ხავერდოვანი ხმის ტემბრი, შესრულების თავისებური მანერა, ვიდეოკლიპების ექსტრაორდინარული ვიზუალური მხარე და კომპოზიციებისათვის დაწერილი გულწრფელი ტექსტები პიჯეი ჰარვის შემოქმედების თანამდევი ელემენტებია. 


ინგლისელი მუსიკოსი, რომელიც ვოკალისტთან ერთად თავისი სიმღერების ტექსტების ავტორიცაა და ამასთან რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტსაც უბადლოდ ფლობს, თანამედროვე როკ-სამყაროს ერთ-ერთი ბრწყინვალე ფიგურაა. 


ხელოვანებისათვის თავიანთი ნამუშევრების შექმნის ინსპირაცია ყოველთვის გრძნობების გამოხატვის სიმძაფრესთანაა დაკავშირებული, ხოლო რა სახის გრძნობა იქნება ეს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. თუმცა, თუ ვიტყვით, რომ ხელოვანებისათვის შექმნის სურვილი ძირითადად იმ დაგროვებული მწუხარების ბრალია, რომლებიც ადამიანებს მოსვენებას არ აძლევს და ამასთან ეგზისტენციალურ მარტოობაშიც ამყოფებს, ვერავინ შემოგვედავება. მაშინ როცა პიჯეი ჰარვის შემოქმედებას ვეცნობით, გამაოგნებელი მუსიკის გარდა, ისეთი მელანქოლიით სავსე ტექსტების მოსმენაც გვიწევს, რომ ძალაუნებურად ფიქრს ვიწყებთ - ამ ყველაფერს ჰარვი განიცდის და გამოხატავს, თუ თავის მუსიკაში სხვათა წარუმატებელ სასიყვარულო ურთიერთობებს ააშკარავებს. ამის გარკვევა აუცილებელი სულაც არაა, რადგან ნებისმიერი ნაწარმოების გაცნობისას მთავარი ყოველთვის მხოლოდ ისაა, ბოლომდე შევიგრძნოთ ის, რამაც არტისტს შექმნის პროცესისაკენ უბიძგა.

Oh My Lover

კომპოზიცია, სახელწოდებით  "Oh My Lover"  ჰარვის სადებიუტო ალბომის - "Dry-ის" ერთ-ერთი სიმღერაა. ალბომმა კრიტიკოსებისაგან დადებითი შეფასება დაიმსახურა და როგორც ბილ ვაიმენმა Entertainment Weekly-ში ახსენა, იგი ქალური ფსიქიკის ბნელ და ველურ მხარეს აცოცხლებს, რომელიც ნამუშევარს ძალზედ მომხიბვლელს ხდის.

მსმენელს მხოლოდ სათაურიდანაც შეუძლია გამოიცნოს, თუ რა იქნება მთელი სიმღერის მიახლოებითი შინაარსი მაინც. როცა ჰარვიმ პირველი ალბომი ოფიციალურად გამოუშვა, მაშინ 23 წლის იყო და კონკრეტულად ამ სიმღერაში მან ის პრობლემები გააცოცხლა, რომლებიც გაუზიარებელ სიყვარულს ახლავს თავს. ტექსტის ერთ-ერთ ნაწილში მთხრობელი ურთიერთობის შენარჩუნებას იმდენად ცდილობს, რომ ყოფილ პარტნიორს იმისკენაც კი მოუწოდებს, რომ შეუძლია ორი ადამიანი ერთდროულად უყვარდეს და ამ გზით მის გულში ადგილი ისევ დაიკავოს. 

 

The Dancer

სიმღერა “The Dancer” ჰარვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი ალბომის - “To Bring You My Love-ის” ნაკლებად ცნობილი კომპოზიციაა. ალბომის სახელწოდებიდანაც ნათელია, რომ ჰარვის ტექსტების შექმნის ინსპირაცია ისევ სევდანარევი სიყვარულია და მის მთხრობელს საყვარელი ადამიანის დაბრუნების კიდევ უფრო გამძაფრებული სურვილი ამოძრავებს.

მთლიანი ალბომი და განსაკუთრებით,  “The Dancer”, პიჯეი ჰარვის მხოლოდ ბრწყინვალე მუსიკოსად კი არ წარმოაჩენს, არამედ მსმენელს მის პოეტურ შესაძლებლობებსაც აცნობს, რაც ჰარვის თვითგამოხატვის მრავალფეროვან უნარებზე მეტყველებს. სიმღერაში ავტორი საყვარელ ადამიანს ცეცხლის ფერფლიდან ამდგარ ფენიქსს ადარებს, რომელთან ერთად ფრენა მას ღმერთთან ყოფნის ტოლფასად ევლინება. აქ აფორიაქებული ავტორი პირდაპირ ითხოვს, რომ რაიმე სახის ძალამ მის დაცარიელებულ გულს სიმშვიდე მოჰგვაროს, რისთვისაც სვამს კითხვებს  და ამასთან ცდილობს გამოიცნოს, თუ რა “განსაცდელი” მოუმზადა ღმერთმა ამჯერად.

C'mon Billy

კომპოზიცია “C’mon Billy” სიურრეალისტურად მონათლული ვიდეოკლიპით გამოირჩევა, სადაც ჰარვის მსახიობის ოსტატობაც იკვეთება. მომღერალი კლიპის მსვლელობის პირველ წამებში სხვა ეპოქის ადამიანს განასახიერებს, რომელიც ღია იისფერი კაბითა და ამავე ფერის მაკიაჟით იქ მყოფი კაცის ცდუნებას ცდილობს. ავტორი სიმღერაში თავისი შვილის მამას, ბილის, უხმობს, რომელიც გადაკარგულია, მას კი ბილი ისევ მთელი გულით უყვარს და ენატრება. კლიპში ვხედავთ, რომ ჰარვის პერსონაჟი ძველი ვიდეოჩანაწერის ყურებისას დრამატული სიმძაფრით იხსენებს ბილისა და თავისი ვაჟის ერთად ყოფნის პერიოდს, რასაც პიჯეის პერსონაჟი ცხარე და გაუთავებელი ცრემლების ღვრით პასუხობს. მიუხედავად ამისა, იგი სიმღერის ბოლომდე მაინც ბევრჯერ იმეორებს სიტყვებს: “Come along Billy, come to me”. ამიტომაც გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ეს სიმღერაც იმ ალბომში მოხვდა, რომლის სახელწოდებაც To Bring You My Love გახლავთ.

Send His Love To me

ამ სიმღერის კლიპი შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი და ალბათ, გასაკვირი არაა - რატომაც. სიმღერაში, რომლის ტექსტი პიჯეის ეკუთვნის, იგი გულწრფელობის პიკს აღწევს, ფემინურ სევდას ბოლომდე აშიშვლებს და ყველა იმ ადამიანის წუხილზე საუბრობს, რომლებმაც ეს-ესაა განშორების სევდა გამოსცადეს. აქ პიჯეის პერსონაჟი სხვა ქალებს ემიჯნება და არ საუბრობს იმაზე, რომ ბედნიერებისათვის საკუთარი თავიც საკმარისია. იგი  იმდენად გულწრფელია, რომ საყვარელ ადამიანთან გატარებულ წარსულს მელანქოლიურად შენატრის და დახმარებისათვის  მხოლოდ ღმერთს კი არა, ბავშვობის გმირებს, დედასა და მამასაც კი მოუწოდებს.

Catherine

სიმღერის ტექსტში ავტორი კერპად ქცეულ ადამიანზე, სახელად ქეთრინზე საუბრობს, რომლის პერსონითაც იმდენად მოხიბლული და შთაგონებულია, რომ მასთან დაკავშირებულ ყოველ ნიუანსს მანიაკალურად განიხილავს. მისი სიტყვები აღსარების მსგავსია, რომელიც შეუფარავად აღიარებს, რომ მას შურს ყველაფრის, რასაც ქეთრინთან შეხება უწევს. შურს მისი შეყვარებულის, იმ ბალიშის, რომელზეც თავს დებს, იმ გზის, რომელზეც დადის და შურს იმ ქარისაც კი, რომელიც ქეთრინის თმაში ურცხვად ნავარდს ბედავს. “Catherine” ჰარვის მეოთხე სტუდიური ალბომის (“Is This Desire?”) ერთ-ერთი კომპოზიციაა.

This Is Love

სიმღერაში “This Is Love” ჰარვის ტექსტში ბევრად მეტი სითამამე და თავდაჯერებულობა იგრძნობა. ამას სოფი მიულერის მიერ შექმნილი ვიდეოც ერთვის, სადაც პიჯეი წითელი ტუჩსაცხითა და არაორდინარული ვიზუალით სიყვარულზე დიდი ტემპერამენტით მღერის. სწორედ ამიტომაც იგი 2000 წელს გამოსული ალბომის - “Stories from the City, Stories from the Sea”-ის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციად იქცა. აქ პიჯეი დეპრესიულ ქალად აღარ გვევლინება. მეტიც, იგი აღტაცებულია იმ ფაქტით, რომ მისი გრძნობა, სხვა არაფერია, თუ არა სიყვარული. სიმღერაში “This Is Love” ავტორი წარსულზე მეტად აწმყოს რეალობაზეა კონცენტრირებული, რაც წინა ტექსტებთან შედარებით შესამჩნევად კონტრასტულია. აქ უკვე ნათელია, რომ მისი სურვილი ძველი სიყვარულის დაბრუნებას აღარ უკავშირდება და ერთ-ერთი უმთავრესი, რაც მას ამოძრავებს თავისი საყვარელი ადამიანის ყურებაა,   მაშინ როცა იგი ნელ-ნელა შიშვლდება. 



როცა სიყვარულსა და პიჯეი ჰარვიზე ერთდროულად ვსაუბრობთ, ავსტრალიელი მუსიკოსის,  ნიკ ქეივის უგულებელყოფა შეუძლებელია. მათი კოლაბორაცია Nick Cave and The Bad Seed-ის ალბომ “Murder Ballad-ში” შესულ ისეთ კომპოზიციებს მოიცავს, როგორებიცაა “Death Is Not The End” და “Henry Lee.” ამ ორი ადამიანის არსებობის შესახებ სულ რომ არაფერი ვიცოდეთ, მხოლოდ “Henry Lee-ს” ვიდეოკლიპის ყურებისასაც ნათელი იქნებოდა, რომ პიჯეი ჰარვისა და ნიკ ქეივის ურთიერთობა მათ პროფესიულ ინტერესებს სცდებოდა. თუ პიჯეი ჰარვი თავის სიმღერებს სიყვარულის შესახებ კონკრეტული ინსპირაციების საფუძველზე ქმნიდა, იგი თავადაც გამხდარა სხვისი მუსიკის შექმნის შთაგონების წყარო. ამას Nick Cave and The Bad Seed-ის ალბომ “The Boatman's Call-ის” კომპოზიციები - “”Into My Arms”, West Country Girl” და“Black Hair” ამტკიცებს.