ისტორიული წუთების, პირადი სივრცის ინტიმურობის, სხეულის მოძრაობისა და ხანმოკლე ყოველდღიურობის ამსახველი ეპოქალური ფოტონამუშევრებით, ფოტოგრაფმა ანრი კარტიე-ბრესონმა თაობებს უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა შემოუნახა და წლების შემდეგ მათი ვიზუალიზაციის საშუალება მისცა.
პროფესიული განვითარების გზაზე, ადრე თუ გვიან, ყველა ფოტოგრაფი აწყდება ფრაზას - “გადამწყვეტი მომენტი”, რომლის პოპულარიზაცია სწორედ კარტიე-ბრესონის შემოქმედების დამსახურებაა.
“გადამწყვეტი მომენტის” კონცეფცია გულისხმობს ხანმოკლე, სპონტანური მოვლენის ფირზე აღბეჭდვას იმგვარად, რომ ფოტონამუშევარი ზუსტად გადმოსცემდეს ამ მოვლენის არსს.
ფოტოგრაფს უნდა გააჩნდეს ინსტინქტი და ობიექტსა ან მოვლენაზე დაკვირვებას, გააზრებასა და გადაღებას შორის არსებული დროის გათვლა და განაწილება შეეძლოს.
კარტიე-ბრესონი ამბობდა:
“თვალმა უნდა დაინახოს კომპოზიცია ან ექსპრესია, რომელსაც ცხოვრება გთავაზობს, ინტუიციამ კი გიკარნახოს, რა დროს დააჭირო თითი ფოტოაპარატის ღილაკს გადასაღებად”.
გადაღების იდეალურ მომენტად კარტიე-ბრესონი მიიჩნევდა წამს, როდესაც ყველა მოძრავი ობიექტი იმგვარად განლაგდებოდა, რომ მათ მიერ შექმნილ სურათს სამყაროს შესახებ რაიმე გულწრფელისა და რეალურის გამოხატვა შეეძლო.
ფოტოგრაფიაში კარტიე-ბრესონი სრულიად შემთხვევით მოხვდა. 30-იან წლებში, როდესაც ის ფერწერას ეუფლებოდა, აღმოაჩინა მარტინ მუნკაჩის სამი ახალგაზრდა სილუეტის ფოტო, რომლებიც ტალღებისკენ მიეშურებოდნენ (Three Boys at Lake Tanganyika (1929). სწორედ ეს ფოტო დაეხმარა იმის გააზრებაში, რომ ფოტოგრაფიას მომენტის უკვდავყოფის ძალა შესწევდა.
მარტინ მუნკაჩი - Three Boys at Lake Tanganyika
შემდეგ წლებში კარტიე-ბრესონი ომის ფოტოდოკუმენტალისტად მუშაობდა ისეთი წარმატებული ჟურნალისთვის, როგორიცაა Life. 1940 წელს იგი შეუერთდა ფრანგული არმიის კინოდოკუმენტალისტთა და ფოტოგრაფთა დანაყოფს. ამავე წელს გერმანელმა სამხედროებმა ფოტოგრაფი ტყვედ ჩაიგდეს. კარტიე-ბრესონმა 35 თვე ტყვეობაში გაატარა. გაქცევის ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მესამე ჯერზე საბოლოოდ დააღწია თავი ტყვეობას და მშობლიურ საფრანგეთს დაუბრუნდა.
1943 წელს კარტიე-ბრესონი გაწევრიანდა საიდუმლო ორგანიზაციაში, რათა თავად აღმოეჩინა დახმარება ყოფილი ტყვეებისათვის.
ორი წლის შემდეგ ფოტოგრაფმა უკვე გათავისუფლებული პარიზი გადაიღო და ომგამოვლილ ტყვეებზე შექმნა დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით “Le Retour” (“დაბრუნება”).
1947 წელს კარტიე-ბრესონმა, რობერტ კაპასთან, დევიდ სეიმურთან და ჯორჯ როჯერთან ერთად ფოტოგრაფიის სააგენტო Magnum Photos დააარსა.
ფოტოგრაფები სამუშაოდ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაემგზავრნენ - საბჭოთა რუსეთში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში. კარტიე-ბრესონი აღმოსავლეთისაკენ გაემგზავრა იმ მიზნით, რომ ბრიტანეთის კოლონიური მმართველობისგან ახლად გათავისუფლებული ინდოეთი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები აესახა ფირზე.
ინდოეთში კარტიე-ბრესონმა მაჰათმა განდის მკვლელობამდე სულ ცოტა ხნით ადრე მისი უკანასკნელი ფოტოპორტრეტები შექმნა. Life-ის გამომცემლებმა ფოტოგრაფს მიმართეს თხოვნით, დარჩენილიყო დელიში და ფირზე განდის დაკრძალვაც აღებეჭდა. კარტიე-ბრესონმა მაჰათმა განდისთან ინდოელი ხალხის გამომშვიდობებისა და კრემაციის შემდეგ მისი ფერფლის მდინარე განგისათვის მიბარების ცერემონიის ემოციური კადრები გადაიღო.
მოხეტიალე ცხოვრების განმავლობაში ფოტოგრაფი მსოფლიოს არამყარი მდგომარეობის, მისი მუდმივი მოძრაობის, გლობალური ომებისა და ძალების ახლებური გადანაწილების მომსწრედ იქცა.
კარტიე-ბრესონი ამბობდა:
“ფოტოგრაფები ეხებიან ისეთ მოვლენებს, რომლებიც გამუდმებით ქრებიან და მსოფლიოში არ არსებობს გამოგონება, რომელიც მათ გაუჩინარების შემდეგ უკან დააბრუნებს”.
დოკუმენტური ფოტოგადაღების მიღმა ფოტოხელოვანმა თავისი თანამედროვე გამოჩენილი არტისტების უამრავი დასამახსოვრებელი პორტრეტი შექმნა.
მიუხედავად ყველაფრისა, იგი უბრალო ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შემთხვევით ხვდებოდნენ მის ობიექტივში, ისეთივე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, როგორც იმდროინდელ მსოფლიო ლიდერებს. მისი გადაღების ყველა ობიექტი წამიერი იყო, ყველას გააჩნდა საკუთარი “გადამწყვეტი მომენტი”.
კარიერის მიწურულს კარტიე-ბრესონმა Magnum Photos-თან თანამშრომლობა დაასრულა და ფერწერას დაუბრუნდა. თავისი ორმაგი გატაცება მან ერთხელ ასე აღწერა - “ფოტოგრაფია დაუყოვნებელი რეაქციაა, ხატვა კი მედიტაცია”.
ანრი კარტიე-ბრესონი ფოტოგრაფიის სფეროში დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. სპონტანურობამ, რომელსაც იგი საკუთარ ფოტონამუშევრებს სძენდა, ფოტოჟურნალისტიკა ხელოვნების განუყოფელ ნაწილად აქცია. კარტიე-ბრესონი მომენტის დატყვევების უნარს ფლობდა. მისი ფოტონამუშევრები უნიკალურ მოვლენებსა და პერსონაჟებს ასახავენ, აცოცხლებენ მათ და ეპოქის სულს გადმოსცემენ.
დაწერე კომენტარი