როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება, ყოველწლიურად მსოფლიოში მკერდის სიმსივნის 1.3 მილიონი ახალი შემთხვევა იჩენს თავს, მათგან 600 000-ზე მეტი კი დაგვიანებული დიაგნოსტირების გამო, სამწუხაროდ, გარდაცვალებით სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სენით შესაძლოა მამაკაცებიც დაავადდნენ, სტატისტიკურად ძუძუს კიბო უმეტესად ქალებს ემართებათ, თანაც ეს შესაძლოა ნებისმიერ ასაკში, 13-დან 90-წლამდე მოხდეს. სწორედ ამიტომაც ათ წელზე მეტია, რაც ყოველი წლის ოქტომბერი მკერდის სიმსივნისადმი ცნობიერების ამაღლებას ეთმობა. "ვარდისფერი ოქტომბერი" - ხშირად ასეც მოიხსენიებენ იმ პერიოდს, როცა უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ კამპანიას ახორციელებს იმისათვის, რომ საზოგადოებამ ამ დაავადების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღოს და დროულად მიმართოს სიმსივნის პრევენციის ზომებს.
რამდენიმე წელია ვარდისფერი ოქტომბერი საქართველოშიც აღინიშნება, იქ, სადაც, ბოლო მონაცემებით, მკერდის სიმსივნის დიაგნოზს ყოველწლურად 1500 ქალს უსვამენ, ყოველი მერვე კი ამ დაავადების წარმოშობის რისკის ქვეშ იმყოფება. სწორედ ამ საგანგაშო მონაცემების გამო, Hammock Magazine კომპანია The Body Shop-თან ერთად უერთდება ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიას და იწყებს ვარდისფერ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც ამ თემის ირგვლივ ყოველდღიურად საინტერესო სტატიებს შემოგთავაზებთ. The Body Shop-თან ერთად გაგაცნობთ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ეს დაავადება უკვე დაამარცხეს და მზად არიან, გამოცდილება გაუზიარონ და მხარი დაუჭირონ მათ, ვინც ამ გზას ახლა გადის.
მანამდე კი გთავაზობთ რამდენიმე საჭირო ინფორმაციას იმ დაავადების შესახებ, რომლის ადრეული დიაგნოსტირება მის მკურნალობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
მკერდის სიმსივნე და მისი გამომწვევი მიზეზები
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მკერდის სიმსივნე მაშინ იწყება, როდესაც უჯრედები მასში არანორმალური რაოდენობით იწყებენ ზრდას, ეს კი მკერდის სამ სხვადასხვა ნაწილში შეიძლება მოხდეს. როგორც ექიმები ამბობენ, სიმსივნის ჩამოყალიბება უფრო ხშირად სარძევე ჯირკვლის სადინარებში ხდება, რის შემდეგაც ის შესაძლოა ჯერ მთლიან მკერდზე, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზეც გავრცელდეს. მკვლევრები ამბობენ, რომ მკერდის სიმსივნის გამომწვევ მიზეზებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი ადამიანის ჰორმონალურ ფონს, გენეტიკურ განწყობას და საცხოვრებელ გარემოსაც კი უჭირავს.
რისკ-ფაქტორები
ბუნებრივია, ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორი არ ნიშნავს, რომ ადამიანს ეს დაავადება აუცილებლად დაემართება, თუმცა მათ შესახებ ცოდნამ შესაძლოა მისი თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
როგორც უკვე აღვნიშნე, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათ შემთხვევებში მკერდის სიმსივნე კაცებსაც ემართებათ, ის მაინც ქალურ დაავადებებს მიეკუთვნება. ამიტომ, პირველი და მთავარი რისკ-ფაქტორიც სწორედ სქესია. .
ასაკი - მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები განსაზღვრულ ასაკობრივ ჩარჩოს ვერ ასახელებენ, მკერდის სიმსივნის განვითარების რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.
გენეტიკური ისტორია - თუკი თქვენი ბებია, დედა ან და მკერდის სიმსივნითაა დაავადებული და მათი დიაგნოსტირება ადრეულ ასაკში მოხდა, მაშინ შესაძლოა იმავე დაავადების განვითარების რისკი თქვენს ორგანიზმშიც არსებობდეს, თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ ამ ფაქტორით არ განისაზღვრება და ძუძუს კიბო იმ ადამიანებსაც ემართებათ, ვისაც მსგავსი გენეტიკური “განწყობა” არ აქვთ.
ორსულობა და მშობიარობა 30 წლის ასაკის შემდეგ ან უშვილობა - კვლევებმა ცხადყო, რომ ქალები, რომელთაც პირველი შვილი 30 წლის ასაკს გადაცილებულებმა გააჩინეს, ამ დაავადების რისკ-ჯგუფში იმყოფებიან, მსგავსად იმ ქალებისა, რომლებიც არასდროს ყოფილან ორსულად.
კიდევ ერთი რისკ-ფაქტორი სიმსუქნე და ალკოჰოლური სასმელებია, ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადების შემთხვევაში, ეს ორი ფაქტორი მკერდის სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემწყობი შეიძლება იყოს.
სიმპტომები
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იუწყება, კიბოს მრავალ სახეობას წინასწარი „გამაფრთხილებელი“ სიმპტომები ან ნიშნები აქვს, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევს. ეს ის შემთხვევებია, როცა ძუძუს კიბოზე ეჭვი უნდა მიიტანოთ:
დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება
სისხლიანი ან უსისხლო გამონადენი
ძუძუს ან ძუძუსთავის გამკვრივება ან შეშუპება
ძუძუს ფორმის შეცვლა
ხელების ზემოთ აწევისას ორმოების გაჩენა
კანის დანაოჭება
სტრუქტურის შეცვლა, რომელიც შეხებით შეიგრძნობა
მუდმივი უსიამოვნო შეგრძნება ერთ-ერთ ძუძუში
ლიმფური კვანძების გადიდება
ბეჭის ან იღლიის მიდამოს შესიება
ძუძუს კიბოს დიაგნოსტირება და პროფილაქტიკის გზები
უკვე მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირება ამ დაავადების დამარცხების პროცესში გადამწყვეტი ფაქტორია. მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ კვლევას და ორგანიზმში პათოლოგიური პროცესების აღმოჩენას უზრუნველყოფს, ეს კი სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის 100-დან 98 შემთხვევაში განკურნებას გულისხმობს. მკურნალობის გზები კი სიმსივნის სტადიაზე, მის გავრცელებასა და პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული და ის შესაძლოა როგორც ქირურგიული, ისე სხივური ან ქიმიოთერაპიის მეთოდებით წარიმართოს.
მასტექტომია და მკერდის რესკონსტრუქცია
მიუხედავად იმისა, რომ მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება ინვაზიური ჩარევის საჭიროებას მინიმუმამდე ამცირებს, ხდება ისეც, რომ სიმსივნესთან ბრძოლის ერთადერთ გზად მკერდის მთლიანად ამოკვეთა რჩება. სწორედ ამ ოპერაციას ეწოდება მასტექტომია და მას პრევენციის გამო ხშირად ის ქალებიც მიმართავენ, ვისაც ამ დაავადების მიმართ გენეტიკური “განწყობა” აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია არც ფიზიკურადაა ადვილი გადასალახავი, ქალებში ის მაინც ხშირად ფსიქო-ემოციურ სტრესსა და დეპრესიასაც კი იწვევს. სხეულის ნაწილის დაკარგვამ, რომელიც ქალისთვის ფემინურობასა და სექსუალობასთან ასოცირდება, შესაძლოა მის თავდაჯერებულობაზე, საკუთარი თავის რწმენაზე ან საკუთარი სხეულის სიყვარულზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ამიტომაც, მასტექტომიის შემდეგ ადამიანები ხშირად მიმართავენ მკერდის რეკონსტრუქციის ოპერაციას, რომელიც მკერდს თითქმის პირვანდელ სახეს უბრუნებს. თუმცა არსებობენ ისეთი ქალებიც, რომლებიც მკერდის რეკონსტრუქციის გარეშეც საკუთარ თავში აუცილებლად პოულობენ ძალას, რომ არასასურველი ნაიარევითაც მომხიბვლელად და ძლიერად გამოიყურებოდნენ.
დაწერე კომენტარი