სადაც პრიზი უნდა გადმოეცათ. რესტორანში მისულს ანელი ჯუდაც დამხვდა, რამაც კიდევ უფრო ამაღელვა. გადმომცეს ჩეკი და მახსოვს, ანელიმ მითხრა, გაუფრთხილდი, ცოტა თანხა არ არისო. თვალებს არ ვუჯერებდი, ჩეკზე ისეთი თანხა ეწერა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო ჩემი უფრო ინტენსიური პროფესიონალური კარიერა. გადავწყვიტე, რომ ამ თანხით ისეთი ბინა მექირავებინა, რომელსაც ჩემს სახელოსნოდ ვაქცევდი. ამ პერიოდიდან დავიწყე დიდ ნამუშევრებზე ვმუშაობა. წავედი ერთი თვით ირლანდიაში, სადაც მომცეს არაჩვეულებრივი რეზიდენცია და სტიპენდია Sirius Art Centre-ში, კორკში. ამ ყველაფერს ბევრი გამოფენა მოჰყვა და ნელ-ნელა ამ უცხო გარემოში ჩემი წრეც გამიჩნდა. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან ყველაზე საინტერესო და გამორჩეულ პერიოდში მომიწია ლონდონში ცხოვრება, სადაც მოდა, ხელოვნება, თეატრი, მუსიკა ყველაფერი ერთად ჰყვაოდა. 



გერმანია - Everything is Alright

მას შემდეგ, რაც რაღაც დონეზე განვითარდა ჩემი კარიერა, დავიწყე უფრო სიღრმისეული, ფსიქოლოგიური მუშაობა, სხვადასხვა ცოდნის გადამუშავება. ეს იყო ეტაპი, რომელსაც ბევრი არტისტი გადის და როდესაც შენი ინდივიდუალური ენა ყალიბდება. ბევრად ფაქიზი და რთული პროცესიც კი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი, რომელიც დღემდე გრძელდება. კომფორტის ზონაში ყოფნა არ შემიძლია და მუდამ ვცდილობ უფრო და უფრო ღრმა, ირაციონალურ შრეებში შევიდე. რაღაც მომენტში კომერციული თვალსაზრისით ფიქრი დავიწყე. არავის აქვს იმის ფუფუნება, რომ იყოს არტისტი და გაყიდვა არ სჭირდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მაქვს გარკვეული სახის დისკომფორტი, როდესაც საქმე ჩემი ნამუშევრების კომერციულ მხარეს ეხება, მაინც ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. დავიწყე თანამშრობლობა GALERIE VOSS-თან დიუსელდორფში. ერთადერთი, რაც ამ თვალსაზრისით საფრთხილოა, არის ის, რომ კომერციულმა მხარემ არ იქონიოს ზეგავლენა გულწრფელ შემოქმედებით პროცესზე. რაღაც მომენტში მხოლოდ გაყიდვებზე არ გადაერთო და შენი ინდივიდუალური ხედვები არ დაკარგო.


დიუსელდორფში GALERIE VOSS-თან თანამშრომლობის გარდა, 2004-2006 წლები ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანი გიას მიერ წამოწყებული ინიციატივით გახდა. დაარსდა ჯგუფი - Everything is Alright, რომლის ავტორი და სული ჩამდგმელი იყო გია. რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი გამოფენა და პერფორმანსი გვქონდა გერმანიის წამყვან მუზეუმებსა და ინსტიტუციებში. ეს ჯგუფი იმითაც მხიბლავდა, რომ მისი წევრები მუდმივად იცვლებოდნენ და ღია იყო ყველანაირი ექსპერიმენტისთვის. ჩემი ერთ-ერთი პერფორმანსი მამაკაცის ჰალსტუხის, მისი სიმბოლიკის, ძალაუფლებისა და ამ ნარატივში გოგოს - წითელქუდას ფუნქციის თუ უფუნქციობის ირგვლივ ტრიალებდა. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ჩვენი პერფორმანსები არ იყო დადგმული, არამედ ყველაფერი იმპროვიზაციაზე და ენერგეტიკაზე იყო დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სივრცეში განსხვავებულად იკითხებოდა. 




Twelve Women Gone Missing

რაც შეეხება ტექსტებს ნახატებში ხშირად ისინი ყოველდღიური ნარატივით ან ვინმესთან საუბრის ფონზე დაჭერილი ფრაზებით იყო შთაგონებული და ეს დღემდე ასეა. ერთი შეხედვით მარტივ წინადადებებს ჩემთვის დიდი დიაპაზონი გააჩნია. თავდაპირველად უფრო ბიოგრაფიული ტექსტები ჩნდებოდა ჩემს ნამუშევრებში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ახლა მსგავსი ფრაზები ჩემში ნაკლებ ინტერესს იწვევს. რამდენიმე გამოფენა სწორედ სადღაც გაგონილი ან წაკითხული, ზოგჯერ უკონტექსტო ფრაზებითაც გამიკეთებია. მაგალითად, ელენე აბაშიძესთან ერთად შექმნილი გამოფენა - Twelve Women Gone Missing წლების წინ ახალ ამბებში მოსმენილი ერთ-ერთი სიახლის სათაურისგან იღებს შთაგონებას. არ მახსოვს, რომელ ქვეყანას და კონკრეტულად რა ფაქტს ეხებოდა, თუმცა ამ სათაურის გაგონებისთანავე იმ ფაქტმა, რომ სადღაც დაიკარგა თორმეტი ქალი, ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა. მუშაობის პროცესში უამრავი შრე გაუჩნდა ამ ფრაზას. მაინტერესებდა, გამერკვია, რას ნიშნავდა ჩემთვის ქალის გაქრობა, ყური მომჭრა რიცხვმა თორმეტმაც, რომელიც თორმეტ მოციქულთან ასოცირდა. თავისთავად ფაქტის აბსურდულობამაც მომხიბლა - უგზო-უკვლოდ გამქრალი ამდენი ქალი. შეიძლება ქვეცნობიერად გაქრობა პატრიარქალური სივრცის დატოვებას, იქიდან “აორთქლებას” ნიშნავდა და სხვა ალტერნატიული ცნობიერების გაჩენის შანსსაც. მახსენდება კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც ლონდონის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ლოგოზე ეწერა და რაღაც ირონიისა თუ კომიკურობის გრძნობა გამიჩინა - University of Forward Thinking. ეს ტექსტი ბევრ პატარა ნახატში გადავათამაშე და შემდგომ შეცვლილი სახით - House of Forward Thinking ერთი დიდი ნახატის ტექსტად, ხოლო საქართველოში კი გალერეა ArtBeat-ში ჩემი პირველი გამოფენის სათაურად გამოვიყენე. ეს მარტივი, არაფრის მთქმელი ფრაზები ჩემთვის დიდ შემოქმედებით მუხტს ატარებს, რადგან უბრალოებაში უამრავი რამის ჩატევა შეიძლება.