პატრიკ დემარშელიეს ფოტოები სინამდვილეს ძირითადად შავ და თეთრ ფერებში ასახავს, მისი მოდელები არ პოზირებენ, ისინი უბრალოდ თავიანთ ინდივიდუალიზმსა და ხასიათს ავლენენ. ფოტოგრაფის შემოქმედება სისადავითა და სიმარტივით გამოირჩევა. განსხვავებული გარემო, კონტექსტი, გამოსახულებები, დაწყებული ბუნებიდან, შიშველი სხეულით დამთავრებული - ფოტოგრაფის მრავალფეროვანი შემოქმედება ყველაფერს მოიცავს. წლების განმავლობაში დემარშელიემ უამრავი ცნობილი ადამიანი გადაიღო ჟურნალებისთვის: Vogue, Glamour, Vanity Fair, W, Harper's Bazaar, Cosmopolitan და Allure.
პატრიკ დემარშელიე 1943 წელს საფრანგეთში დაიბადა. ჩვიდმეტი წლის ასაკიდან ფოტოგრაფიამ გაიტაცა მამინაცვლის დამსახურებით, რომელმაც პირველი ფოტოაპარატი აჩუქა. თავდაპირველად მხოლოდ ქორწილებსა და საკუთარ მეგობრებს იღებდა, სწორედ ასე ისწავლა აპარატთან მუშაობა და ამასობაში საკუთარი სტილიც იპოვა. ოცი წლის ასაკში ახალგაზრდა ფოტოგრაფი პარიზში გადავიდა სამუშაოდ - ფოტოლაბორატორიაში გაზეთებისთვის ფოტოებს ბეჭდავდა. მალევე ჟურნალ Vogue-ში ფოტოგრაფის ასისტენტი გახდა და დაგროვილი გამოცდილებით საკუთარი ფოტოხელოვნების ისტორიის შექმნა დაიწყო. მცირე ხანში მისი სახელი ყველამ გაიგო, მასთან მუშაობით უამრავი წამყვანი ჟურნალი და მოდის სახლი დაინტერესდა.
პატრიკ დემარშელიე პრინცესა დიანას პირადი ფოტოგრაფიც გახლდათ. ის პირველი არაბრიტანელი ფოტოგრაფი იყო, რომელიც სამეფო ოჯახმა დაიქირავა. უელსის პრინცესა მას თავად დაუკავშირდა, როდესაც Vogue-ის გარეკანზე მისი გადაღებული ფოტოები იხილა.
გარდა გამორჩეული ფოტოგრაფიისა, ხელოვანი უნიკალური მეტყველებითაც ხასიათდება. წლების განმავლობაში მისტერ დემარშელიეს ფრანგული და ინგლისური ენის უნიკალური ნაზავი იმდენად ლეგენდარული გახდა, რომ ინდუსტრიაში გაჩნდა კითხვა Do you speak Patrick?. მისი ენა არავის ესმის, თუმცა 40 წლის განმავლობაში იგი მოდელებთან მუშაობას ისე ახერხებდა, რომ ამისთვის ენის ცოდნა სულაც არ სჭირდებოდა.
ფოტოგრაფი მოდის ინდუსტრიას პომპეზურობის, თეატრალური დადგმებისა და დეკორაციის მინიმალური გამოყენებით ასახავს. იგი ცხოვრების პოზიტიურ მხარეს და ადამიანებს იღებს, ”ჩემთვის ყველა თანასწორია. მე ადამიანებს ვიღებ. არა აქვს მნიშვნელობა, ისინი ვარსკვლავები არიან თუ არა”. - ამბობს დემარშელიე, რომელიც თავისი ფოტოებით ნამდვილად გადმოგვცემს ადამიანის შინაგან სამყაროს, მისი შემოქმედების მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, დაინახოს შინაგანი სილამაზე და აღბეჭდოს იგი.
დემარშელიეს წარმატებული კარიერა და უთვალავი ფოტო, რომლებზეც ცნობილი მოდელები ბუნებრივი, ნამდვილი სახით არიან წარმოდგენილები, მართლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს საზოგადოებაზე. ინდივიდუალური სტილი და ტექნიკა, შავი და თეთრი ფერებით შექმნილი მარტივი და ამავდროულად, ძალიან მგრძნობიარე, ესთეტიკური ფოტოები ხელოვანს ნამდვილად ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ფოტოგრაფად აქცევს.
დაწერე კომენტარი