2020 წლის 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია “ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია” წარმოადგენს ანტი-სტიგმა ილუსტრირებულ წიგნ-დღიურს მოზარდებისთვის, სათაურით “ფანჯარა საკუთარ თავთან”. COVID-19-ის პანდემიისა და შეზღუდვების პირობებში ორგანიზაცია წიგნის პრეზენტაციას ონლაინ სივრცეში გვთავაზობს. პროექტი განხორციელდა ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი”, ევროკავშირისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
ანტი-სტიგმა ილუსტრირებული წიგნი-დღიური ემსახურება ფსიქოგანათლებას, ბრაზთან, სევდასთან, შიშთან, დანაკარგთან გამკლავების ეფექტური სტრატეგიების შემუშავების ხელშეწყობას. მტკიცებულებაზე დაყრდნობით, სწორედ მოზარდობის პერიოდია ის პერიოდი, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა შესაძლოა თავი იჩინოს. ამ ტექნიკების ცოდნა, მათი პრაქტიკაში დანერგვა კი პრევენციული საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გაღრმავების რისკს.
წიგნი-დღიური ერთი შეხედვით წიგნს ჰგავს, რომელსაც არ ჰყავს ავტორი, თუმცა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მასზე მუშაობას დაიწყებს, თავად იქცევა მწერლად და შექმნის თავის ისტორიას, თავის წიგნს. წიგნ-დღიურს ჰყავს მთავარი პერსონაჟი, მეგზური, რომელიც მთელ ამ თავგადასავალში თან დაჰყვება პოტენციურ მწერალს და მისი მიზანია მოზარდებს მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მართვის სტრატეგიებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ტექნიკებზე, როგორიცაა: ემოციური რეგულაციის სავარჯიშოები, სუნთქვის ტექნიკები, საკუთარ თავზე ზრუნვის სტრატეგიები, პრობლემაში რესურსის დანახვის სავარჯიშოები. წიგნში, ასევე, თავმოყრილია მოზარდების მიერ შექმნილი მხატვრული ჩანახატები, რომლებიც ჰყვებიან ისტორიებს თუ როგორ უმკლავდებიან თავად ემოციურ სირთულეებს, რაც საშუალებას მისცემს სხვა მოზარდებს დაინახონ და იგრძნონ, რომ ისინი არ არიან მარტო და სხვებიც განიცდიან იმავეს. ჩანახატები შექმნილია მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურული სახელოსნოს მოსწავლეების მიერ.
ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა გადმოიწეროს წიგნი-დღიური, ონლაინ რეჟიმში გაეცნოს მას, იმუშაოს და დაწეროს თავისი ისტორია, რომელიც მასთან დარჩება. ეს იქნება ინტერაქციული პროცესი მწერალსა და წიგნს შორის. წიგნი-დღიურის გადმოსაწერად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.
****
ორგანიზაციამ “ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია” 2019 წლის 10 ოქტომბერს იმავე პროექტის ფარგლებში წარმოადგინა “მობილური ოთახი”, რომლის მთავარი სამიზნე აუდიტორია იყო ახალგაზრდები და მიზნად ისახავდა გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, როგორიცაა: შფოთვითი აშლილობა, დეპრესია და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა. ოთახში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ვიზუალური მასალა, რომელიც მეცნიერულ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნას კიდევ უფრო საინტერესო ფორმატში აწვდიდა მნახველს. “მობილურ ოთახს” არ ჰქონდა კარი. მნახველს შიგნით შესვლა მხოლოდ ალტერნატიული გზის მოძებნის შედეგად შეეძლო. პავილიონი ყოველთვიურად იცვლიდა თავის ადგილმდებარეობას, ძირითადად ისეთ სივრცეებში გადაადგილდებოდა, სადაც ახალგაზრდები იყრიან თავს. მათ შორის ერთ-ერთი ლოკაცია იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
****
„ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ 2019 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები თამთა ჭელიძე და ელენე ქორიძე არიან, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი - ეკა დვალიშვილი. სტუდენტების ინიციატივაა საზოგადოებაში ცნობიერებისა და სენსიტიურობის გაზრდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებულ საკითხებზე და სტიგმის დაძლევა.
დაწერე კომენტარი