მათე ხიდეშელი, იგივე Matt Shally, ახალგაზრდა ქართველი მსახიობი და პერფორმერია, რომლის შემოქმედებაც სხვადასხვა მრავაფეროვან მიმართულებას აერთიანებს. თავისუფალი პერფორმანსები, დრეგ შოუები და საინტერესო ვიდეოპროექტები თუ სამსახიობო როლები მეთის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლითაც იგი სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე, კერძოდ კი ქვიარ საზოგადოების გამოწვევებსა და საჭიროებებზე საუბრობს. მოკლემეტრაჟიანი ფილმი Comfort Zone მეთ შელის ბოლო ნამუშევარია, რომელზეც მან კინორეჟისორ ჯორდან ბლეიდთან ერთად იმუშავა და რომელიც მეთის პირადული ისტორიებისა და გამოცდილების შესახებ გვიამბობს. ფილმს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. სხვადასხვა ფესტივალებსა თუ კინო დაჯილდოებებზე წარდგენილი ფილმი მისი ვიზუალური და ესთეტიკური მხარითაც გამორჩეულია.
ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობ და პერფორმერ მეთ შელისთან, რომელიც მისი შემოქმედების შესახებ გვიყვება.
მათე, როდის და როგორ დაინტერესდი პერფორმანსებით და საბოლოოდ როგორ მიხვედი დრეგ შემსრულებლობამდე?
თავიდან თავისუფალი პერფორმანსებით დავინტერესდი, ვცეკვავდი ჰიპ-ჰოპს ყველგან, სადაც შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალური განათლება არ მიმიღია, ვთამაშობდი პატარა სპექტაკლებში. შემდეგ მოვხვდი ერთ-ერთ არტ-პროექტში, სადაც მოცეკვავის როლი უნდა მომერგო, რის შედეგადაც მალევე სცენის მოცეკვავე გავხდი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის მთელი ქორეოგრაფიის დამახსოვრება რთული პროცესია, ძირითადად სოლოებს წარმოვადგენდი, რომელთაც განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა ჰქონდა. მახსოვს, ბარ Success-ში ვმუშაობდი ბარმენად და უტა ბექაიამ შემომთავაზა, რომ მის წვეულებაზე პატარა დრეგ პერფორმანსი დამედგა. ამის შემდეგ ნელ-ნელა ხან მეგობრულ წრეში და ხან საჯარო სივრცეებში მიწვევდნენ დრეგ შოუებზე, რამაც ჩემი ამ მიმართულებით დაინტერესება განაპირობა.
შენს პერსონაჟებზე რომ მოგვიყვე, როგორ დაახასიათებდი მათ?
ჩემი პირველი პერსონაჟი Victoria Slutyna შემთხვევით შეიქმნა, რომელიც აგრესიული, ნიჭიერი და ემოციური ბუნებისაა. მისი აგრესია, როგორც ძირითად შემთხვევებში ხდება ხოლმე, გარშემო არსებულმა სიტუაციამ განაპირობა. თუმცა ამ აგრესიას თავისი სათქმელი აქვს და იმ სივრცეებში, სადაც ვიქტორია თავს უსაფრთხოდ გრძნობს, შეუძლია თავისუფლად დაიხარჯოს. მახსოვს, გრიმი უტამ გამიკეთა, ხოლო კოსტიუმზე დიზაინერმა თამუნა ქარუმიძემ იზრუნა და ასე ერთობლივად შეიქმნა Victoria Slutyna. რაც შეეხება, Matt Shally-ის, ის პერსონაჟი არ არის. ეს უბრალოდ ჩემი სასცენო სახელია. იქიდან გამომდინარე, რომ უცხოელებს ძალიან ხშირად უჭირდათ ჩემი სახელისა და გვარის წარმოთქმა, გადავწყვიტე, რომ ეს დაბნეულობა თავიდან ამერიდებინა. ზოგადად, პერსონაჟები იმის მიხედვით იქმნება, თუ რა ტიპის შოუზე გამოვდივარ. თუ რეჟისურა უკვე დადგმულია, პერსონაჟიც და მისი ხასიათიც თავიდანვე ვიცი, მე უბრალოდ ვცდილობ კარგად გავიაზრო როლი და ამ ყველაფერს სამსახიობო კუთხით მივუდგე. ხოლო თუ თავად ვდგამ რაიმე პერფორმანსს, ანუ მე უნდა მოვიგონო პერსონაჟი, როგორც ეს ვიქტორიას შემთხვევაში მოხდა, მთელი დრამატურგიის მოფიქრება მიწევს. თუმცა ყველა შემთხვევაში სცენაზე მე, ანუ Matt Shally გამოდის.
როგორ ფიქრობ, არის თუ არა კავშირი დრეგსა და გენდერულ იდენტობას/როლს შორის?
დღეს შესრულების უამრავი ფორმა და ინტერპრეტაცია გაჩნდა. მე ვფიქრობ, რომ დრეგ შოუ არის ის ადგილი, რომელიც დიდ თავისუფლებას იძლევა და კონკრეტულ ნიშნებსა და იდენტობაზე ყურადღებას არ ამახვილებს. თუმცა, რა თქმა უნდა, დრეგის კულტურა ქვიარ საზოგადოების მიერ არის შექმნილი და ერთი მეორეს გარეშე არ მოიაზრება.
რა გამოწვევების და სირთულეების წინაშე იდექი კარიერის დასაწყისში?
სანამ ჩემს ვიდეოებს ფართო აუდიტორია ნახავდა, ერთადერთი გამოწვევა ფინანსური მხარე იყო, რასაც თან ერთვოდა ცოდნის ნაკლებობა. მაშინ ბევრმა არ იცოდა, რას ნიშნავდა დრეგი და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას. ვიტყოდი, რომ დღეს უფრო მეტი რამე გვაქვს გააზრებული, და უფრო ვითარდება დრეგ მიმართულება. თუმცა იმ პერიოდში, როდესაც მე სოციალური ბულინგის წნეხის ქვეშ აღმოვჩნდი, მახსოვს, რომ საზღვარგარეთ წასვლასაც მთავაზობდნენ. მეც მიფიქრია ამაზე, თუმცა იმ პერიოდში წასვლა პირიქით, შეცდომა იქნებოდა, რადგან შემდეგ აზრი დაეკარგებოდა იმას, რასაც ვაკეთებ. საზღვარგარეთ წასვლას ახლაც ვგეგმავ, თუმცა იმ მოტივაციით, რომ მივიღო განათლება, პროფესიულად გავიზარდო და მაღალ დონეზე დავეუფლო სამსახიობო ხელოვნებას. ამასთან, Victoria Slutyna-ს შემდეგ, იყო ისეთი პერიოდებიც, როდესაც შემოთავაზებები მხოლოდ დრეგ მიმართულებით მქონდა, რაც, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის ეს ერთ ადგილას გაჩერებას ჰგავდა. ვეღარ ვხედავდი განვითარების პერსპექტივას, სულ ერთი და იმავეს გაკეთება მიწევდა. ჩემი სურვილი კი დღემდე უფრო პროფესიონალურ გარემოში, რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად მუშაობაა.
Comfort Zone - ასე ჰქვია შენს ვიდეოპროექტს, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა. მოგვიყევი მის შესახებ უფრო ვრცლად…
კინორეჟისორი ჯორდან ბლეიდი რამდენიმე წლის წინ თბილისში მხატვრული ფილმის გადაღების იდეით ჩამოვიდა და თამუნა ქარუმიძის სააგენტოს, Troublemakers-ს დაუკავშირდა. მაშინ ერთ-ერთ როლზე მეც მომიაზრა, თუმცა ჩვენ შორის თანამშრომლობა ვერ შედგა, რადგან უფრო შესაფერისი მსახიობი გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, მე და ჯორდანს ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ერთხელაც მითხრა, რომ ჩემი ისტორიებით ძალიან შთაგონებული იყო და შემომთავაზა, რომ ერთად რაიმე პროექტი გაგვეკეთებინა. საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ ფილმი ჩემზე და ჩემს გამოცდილებაზე ყოფილიყო. ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, რადგან საჯაროდ ისეთი პირადული ისტორიების მოყოლა მომიწევდა, რაც ვიცოდი, რომ მარტივი არ იქნებოდა. თვითონ ჯორდანი ძალიან კარგი ადამიანია, მნიშვნელოვანი იყო ნდობის ფაქტორი, რამაც გადამაწყვეტინა, რომ ალბათ დროა ვისაუბრო ისეთ თემებზე, რაც რეალურია და დღეს საქართველოში ბევრს აწუხებს. სახელი Comfort Zone ფილმს სპონტანურად დაერქვა. ხშირად საუბარში ვიყენებდი ამ ფრაზას ჩემთვის კომფორტული სივრცეებისა თუ მდგომარეობის გამოსახატად. ჯორდანმაც მითხრა, რომ მოსწონდა ეს სახელი, რადგან ის მრავალფეროვანი დატვირთვის მატარებელი იყო. გარდა კონცეფციისა, ვთვლი, რომ ფილმი მისი ვიზუალური და ესთეტიკური მხარითაც გამორჩეულია. კოსტიუმებზე ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერი ლევაუ შველიძე ზრუნავდა, რომელმაც ვიქტორიას სამოსი სპეციალურად ფილმისთვის შექმნა.
რა გამოხმაურება მოჰყვა Comfort Zone-ს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე?
იქიდან გამომდინარე, რომ აგრესიას და გაღიზიანებას, შეიძლება ითქვას, მიჩვეული ვარ, მეგონა, რომ ეს ფილმიც მსგავს რეაქციას გამოიწვევდა საზოგადოებაში. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, პირიქით მოხდა და ვფიქრობ, რომ ყველამ თუ არა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ადეკვატურად აღიქვა ამ ფილმი მთავარი იდეა და სათქმელი. რაც შეეხება საერთაშორისო დონეს, მეც და ჯორდანმაც უეცრად აღმოვაჩინეთ, რომ Comfort Zone ბერლინის Commercial Awards 2020-ზე იყო წარდგენილი, სადაც ნომინაციაში Best Personal Work/Unscripted გავიმარჯვეთ კიდეც. გარდა ამისა, ფილმი ისეთ ფესტივალებსა და დაჯილდოებებზე მოხვდა, როგორებიცაა - London Fashion Film Awards 2020, Aesthetica Film Festival 2020 და Here Kiev Short Fest 2020. ჩემთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ ფილმი დღემდე დამოუკიდებლად აგრძელებს საფესტივალო ცხოვრებას.
რა იყო შენი მიზანი და რის თქმა გსურდა თავად ამ პროექტით?
ჩემთვის მთავარი იყო, გულწრფელად მომეყოლა ჩემი ამბავი და ეს მაყურებლამდე სწორად და ადეკვატურად მისულიყო. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, რადგან ვიაზრებდი იმ ფაქტს, რომ ჩემ უკან უამრავი ადამიანი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახიც და მეგობრებიც გვერდში მედგნენ, მაინც არ მასვენებდა ის აზრი, რომ შეიძლებოდა ჩემ გამო მათ რაიმე პრობლემები შექმნოდათ. თუმცა ეს ყველაფერი გადავლახე იმ მიზნითა და სურვილით, რომ ეს ვიდეო საბოლოო ჯამში ვინმესთვის მაინც გამხდარიყო ერთგვარი მოტივატორი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ადამიანები დაფიქრდნენ და გადაიაზრონ თავიანთი შეხედულებები. თუკი Comfort Zone ვინმესთვის მაინც გახდება შთაგონების წყარო ან ვინმეს მაინც მიეცემა ძალა იმისთვის, რომ ის აკეთოს, რაც თავად გულწრფელად სურს, ალბათ ჩავთვლი, რომ ჩემი მიზანი მიღწეულია. ჩვენთან, სამწუხაროდ, დღემდე დრეგ მიმართულების არსებობის მნიშვნელობას და საერთოდ ქვიარ საზოგადოების საჭიროებებს ვერ ხედავენ, ამიტომ მსგავსი პროექტები ხანდახან გადამწყვეტი შეიძლება გახდეს.
რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა დამწყებ დრეგ შემსრულებლებს?
უპირველეს ყოვლისა, ყველამ უნდა იზრუნოს უსაფრთხოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ Comfort Zone-ის გადაღებებზე რამდენიმე დაცვა დამყვებოდა, მაინც რაღაც დონეზე ვნერვიულობდი, რადგან არ არის მარტივი დღეს შუა რუსთაველზე ბიჭმა კაბითა და მაკიაჟით თავისუფლად ისეირნოს. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განათლებაა. ვთვლი, რომ განათლება საკუთარი თავის როგორც პიროვნულად, ისე პროფესიონალურად განვითარების საუკეთესო გარანტია.
დღეს რა მიმართულებით ვითარდება შენი შემოქმედება?
ამჟამად გადაღებები მაქვს. არაჩვეულებრივი კინორეჟისორი, ფელიქს კალმენსონი ახალ ფილმს იღებს, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლზე დამამტკიცეს. ის ფაქტი, რომ დღეს ჩემი პროფესიით ვმუშაობ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან, სამწუხაროდ, ქართველ მსახიობებს მსგავსი ფუფუნება არ გვაქვს. გარდა შემოქმედებითი განვითარებისა, მომავალში მსურს სრულყოფილითეატრალური განათლება მივიღო, რადგან ეს ის სფეროა, სადაც თავს ყველაზე “კომფორტულად” ვგრძნობ.
დაწერე კომენტარი