ნიკ ნაითის შემოქმედება ყველანაირ საზღვარს, ბარიერს ლახავს და ინოვაციების სათავეში დგას. მისი თანამედროვე და უკომპრომისო სურათები ექსპერიმენტების შედეგად იქმნება. ხელოვანი არასოდეს იხედება წარსულში და სწორედ ამიტომ მისი ახალი ფოტო წინამორბედისაგან რადიკალურად განსხვავებულია. რასიზმი, სტერეოტიპები, სილამაზის სტანდარტები და უმცირესობათა ჯგუფები - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელზეც ფოტოგრაფი კარიერის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.
1958 წელს ლონდონში დაბადებულმა ნაითმა ფოტოგრაფია ხელოვნების და დიზაინის კოლეჯში შეისწავლა და წარმატებით დაამთავრა. 1990 წელს იგი ჟურნალ i-D-ის ფოტორედაქტორად მუშაობდა, თუმცა მის კარიერაში მანამდეც ბევრი წარმატებული პროექტი იყო. 1993 წელს ბრიტანელმა ფოტოგრაფმა, შეიძლება ითქვას, მოდის ისტორია შექმნა, მაშინ როდესაც ცნობილი მოდელი, ლინდა ევანჯელისტა ჟურნალი Vogue-ის გარეკანისთვის განსხვავებულ სტილში და განათების ფონზე გადაიღო. მისი ნამუშევრები, საერთო ჯამში, ამ ჟურნალის 36 ყდას ამშვენებს. 90-იანი წლების ბოლოს მან მოდის ინდუსტრიის გლამურული სტერეოტიპები თავისი შემოქმედებით ეჭქვეშ დააყენა, იგი ჭარბწონიან ქალებს, მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ზღაპრულად, სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოადგენდა.
ახალმა ციფრულმა ტექნიკამ ფოტოგრაფს რთული, ექსპერიმენტული და ინოვაციური ფოტოების გადაღების საშუალება მისცა. იგი ფოტოგრაფიით მანიპულირებს, სამყაროს ინდივიდუალურ ხედვას ფოტოობიექტივში აქცევს და თავის შესანიშნავ, ჰარმონიულ ნამუშევრებს აუდიტორიას წარუდგენს. „კამერის მიღმა ველოდები მომენტს, როდესაც ფერები და ფორმები ჩამოყალიბდება. ეს მუსიკალური კომპოზიციის შექმნას ჰგავს, ყველაფერი უთანხმოებაშია, სანამ არასწორ ნოტს არ ამოვაგდებთ“.
კრიტიკოსები ნაითის შემოქმედებას ემოციებისაგან დაცლილს უწოდებენ, ამბობენ, რომ ის ესთეტიკური სრულყოფისკენ ისწრაფვის და თავის მოდელებს არა ინდივიდუალურ პიროვნებად, არამედ კომპოზიციურ ელემენტებად განიხილავს. მიუხედავად ამ შეფასებისა, ხელოვანი მაინც მოდელების საყვარელ ფოტოგრაფად რჩება, რომელიც გადასაღებ მოედანზე განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და მიდგომით გამოირჩევა.
ნაითს მოდა ბავშვობიდანვე ხიბლავდა, თუმცა თავის თავს მოდის ფოტოგრაფს არ უწოდებს, მისი მოსაზრებები და ჩანაფიქრები სცდება მოდის ფარგლებს, თუმცა მოდის ინდუსტრიაში მისი წვლილი ნამდვილად დიდია. ლუი ვიტონი, კელვინ კლეინი, ივ სენ ლორენი, ვივიენ ვესტვუდი, მარჯიელა, მაკქუინი, დიორი - ეს იმ წამყვანები ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა სარეკლამო კამპანია ნაითმა სხვადასხვა დროს გადაიღო. მისივე გადაღებულია უამრავი გენიალური მუსიკოსის ალბომის ფოტო და ვიდეორგოლი. ნაითს დევიდ ბოუისთან, ბიორკთან და ჯორჯ მაიკლთანაც უმუშავია.
უკვე 30 წელზე მეტია ნაითი განსხვავებულად გამოსახავს ფორმას, აფართოებს ფოტოგრაფიის ტექნიკურ და შემოქმედებით საზღვრებს. ამ მრავალმხრივ ნიჭიერმა ხელოვანმა მსოფლიოს, განსაკუთრებით კი მოდის სამყაროს, უამრავი განსაცვიფრებელი ფოტო შესთავაზა. მისი ნამუშევრები არაჩვეულებრივი, უაღრესად ესთეტიკური და უცნაურია. ფოტოგრაფის შემოქმედება მიზნად ისახავს არსებულ და გაბატონებულ სტერეოტიპებზე მაყურებლის დაფიქრებას.
2000 წელს ნიკ ნაითმა ვებსაიტი SHOWstudio.com შექმნა, როგორც ლაბორატორია, რომელიც ინტერაქტიულ ტექნოლოგიებზე ექსპერიმენტების ჩატარებას ისახავს მიზნად. ვებსაიტი მულტიმედიური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან მოდის სახლებთან თანამშრომლობს და აუდიტორიას მოდის სამყაროს დახურული ფარდის მიღმა ახედებს. ფოტოგრაფის შემოქმედება უამრავ წარმატებულ პროექტსა და ფოტოსერიას ითვლის, მასთან მუშაობა ყველასთვის საინტერესოა, რადგან ნიკ ნაითის შემოქმედება მუდმივი სიახლეების ძიებით ხასიათდება.
დაწერე კომენტარი